„მე ტანკისტი ვიყავი ომამდე“ – ყველამ ვიცით ეს ფრაზა ალეგორიული კომედიიდან „ცისფერი მთები“. დღეს რომ ოფისებში შეიხედოთ, „ცისფერი მთების“ ეპიზოდები მინიმალურად დაგხვდებათ, ჰოდა სიამოვნებით ვნახავდი ახალ კომედიას, ისეთს, დღევანდელობას რომ შეესაბამებოდეს, მანამდე კი მე შევეხები სამსახურეობრივ ეპიზოდს, პროფესიულ კამათს.
დავიწყებ იმით, რომ მართლაც, „მე ტანკისტი ვიყავი ომამდე“! ამით თითქოს იმას ვამბობ, რომ მრავალნაირი გამოცდილება მიმიღია სხვადასხვა ფორმატის ორგანიზაციაში, გამისიგრძეგანებია სხვადასხვა მართვის სტილი, სხვადასხვა ხასიათის უფროსი თუ კოლეგა, მაგრამ იდეით ანთებულს ამ იდეისთვის ყველგან მიბრძოლია, დამიმტკიცებია, გამიტანია. მოკლედ „ტანკისტობა“ ამ პოსტში დადებით ჭრილში განიხილება და დიახ „მე ტანკისტი ვიყავი ომამდე“ – ეს ფრაზა ხშირად მეც და სხვებსაც გამოგვიყენებია, რადგან პროფესიულ კიბეზე მრავალი გამოწვევა შეგვხვედრია.
აი ამ ფოტოზე ხომ ხედავთ რა ხდება? ასეთ ცხარე კამათში ბევრჯერ ვყოფილვარ! ემოციურად რთულია, მაგრამ ყველაზე დიდი არაპრფესიონალი მაშინ ხარ, თეთრზე შავს რომ ეთანხმები (რაღაც ფაქტორების გამო). მე თუ მკითხავთ, პროფესიულ კამათს საქმეში თავის მუღამი აქვს, თავის პლუსები და მინუსები.
დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ზოგადად პროფესიული კამათი: ეს არის მოცემულობა, როცა გუნდში კონკრეტულ საკითხზე (იქნება ეს მარკეტინგული ტერმინი, პრესრელიზის ჰედლაინი თუ კამპანიის იდეა) სხვადასხვა თანამშრომლი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამს და პროცესი უმართავ ან მართვად კამათში გადადის. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერულ უნარ-ჩვევებს. კარგი ლიდერი ახერხებს კონსტრუქციულ კამათს და გუნდში აზრის გამყარებას, მაგრამ თუ ემოციების ფონზე ხდება გაუწონასწორებელი, კარგავს ყველა ბერკეტს, რითაც შეეძლო ემოქმედა, უფრო მეტიც, კარგავს ნდობას მისი, ე.წ. „აზრის ლიდერის“ მიმართ. შედეგად ვიღებთ არაპროდუქტიულ შეხვედრას, დემოტივაციას, გაურკვევლობას და დაძაბულ ურთიერთობებს.
პლუსები და მინუსები რომ დავინახოთ, იმ სურათის ანალიზი უნდა გავაკეთოთ, რაც ბევრგან გვინახავს: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თავს ხრიან, შავზე თეთრსაც აღიარებენ და „ყველაზე და ყველასთვის საყვარელი ტიპი“-ს სტატუსისთვის ყველას ყველაფერში ეთანხმებიან. ეს უფრო მსხვილ, დიდ კომპანიებში ხდება, შემდეგ ასეთი ადამიანები იმ სკამებზე სხედან, სადაც უნდოდათ კიდეც ჯდომა, მთელი ორგანიზაციისთვის ყველაზე თვინიერი (ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს) თანამშრომლის სტატუსი აქვთ და კარიერაში წინ წინ წინ მიდიან (არაფრისმთქმელი ჰაბიტუსით). ისიც აღარ ახსოვთ, იყვნენ თუ არა ოდესმე რაიმე იდეით ანთებულნი, ქონდათ თუ არა პროფესიული „დრაივი“. ასეთებს არაპროფესიონალ თანამშრომლებს შევარქმევდი, მაგრამ თანამდებობებით წარმატებულებს (ამ სურათს დიდი დოზით საჯარო უწყებებში ვხედავთ).
ამ ყველაფრის საპირწონედ, არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში თეთრზე შავს ვერ დაეთანხმებიან იერარქიების, ყველაზე მშვიდი თანამშრომლის სტატუსის, ან რაიმე კეთილდღეობისთვის. ჩემი რჩევაა, თუ თვლით, რომ ამ საქმეში (რაზეც კამათი გიწევთ) რაიმე გაგეგებათ, ყოველთვის იბრძოლეთ იმ იდეისთვის, რაც გაქვთ, ან იმ სიმართლისთვის, რაც ჭეშმარიტებაა ყველა ლოგიკით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ ამბიცია პროფესიონალიზმზე. იკამათეთ ცხარედაც, თუ ამის საჭიროებაა, ხელებით, ფეხებით… თუ ხმას აუწევენ, თავი არ დახაროთ, თქვით სათქმელი და დაასრულეთ ამით. თუ ამას საქმე მოითხოვს, არაფერია ცუდი კამათში. თუ თქვენ თეთრზე შავს გიმტკიცებენ, კამათი აუცილებელია! ეს პროცესი თქვენც გაგზრდით და თქვენთან მოკამათე მხარესაც.
და ბოლოს, მრავალი სტატია მოვიძიე და ამოვკრიფე რჩევები, რაც შესაძლოა გამოგვადგეს პროფესიული კამათისთვის:
p.s. მთავარია შავზე თეთრი არ თქვა, რომ შენი პროფესიული „დრაივი“ სრულად არ ჩაკლა 😊
რომ შევაჯამო, იკამათეთ რამდენიც გინდათ კარგი საქმისთვის – იდეისთვის, პროექტისთვის… ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ საქმეზე გული გულწრფელად შეგტკივათ.
და ბოლოს: ყველანაირი კამათი არის კარგი საშუალება იმისა, რომ დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც არ გვიფიქრია. თითოეული მიგნება (თუნდაც ეს არ ვაღიაროთ) მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული ზრდისთვის!