შაბათ დღეს მეგობარმა დამირეკა, შენ ხომ ბლოგებს თუ რაღაცებს წერ და არ გინდა დაწერო, კაი სათაური მაქვს შენთვისო. შაბათ დღეს დამირეკე-მეთქი. უბრალოდ ეს ის დღეა, როცა ვეწევი და ადვილად დავთანხმდი. ამ ბოლო დროს ხშირად ვთანხმდები საქმეებს და რამე უნდა შევცვალო მომავალ წელს-მეთქი, ესეც გავიფიქრე და გაზის პედალს დავადგი ფეხი. ამით მხატვრული შესავალი მორჩა და გადავდივართ ბლოგპოსტის ძირითად ნაწილზეც.
დასაწყისისთვის ჯერ ადრეა, პრინციპში, რადგან ისიც ხომ უნდა გითხრათ, რა ფიქრები გავიარე, სანამ მივხვდებოდი რა უნდა დამეწერა. ჯერ ვიფიქრე შურის ფენომენზე ხომ არ დავწერო და ქალთა შურის თავისებურებები ხომ არ გამოვყომეთქი. აქ შეიძლებოდა თეთრი და შავი შურის შედარებითი ანალიზიც და იმის მტკიცებაც, რომ ერთი დესტრუქციულია და მეორე კონსტრუქციული. ნუ, ან პირიქით. მერე ვიფიქრე, შურის განმაპირობებელ ფაქტორებზე ხომ არ მემსჯელა დღევანდელი საქართველოს და მასში მცხოვრები განსხვავებული ტიპის ქალთა შურის მაგალითზემეთქი. თუმცა მივხვდი, რომ ამ თემის გონზე არ ვიყავი. ამიტომ ბოლოს გადავწყვიტე ისევ ქალთა უფლებების დაცვასა და იმ პარადოქსულ სიტუაციაზე მემსჯელა, რაც ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში დღეს გვაქვს. მითუმეტეს, რომ გუშინ სუფრაზე 2018 წელი, როგორც ქალების ბრძოლის წელი ისე შევაფასე და მებრძოლი ქალებიც ვადღეგრძელე.
პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, ჩემო ჭკვიანებო და ლამაზებო, რომ ქალები არ აღიარებენ ქალთა უფლებების დარღვევის პრობლემას საქართველოში. ბევრი ქალისთვის, სამწუხაროდ, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, ძალადობისა თუ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების საკითხებზე საუბარი “მოგონილ” პრობლემად არის მიჩნეული და ბევრი ქალი ამტკიცებს, რომ ამ მხრივ საქართველოში ყველაფერი რიგზეა და ქალებს პრობლემები არ აქვთ.
მართლა მიჩნდება კითხვები – როგორ ავუხსნათ ქალებს, რომ ბევრ ქალს ცუდად აქვს საქმე და ძალიან ბევრის უფლება ირღვევა სხვადასხვა მიმართულებით? როგორ გავაგებინოთ ქალებს, რომ სოლიდარობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ცვლილებების მოსახდენად და ახლა განზე დგომა, ან პროტესტის არ გაზიარება, ცუდ შედეგებს მოგვიტანს მომავალში ჩვენც და ჩვენს შვილებსაც, ჩვენს გოგოებს? რა არგუმენტი გაჭრის მათზე, ან რა სტატისტიკა, რომ დაიჯერონ და თავადაც იაქტიურონ უფლებების დასაცავად? ამაზე გვაქვს, ალბათ, საფიქრალი. ჯერ გავიგოთ, რატომ არ სჯერათ და შემდეგ მათი დარწმუნებაც უფრო ადვილი იქნება.
მიზეზების ფიქრის დროს, სულ მგონია, რომ ქალებს უბრალოდ ურჩევნიათ სირაქლემას პოზა დაიკავონ და “არ აღიარონ” ქალთა უფლებების დარღვევის არსებობა. ყველას ეკომფორტულება იმის დაჯერება და იმის თქმა, რომ ჩვენთან სხვებთან შედარებით კარგი მდგომარეობაა და საქართველოში ქალებს პრობლემები არ აქვთ. პრინციპში, ბევრ რამეში ვიტყუებთ თავს და ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ მოვლენებს და ქალთა ჩაგვრა რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, ვერ ვხვდები.
თუმცა უფლებების დაცვისთვის მებრძოლები, ჩემი აზრით, ზედმეტად გაბრაზებულები არიან სხვებზე და ეს საბოლოო ჯამში შემაფერხებელია შედეგის მიღწევისთვის. მართალ მხარეზე ყოფნის პოზა ვერ იქნება ეფექტიანი და კიდევ უფრო გააღრმავებს ურწმუნოთა ეჭვებს. ქალების ადგილას მეტს ვილაპარაკებდი ქალებთან და მათ დარწმუნებაზე დავხარჯავდი ყველაზე დიდ ენერგიას. სხვანაირად არაფერი გამოვა. ჰოდა, რაც მეტი ქალის სურვილი თუ შურვილი იქნება ქალთა უფლებების რეალიზაციის, ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტად ჩართვის და მათი სხვადასხვა ფორმის ძალადობისაგან დაცვის კუთხით მდგომარეობის გამოსწორება, მით მალე “გადარჩება საქართველო!” ქალთა გაძლიერების მიმართულებით.