ჯეპრას უფროსი კონსულტანტი მაია ტაკაშვილი და პროექტების ასისტენტი ნატაშკა კიკაბიძე 2022 წელს აფასებენ.
როგორი წელი გვქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?
ნატაშკა: ძალიან წარმატებული წელი იყო, მუშაობისთვის საჭირო ბევრი ახალი უნარი შევიძინე. გავეცანი ჩემი პროფესიისთვის საჭირო იშვიათ ლიტერატურას, რომელიც ჩემთვის სამაგიდო სახელმძღვანელოდ იქცა. გაფართოვდა ჩემი საკონტაქტო ადამიანების წრე, რაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ნამდვილი განძია. ვისწავლე ზუსტი მიზნების ამოცნობა, რისი მიღწევა უნდა დამკვეთს – ეს სწორი აქტივობების დაგეგმვასა და საინტერესო შეთავაზების შექმნაში მეხმარება. ასევე დავხვეწე ღონისძიებების/გადაღებების დაგეგმვა და კოორდინირება, მესამე მხარეებთან კომუნიკაცია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს. შევძელი ინფლუენსერების მოზიდვა ამა თუ იმ პროექტის გარშემო გაერთიანებისთვის. საინტერესო იყო სოციალურ მედიაში სხვადასხვა შინაარსის პოსტების შექმნა და განთავსება, ბუსტი, კომენტარებსა და პირად შეტყობინებაში შემოსულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხების გაცემა და კამპანიებზე დაკვირვება – რა გამოიწვევს მაღალ რეზონანსს სოციალურ ქსელში. ასევე მომეცა მედიაგაშუქებების მონიტორინგის საშუალება. სასიამოვნო იყო, პროექტების დასასრულს რეპორტის მომზადება, სადაც ნათლად ჩანს, რას მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობით. ჯეპრაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებთან თანამშრომლობით უამრავ ახალ ინფორმაციას ვიგებ და ამ საინტერესო პროცესში ყოველდღიურად უფრო მეტად ვვითარდები.
მაია: მე რა გითხრა რით გაგახარო? ზოგჯერ ვფიქრობ, ჩემი კარიერული და პირადი ცხოვრებაც ორად გაიყო: პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. ხშირად მითქვამს, პანდემიამ დამაბერა, არა პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს გამოცდილება შემმატა… გავიზარდე პიროვნულად. ვისწავლე როგორ გავუძლო პირად პრობლემებს, ჩავარდნებს… პანდემიამდე, ერთი მხიარული და თავზეხელაღებული მედიამენეჯერი ვიყავი და ცოტა ზარმაციც, ვფლანგავდი ძვირფას დროს… პანდემიის შემდეგ, უცბად ყველაფერი შეიცვალა – დრო ჩემთვის ძვირფასი გახდა! უფრო მეტად მეძვირფასებიან ადამიანები… უფრო მოსმენა შემიყვარდა, ვიდრე ლაპარაკი, ვცდილობ ყველაფერი წავიკითხო, ყველაფერი გავაანალიზო, უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი! ხშირად ვფიქრობ, როგორი წარმომედგინა ჩემი თავი ამ ასაკში, როცა ვიყავი თუნდაც 20 წლის! ვფიქრობ, კმაყოფილი არ ვარ ჩემი შედეგებით! რადგან ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს დრო არსებული გავაუმჯობესო! იმასაც ამბობენ, თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ! ამაზე მეტ გართულებას არც ველი – ესე იგი უსწორესი გზა ამირჩევია!
როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე?
ნატაშკა: პირადი, ძალიან დიდი ტრაგედიის შემდეგ სამსახურში შენმა დაბრუნებამ, დამანახა და მასწავლა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი პროფესია და ის გუნდი, რომლთან ერთადაც მუშაობს. ასეთ რთულ პერიოდში თავს ძალა დაატანო, გაანალიზო, რომ ცხოვრება გრძელდება და სამუშაო სივრცეში დაბრუნდე ეს ნამდვილად არაა მარტივი მაგრამ შენ ეს შეძელი და ალბათ ჩემთან ერთად კიდევ ბევრი ადამიანისთვის სამაგალითოდ იქეცი.
მაია: „ჩემი კარის მეზობელი ხარ“ – როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ჩემი სამუშაო მაგიდიდან თავს რომ ავწევ და შენს მუდამ გაღიმებულ სახეს ვხედავ, ვფიქრობ რომ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ჩემს ფიქრებშია! ვისწავლე შენგან რომ ნებისმიერ დროს უნდა გაიღიმო! და სულ მახსენდება შენი გაბედული ნაბიჯი ვაკის პარკში – მთელი სამყარო და დაადუმე, გათიშე, რომ ერთი პატარა სინქრონი ჩავგვეწერა… „თუ კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა გადახვიდე“ – ეს შენ ხარ!
და შენი ე.წ. ბრძნული გამონათქვამები, რომელსაც მგონი არც აქცევ ყურადღებას, უნებლიეთ გამოგდის: ამბობ, რომ ზოგჯერ, უნდა დაივიწყო, რას გრძნობ, როგორ ხასიათზე ხარ და გაიხსენო რას იმსახურებ და ყველაფერი შეიცვლება!
ასე, რომ გეთანხმები, შენარჩუნება/უკან დაბრუნება ღუპავს ადამიანს, კომპანიას, დიდ კორპორაციასაც კი… სწორედ ეს ქცევა უკარგავს მას მიზნის მიღწევის უნარს! უნდა დაივიწყო და აღარ გაიხსენო, რადგან ვიდრე გაიხსენებ ვერ დააასრულებ! შენგან ნასწავლი – მუდამ წინ ყურება მაძლევს უნარს წარსული არ გავიხსენო, დავიწყებას კი ჯერ ვერ ვახერხებ!
წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად. რა დაგეხმარა ამაში?
ნატაშკა: ჩვენი და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და კიდევ უფრო მეტის ცხოვრება გავაუმჯობესეთ, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. მე და შენ საოცარი კავშირი გვაქვს, ჩემი აზრით, ოფისში ერთმანეთის პირდაპირ რომ ვსხედვართ. ეს სხვანაირად გვაახლოვებს, რაღაც რომ გაგვიხარდება ან გვეწყინება, ამ გრძნობას პირველს ერთმანეთს ვუზიარებთ, მუშაობის პროცესშიც უცებ გადავძახებთ და წამებში ვარკვევთ ყველაფერს. საერთო საქმის კარგად შესრულებაში ასევე ჩვენი პროექტების მენეჯერი, უყოჩაღესი თიკო და სხვა გუნდის წევრებიც გვეხმარებიან. ჰოდა, ერთად ძალიან ძლიერები ვართ და ამ შემართებით ყველაფერს შევძლებთ.
მაია: წელს ერთი მთები არ გადაგვიადგილებია ერთად, სხვამხრივ დანარჩენი ყველაფერი შევძელით! მართლაც ბევრ ადამიანს გავუუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი და ბევრი პატარისთვის ჩვენი ხელშეწყობით მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა! ჩვენი წარმატებული საქმიანობისა და ურთიერთობის მთავარი გასაღები ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია! უბრალოდ, ხარ ჯეპრელი ან არ ხარ, ამ სტატუსს ვერ გამოიგონებ და ვერ მოირიგებ, ყოფილი ჯეპრელებიც კი არ არსებობენ!
რომელ პროექტს გამოყოფ წელს? რითი იყო გამორჩეული და რა მოგცა?
ნატაშკა: გამოვარჩევდი ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი და უწყვეტი მკურნალობისთვის დაწყებულ კამპანიას, ეს ის პრობლემაა, რომელიც მთელს მსოფლიოში უდიდეს გამოწვევად რჩება. ამ მხრივ, დღეს საქართველოში უამრავ ხარვეზს ვაწყდებით, თუმცა ამ თემებზე საუბარი და სწორად მიმართული კამპანიები აუცილებლად გააუმჯობესებს დღევანდელ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ვიბრძვით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ონკოპაციენტს ჰქონდეს წვდომა საჭირო მკურნალობის კურსზე. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან მიზნად დავისახეთ, ესიგი ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ და არასოდეს დაგვავიწყდება, ჩვენი წვლილი გვაქვს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.
მაია: გეთანხმები, საოცრად საინტერესო პროექტები გვქონდა…საოცარი ადამიანები გავიცანი, მათ შორის ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერები.. მათთან ურთიერთობა ცხოვრების სიყვარული გამიძლიერა, ასევე მომცა, ის, რომ – აღარ მეშინა დაავადებების!
რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა?
მაია: ჩვენ ყველა ერთად! ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ვაძლიერებთ!
ვართ გულახდილები, საქმეში სანდო, ვაღიარებთ შეცდომებს, პასუხისმგებელი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებზე.