ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც სტარტაპს, მცირე ან საშუალო ბიზნესს ფლობთ ან უბრალოდ, რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებით, უკვე მოახდინეთ გარკვეული სახის კომუნიკაცია თქვენ კლიენტებთან: გაუგზავნეთ მესიჯები, დაამშვიდეთ, გააფრთხილეთ, აუხსენით, რომ მათზე და საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვას არ შეწყვეტთ, აცნობეთ, რომ კომპანიაში სადიზინფექციო სამუშაოები ჩაატარეთ ან/და დროებით დახურეთ ოფისები. ეს ალბათ ყველა ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი იყო პანდემიის საპასუხოდ.
თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ კლიენტების ლოიალურობა მეტწილად დამოკიდებული იქნება ჩვენ დღევანდელ ქმედებებზე, იმ აქტივობებზე რომელსაც ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, გადავდგამთ კორონავირუსთან გასამკლავებლად.
უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულია და სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, შესაბამისად, იმის განჭვრეტა, რა მოხდება ბიზნესსა და ეკონომიკაში, რთულია.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ადრე თუ გვიან, პანდემია დასრულდება და ჩვენ ჩვენი საქმის ჩვეულ რიტმში გაგრძელება მოგვიწევს, ამიტომ საჭიროა მუდმივი მოძრაობა და ამ რთულ მომენტებში გაორმაგებული ძალებით მუშაობა, რათა შევძლოთ კლიენტების შენარჩუნება და ჩვენი ორგანიზაციის მომზადება პოსტპანდემიის პერიოდისთვის.
რა არის საჭირო ამისთვის?
ვიყოთ მოქნილები ჩვენი კლიენტების მიმართ: შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, საბონუსე სისტემები, გავაუქმებინოთ ჯავშნები და თანხა დავუბრუნოთ მთლიანად, შევამციროთ პროდუქციის მიტანის საფასურები, დავეხმაროთ იზოლაციის დღეების საინტერესოდ გატარებაში, მივცეთ რჩევები და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი კომპანია მათ გვერდითაა. ბევრი ქართული ორგანიზაცია როგორიცაა მაგალითად ვენდუ, საქართველოს ბანკი, თიბისი, არდი,მაგნიტი ბორჯომი და ა.შ. სხვადასხვა პროაქტიული მიდგომებით განაგრძობენ საქმიანობას პანდემიის დროს.
შესთავაზეთ ღირებული საჩუქრები კლიენტებს: ელექტრონული წიგნების კომპანია „საბა“ მომხმარებლებს 6000 წიგნზე მეტ უფასო წვდომას სთავაზობს. უფასო გახადა მიტანის სერვისი კომპანია „ვოლტმა“ მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის. მაგთიმ, კი მომხმარებლებს დამატებითი პაკეტი აჩუქა რომელშიც 100 მაღალრეიტინგული არხი შედის.
შესთავაზეთ ღირებული საჩუქრები არაკლიენტებს: კომპანია ბაკურიანმა, უფასო ვარჯიშების პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები წარადგენენ. საკონსულტაციო კომპანია სავიმ შექმნა სპეციალური ბიზნეს პლატფორმა, supportbusiness.ge, რომლის მთავარი მიზანია გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში ცოდნითა და კავშირებით.
უფასო მიტანასთან ერთად, საინტერესო და ღირებული პროგრამა და სპეციალური პლატფორმა წარადგინა კომპანია ვენდუმ, თიბისისთან ერთად. მომხმარებლებს შესაძლებობა აქვთ ბიზნესებს დაუჭირონ მხარი და შეიძინონ ვაუჩერები.
ამასთან კომპანიებს შეუძლიათ, ქველმოქმედებასთან ერთად მომხმარებელთა შენარჩუნებაზეც იზრუნონ – შექმნან უფასო სასაჩუქრე ბარათები, რომელთა გამოყენებას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.
ახლა სწორედ ის დროა, მომხმარებლებს მადლობაზე მეტი ვუთხრათ და გავუკეთოთ, ვაგრძნობინოთ როგორი მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის.
დააჩქარეთ საქმიანობის ტემპი, იყავით ყურადღებიანი და საქმეზე ორიენტირებული:
რა არ უნდა გააკეთოთ: არ გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტა შეუსაბამო სათაურებით. მაგალითად, “მიიღეთ სამოგზაურო დაზღვევა საუკეთესო ფასად“. მომხმარებლებს ახლა საცურაო კოსტუმები, სამოგზაურო ჩანთები და ისეთი ნივთები რომლებსაც სახლში ვერ გამოიყენებენ, არ სჭირდებათ.
რა უნდა გააკეთოთ: გადახედეთ ელ-ფოსტის სათაურებს, ფოტოებს, შეთავაზებებს, გაშვებულ რეკლამებს და გაიაზრეთ რამდენად შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას. არ დაგავიწყდეთ თქვენი პარტნიორები, რომლებსაც შესაძლოა შეცდომები გაეპაროთ. მოკლედ, რომ ვთქვათ დარწმუნდით, რომ ის მესიჯები რომელებსაც აქვეყნებთ შესაბამისობაში მოდის იმ იმიჯთან, რომლის ჩამოყალიბებას აპირებთ.
და ბოლოს, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას თქვენი პოზიცია კომპანიის ვებსაიტის მთავარ გვერდზე გააცანით. ბევრმა ქართულმა კომპანიამ უკვე გადადგა არ ჩამორჩეთ თქვენც – დროა, თქვენმა გუნდმა დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა.
იყავით ემპათიურები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ასობით მეილი, პოსტი და სამიზნე გვერდი წავიკითხე. თვალში საცემია ყველა ის კომპანია, რომელიც შაბლონური და არაგულწრფელი გზავნილებით მანიპულირებს. კლიენტებთან დიალოგის გამართვასა და ბრენდის მიმართ ნდობის გაზრდაში, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის რეალური საჭიროებების გაზიარება და მისთვის სწორი ტკივილგამაყუჩებლის მიწოდება დაგეხმარებათ..
ქართული კომპანიების მესიჯები:
ზოგიერთმა ქართულმა ორგანიზაციამ საკმაოდ სწორად შეარჩია მესიჯები, მოუწოდა მომხმარებლებს სახლში დარჩენისკენ და სერვისებიც შესაბამისად მოარგო სიტუაციას. მაგალითად საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მესიჯი გამოიყურება ასე: „ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიზეზი გვქონდეს სახლიდან გასასვლელად და ამ მიზეზებს შორის არ უნდა იყოს საბანკო მომსახურება ჩამოტვირთეთ ჩვენი მობილური ბანკის აპლიკაცია – mBank, მოგვწერეთ და ერთად ვისწავლოთ, როგორ განვაგრძოთ ურთიერთობა დისტანციურად“.
კომპანია გალფი მომხმარებლებს ნაღდი ანგარიშსწორების მაგივრად, საბანკო ბარათების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
კომპანია მ2, სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს, ამიტომ მათი გზავნილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატები მშენებლები არიან. „თქვენ მთელი საზოგადოებისთვის უდიდესი სტიმული ხართ, რადგან საკუთარი შრომით ადასტურებთ, რომ ჩვენი მომავალი მუდმივ შენებასა და განვითარებაშია. სწორედ ამის დასტურია, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები წუთითაც არ შეჩერებულა, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი გარანტია,“ – წერს კომპანია საკუთარ სოციალურ ქსელში.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომპანიების მენეჯმენტი უკვე ფიქრობს გზავნილების სამომავლო სისტემაზე, აანალიზებს კრიზისულიდან სტანდარტულ კომუნიკაციაზე დაბრუნების ვადებსა და პირობებს და პოსტკრიზისული კომუნიკაციის ძირითად არხებს.მთავარი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდი ფუჭად არ გავფლანგოთ და თანამშრომლების და ბიზნესის განვითარებისათვის, ახლადშექმნილი გარემოებებში სწორი ადაპტაციისთვის გამოვიყენოთ.