რას გვიჩვენებს ქართული ტელევიზორი?

რას გვიჩვენებს ქართული ტელევიზორი?

რას გვიჩვენებს ქართული ტელევიზორი?

 

ცოტა ხნის წინ, ერთი სასიამოვნო მოვლენა მოხდა – ბაზარზე ქართული წარმოების ლედ ტელევიზორები გამოჩნდა. ახალი პროდუქტის წარდგენისთვის დრო საკმაოდ კარგად იყო შერჩეული (არ ვიცი მიზანმიმართულად თუ შემთხვევით). დიდი სპორტული ტურნირის, ამ შემთხვევაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის წინა პერიოდი, შეიძლება თქვას, რომ იდეალური დროა ტელევიზორის გაყიდვისთვის. ნებისმიერი ახალი საწარმოს გახსნა სასიხარულო ფაქტია, მით უმეტეს ათწლეულების (საბჭოთა პერიოდის ) შემდეგ თბილისში ტელევიზორების წარმოების განახლება. ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით მათი, ვინც უახლოეს პერიოდში ტელევიზორის შეძენას გეგმავდა ან ზოგადად, გატაცებულია სფეროთი.

თუმცა, პირველ დღეს ინფორმაციაზე მეტად გაურკვევლობა გავრცელდა, ინფორმაცია მხოლოდ ეკრანის დიაგონალის და ფასის შესახებ ცნობებით შემოიფარგეროდა. დაინტერესებული საზოგადოება ფორუმზე ცდილობდა გაერკვია, რეალურად რა პროდუქტთან გვაქვს საქმე. საქმეში ნაკლებად ჩახედულებს აინტერესებდათ, „იმავე ფასის ჩინურებს მაინც თუ აჯობებს.“ შედარებით უფრო გარკვეულები ეკრანის გაფართოების, მატრიცის, ენერგო მოხმარების, ტუნერის ტიპის და სხვა ტექნიკური დეტალების გარკვევას ცდილობდნენ. თავად კომპანიის საიტს ტელევიზორის სურათი ამშვენებდა სვანური პეიზაჟით, ყოველგვარი ტექნიკური მონაცემის გარეშე. როგორც ჩანს უცებ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმის შესახებ ინფორმაციამ კომპანიის ყურამდეც მიაღწია და მეორე დღეს საიტზე ტექნიკური მონაცემები გამოჩნდა, თუმცა მწარმოებელი გარკვევით არ ამბობს, თუ ვისთვის არის განკუთვნილი, რითი ჯობია კონკურენტებს (ხარისხით, ფასით, ფასის და ხარისხის თანაფარდობით, რაიმე ფუქნციით) და საერთოდ ვის განიხილავს კონკურენტებად. ბრენდინგი სამწუხაროდ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ კომპანიას და პროდუქტს სახელი აქვს.

მთლიანობაში, პროდუქციის და კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც თუ საკმარისად მოინდომებ შეიძლება მოძებნო (თანამედროვე დანადგარების და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის შესახებ) ხარისხის თაობაზე გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და მცირედი მონდმომებაც საკმარისი იქნებოდა ბაზარზე უფრო ეფექტური შემოსვლისთვის.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, არც მედია და არც აზრის ლიდერები ნამდვილად არ დაზარდებოდნენ თუნდაც საწარმოში პრეზენტაციაზე მისვლით და პროდუქტის ტესტირებით. მინიმალურ ფასად შესაძლებელი იქნებოდა ეფექტიანი შესვლის უზრუნველყოფა.

იმედია, კომპანია სათანადო დასკვნებს გამოიტანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი ის თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანაზე ფიქრობს, რადგან სამწუხაროდ საქართველო ჯერ არ ასოცირდება კარგი ხარისხის ტექნიკასთან (ჩვენ ის მაინც ვიცით, რომ კარგი სპეციალისტები გვყავს და ზოგმა ისიც გაიგო რომ მწარმოებელი კომპანია ტექნიკურად საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი) და საქართველოსგან განსხვავებით საზღვარგარეთ არც კეთილმოსურნე ცნობისმოყვარეობა დახვდება.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო კომპანიას, ვთხოვო ნუ გამინაწყენდებიან ამ პოსტის გამო (თუკი საერთოდ გაიგებენ მისი არსებობის შესახებ), უბრალოდ გაითვალისწინონ, რომ ტექნიკურად კარგი პროდუქტის შექმნა საკმარისი არ არის აღიარების და ბაზარზე წარმატების მოსაპოვებლად.