ჯეპრას კონსულტანტი და ნიკო ნიკოლაძის პრემიის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?
2020-მა წელმა ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის, გაგიკვირდებათ და, ძირითადად უკეთესობისკენ. პირველ რიგში, მასწავლა ის, რომ ნებისმიერი სირთულე, დაბრკოლება- ეს არის შანსი ისწავლო, გადააფასო, განვითარდე და რაც უფრო რთული და მძიმეა ეს დაბრკოლება, მით უფრო მეტის სწავლა შეიძლება მისგან.
სწორედ ამიტომ, მირჩევნია გავამახვილო ყურადღება იმაზე, რა მომცა კორონამ კარგი, თორემ ჩაშლილი გეგმები, ვერგანხორციელებული იდეები, ნეგატიური სტატისტიკა, უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები, დისტანცირება ახლობლებისგან და მეგობრებისგან, გამოკეტილი ყოფნა – ეს ალბათ ყველა ჩვენგანს მძიმედ შეეხო.
მეორე, რაც ვისწავლე ისაა, რომ შენს გაწერილ გეგმებზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული შენი წარმატება ან შენი პიროვნება, გეგმებმა კი არ უნდა გმართოს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ის ღირებულებათა ღერძია, რომლის მიხედვითაც სახავ შემდეგ მიზნებს. გეგმების დასახვისას, ყოველთვის უნდა იფიქრო და დაუშვა, რომ შეიძლება უცებ, არსაიდან გამოჩნდეს ვინმე გვირგვინოსანი და ამ შენს გეგმებს შეიძლება ერთი ჩახველებით ხაზი გადაუსვას)) ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს ის მთავარი, რაც უცვლელია, რომელზე დაშენებაც ყოველთვის შეიძლება.
ვისწავლე დროის მართვა, ახლა, როცა მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს დროზე, მე ვწყვეტ ცოტა უფრო მეტხანს მეძინოს და მერე გვიანობამდე ვიმუშაო თუ არა, საქმეებისგან შესვენება რომ მომინდება, ფეისბუქი ვსქროლო თუ იოგას ასანები ვაკეთო, უფრო მეტად დავაფასე დრო და თითოეული წუთი მინდა, რომ ხარისხიანად გამოვიყენო.
ვისწავლე, რომ ყოველ სიტუაციაში უნდა ვიფიქრო იმაზე, ახლა, ამ მომენტიდან რა შეიძლება მივიღო კარგი, რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს, როგორ შეიძლება ის ვაქციო ჩემთვის სარგებლის მომტანად.
ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ვირჩევთ, სასოწარკვეთას მივეცეთ თუ თუნდაც სულ პატარა, თუნდაც არამყარი ნაბიჯი გადავდგათ, მთავარია არ გავჩერდეთ.
ოღონდ ამ გზაზე არ დაგვავიწყდეს გვერდით გახედვა, იქნებ სხვისთვის ჩვენი მზერაც კი საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ნაბიჯის ძალა დაუბრუნდეს, აღარაფერს ვამბობ გაწვდილ ხელზე, რომელიც შენც და სხვასაც ენერგიით გავსებთ..
მადლობა ჯეპრას, რომ აქაც სწორედ ეს შემართებაა და 2020-მა წელმა ეს კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა! <3
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ჩემთვის ჯეპრა არის კეთილი, მხიარული, ჭკვიანი ელფების და ფერიების საამქრო, რომლებიც საკუთარ იდეებს, უნარებსა და ურთიერთობებს იყენებენ სხვა ადამიანების დასახმარებლად, მათი იდეების განსახორციელებლად, მათი საქმიანობის სხვებისთვის საჩვენებლად, მათი „შემოქმედების“ ადამიანებამდე მისატანად.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე
მუშაობის პროცესში ჩემს სამუშაო მაგიდაზე არ შეიხედება 😀 ლეპტოპის გარდა აქ აუცილებლად იპოვნი ორნაირ ყურსასმენს, (მიკროფონიანს და უმიკროფონოს) წყლის ბოთლს, ჩაის ან ყავის ჭიქას, სასუსნავს, ბლოკნოტს, რომელიმე წიგნს ნიკო ნიკოლაძეზე (ამ წუთას აკაკი ბაქრაძეს ვხედავ)) აქსესუარებს, რომლებსაც აუცილებლად ვიხსნი ხოლმე მუშაობის პროცესში, და ფოთოლს ან გირჩს, არა პოლიტიკური შეხედულების, არამედ ტყის და ბუნების სიყვარულის გამო. – თუმცა დღის ბოლოს მაგიდას ყოველთვის მოწესრიგებულად ვტოვებ.
მუშაობის დროსაც ასეთი ვარ, ჯერ სრული ქაოსი უნდა მოხდეს ჩემში, ყველა ინფორმაცია, ყველა იდეა უნდა ამოვიდეს ზედაპირზე, ვიქექო ცოტა ხანს, ავირიო, რაღაც ეტაპზე ვიფიქრო, რომ გამიჭირდება დალაგება და მერე მოდის ინსაითები, გადაწყვეტილებები და სიმშვიდე. That’s my nature. 🙂
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარსკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა
პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა ჩემზე მომავლის ბუნდოვანებამ მოახდინა. როცა გეგმები ერთი ხელის მოსმით ინგრევა და არ იცი, როდის რას შეძლებ, როდის დაუბრუნდება ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს, მაგრამ პანდემიამვე გასცა პასუხი ჩემს შიშებს და მიმახვედრა, რომ არაფერს უნდა ელოდო, აქ და ახლა, ამ სიტუაციიდან უნდა მიიღო მაქსიმალური სარგებელი. ასეთ შემთხვევაში, მომავალს შიშით აღარ უყურებ, აღარც გებუნდოვანება, რადგან შენი მომავალი ხდება ის, რასაც ამ წუთას, ამ მომენტში ქმნი.
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ
ზოგადად, ყოველი მოვლენისგან და თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისგან ვცდილობ მივიღო სარგებელი, ვისწავლო, გადავაფასო შეხედულებები, განვვითარდე. ეს არის ის, რაც შთამაგონებს. ის სამი ადამიანი კი, რომლებიც პირველი გამახსენდა ამ კითხვის მოსმენისას, არის: ნიკო ნიკოლაძე, ოშო და ჩემი შვილი, ელენე.