საინტერესო ტავტოლოგიით რომ დავიწყოთ, აი, ვიღაცას კალამბურშიც რომ შეეშალოს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თუ გინდა პიარში მუშაობა, უნდა იცოდე რა მუშაობს პიარში. არ გეგონოთ, რომ ამ ბლოგპოსტით იმას გაიგებთ, თუ რა მუშაობს მართლა პიარში, ან რაიმე პირდაპირ რეცეპტს იპოვნით და უცებ გაიადვილებთ ცხოვრებას. რომც ვიცოდე, მაგას პოსტში როგორ დავწერ. მე უბრალოდ იმაზე ვილაპარაკებ, თუ რა გვგონია, რომ მუშაობს პიარში და ამ ჩვენს წარმოდგენებს კითხვებს დავუსვამ და შევეცდები, რომ დაგაფიქროთ.
ჰოდა, მივუყვები პუნქტობრივად და იქნებ ბოლოში რამე გამოვიდეს…
ეს ჩვენთან პიარის სინონიმია. ანუ, კარგი პიარი მედიაში (ცალსახად!) პოზიტიური გაშუქების მიღებას გულისხმობს, როცა ყველა ტელევიზია, რადიო თუ გაზეთი ერთხმად გაქებენ. ამას დაამატე მყვირალა (ერთნაირი!) სათაურები ინტერნეტმედიაში და ეგაა – პიარი მუშაობს. უბრალოდ, მედიაგაშუქებას რამდენიმე რამ სჭირდება, რომ სრულფასოვნად იმუშაოს და აქაც გვაქვს უკვე დადგენილი სტანდარტები. მაგალითად, როცა არაფერი ხდება ჩვენს ორგანიზაციაში და გარშემო, შეგვიძლია წავიყვანოთ თანამშრომლები და სისხლი ჩავაბარებინოთ, ან რამე ადგილი დავასუფთავებინოთ, ანდაც გაჭირვებულ ოჯახს მივუტანოთ ტელევიზორი და მაცივარი და მედიისთვის ამბავიც გვაქვს. მერე უნდა ჩავრთოთ ნაცნობობა, დავურეკოთ საჭირო ხალხს, გადავუხადოთ ფული სააგენტოებს და ინტერნეტტელევიზიებს, დავალევინოთ ჟურნალისტებს გემრიელი ყავა და მედიაშიც გამოვჩნდებით პოზიტიურად. მერე რაღა გვრჩება? უნდა შევაგროვოთ ბმულები, ვიდეოები და ‘სქრინები’, სადაც ჩვენი დირექტორი ან მინისტრი უკვე შეთანხმებული და დაფოტოშებულ-დამტკიცებული ფოტოთი ერთნაირად ‘ძერსკად’ გვიღიმის და სანამ დირექტორს ან მინისტრს გადავუგზავნით თავის მოსაწონებლად, ვებ-გვერდსა და ოფიციალურ FB-ზე უნდა ‘დავაკოპიროთ’ იგივე ტექსტი, ფოტო თუ ვიდეო მასალები.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვები: რამდენმა ადამიანმა ნახა ეს ამბავი? რამდენმა დაიმახსოვრა? რამდენმა გაიგო სრულფასოვნად? რამდენს გაუჩნდა ან გაუმყარდა ჩვენს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება?
ვისაც გაუგია უფროსის ან დამკვეთის მიერ დასმული კითხვა: რა არის, რატო აქვს ასე ცოტა ‘ლაიქი’ ჩვენს პოსტს FB-ზეო, დამეთანხმება, თუ როგორი მტკივნეულია ასეთი ‘შენიშვნა’. აი, რატო არ ‘ალაიქებს’ არავინ, ნერვები მოგვეშლება ხოლმე და მერე ვიწყებთ შესაბამის მუშობას. ‘ვალაიქებინებთ’ თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ბოტებსა და ტროლებს. ყველა ვერთვებით მოწონების ფერხულში და ბოლოს რაღაც გამოგვდის და ვაგროვებთ ამ საოცნებო ‘ლაიქებს’. მერე ვატოლებთ ამ რაოდენობებს კონკურენტებს, წინა პოსტებს, თუ არ გვყოფნის ფულს ვხარჯავთ, კიდე მეტს ვამატებთ და ბოლოს გავდივართ ხელმძღვანელობის მიერ მოწონებულ რაოდენობაზე. ჩვენც კმაყოფილები ვართ, სოციალური მედიის ახალგაზრდა მენეჯერიც და ტრიფონიც.
მაგრამ კითხვები აქაც ჩნდება: რამდენი ‘ლაიქია’ საკმარისი? რამდენი ‘ლაიქი’ მოგვიტანს კარგ გაყიდვებს? ‘ლაიქი’ მიბმული გაყიდვებზე პირდაპირ, ან საარჩევნო ხმებზე, ან ფონდების მოძიებაზე? ‘ბევრლაიქიანი’ FB გვერდის პატრონი ორგანიზაცია დაფასებულია საზოგადოებაში ‘ლაიქების’ რაოდენობის გამო?
აუ, შენ ბევრი მეგობარი გყავს Facebook-ზე და გეხვეწები ეს პოსტი ‘დამიშეარე’ – ძალიან ჰგავს იმ მოთხოვნას, ჩემი ძმიშვილის ფოტო მოიწონე, კონკურსში მონაწილეობსო. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ინტერნეტ ინფლუენსერების გამოყენებას კომუნიკაციაში და მაინც გვჯერა, რომ ბევრმეგობრიანი Facebook მომხმარებლის მიერ ჩვენი პოსტის გაზიარება, ჩვენზე კარგის თქმა, ან ჩვენს შესახებ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციაზე პასუხის გაცემა და ჩვენი დაცვა, კარგი და ეფექტიანი პიარია. ინფლუენსერების ჩვენს ივენთზე დაპატიჟება და, სანამ ფურშეტის მაგიდას მიადგებიან, დეტალური ინსტრუქციის მიცემა თუ რა უნდა მონიშნონ და რომელი ჰეშთეგი გამოიყენონ, ასევე გამართლებულია და ასევე მუშაობს. მათთან საერთო ფოტო ხო საერთოდ ხურავს წარმატებულ პროექტს!
მაგრამ, გაგიკვირდებათ და კითხვები აქაც ჩნდება: რამდენად ჩვენ გვიხდება ესა თუ ის ინფლუენსერი? რამდენად ამა თუ იმ ინფლუენსერის პოსტი, ან ფოტო იწვევს ინტერესს, სადღაც კორპორაციული ან პოლიტიკური ინტერესი არის დაფიქსირებული? და რამდენად მიბმულია აქტიურობა ინფლუენსერის პოსტსა თუ სხვა მასალაზე ჩვენს წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით?
ეს უფრო პოლიტიკოსების და შოუბიზნესის წარმომადგენლების საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ ხალხთან შეხვედრა, ლამაზი სიტყვების თქმა, აპლოდისმენტებისა და მოწონების მიღება, ყველას მოსწონს და პიარმენეჯერებიც გახარებულები არიან, თუ შეხვედრა კარგად წარიმართება და კრიტიკულ შენიშვნას არავინ იტყვის. არც ეს არის რთული, პრინციპში. უნდა ჩართო შენი კავშირები, ‘მოიყვანო’ ლოიალური ხალხი და შეიძლება წინასწარ მომზადებული კითხვაც ‘დაასმევინო’ ვინმეს, რაზეც ჩვენი უფროსი ძალიან გამართულ პასუხს მისცემს ‘შეწუხებულ მოქალაქეს’. მერე მედიაგაშუქებასაც უნდა მიხედო, შენი უფროსი, ან დამკვეთი უნდა ჩააწერინო ტელევიზიებს, ამას შეხვედრის ‘კმაყოფილი’ მონაწილეც უნდა მიაყოლო და ბეეევრი ფოტოც უნდა დადო FB გვერდზე, რომელსაც თავიდან ცოტა ‘ლაიქი’ ექნება, მაგრამ ამის წამალზეც ვისაუბრეთ უკვე ზემოთ.
კითხვები მაინც ჩნდება: რამდენი დამსწრეა კარგი შედეგის მაჩვენებელი? ტაშის და მოწონებით თავის დაკვრის რა პერიოდი არის წარმატების ინდიკატორი? რამდენი შეხვედრაა საჭირო საარჩევნო კამპანიის, ან რეგიონებში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროექტის წარმატებისთვის?
თუ ამ კითხვებს წარმატებით უპასუხებთ, მაშინ თქვენი პიარი მუშაობს და სადარდებელიც არაფერია. თუ ვერ უპასუხეთ, მაინც მუშაობს და საერთოდ, რამეზე დარდი არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ჯობია მასე გააგრძელოთ არხეინად ყოფნის თვალსაზრისით.