მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე მოქმედებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი – უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები, ოჯახი. ქართულ რეალობაში კი, ერთი ფრიად უცნაური ფაქტორიც მუშაობს – ეს არის პროფესიების დაყოფა პრესტიჟულ, ნაკლებად პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ პროფესიებად (კატეგორიებად).
სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროფესიები სხვადასხვა კატეგორიაში ხვდებოდა. მახსოვს დრო, როდესაც ითვლებოდა, რომ ქალს უნდა ჰქონოდა ექიმის დიმპლომი – ეს იყო პრესტიჟული პროფესია. ქალის მიერ მასწავლებლის დიპლომის ფლობა ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა – თუმცა მასწავლებლობა მაინც ხვდებოდა ქალისათვის ღირსეული პროფესიების სიაში, დაე, უკანა მერხზე, მაგრამ მაინც. აი, თუ ქალი გადაწყვეტდა, რომ ყოფილიყო დამლაგებელი, ხელოსანი, მიმტანი, ან თუ კიდევ უარესი და ტაქსის მძღოლობას მოინდომებდა, მაშინ მისი საქმე წასული იყო. ასეთი არაპრესტიჟული პროფესია მას ცხოვრებაში სამუდამოდ მიუჩენდა ადგილს ბოლო მერხზე.
რა ხდება დღეს? რა კრიტერიუმებით ხდება პროფესიის არჩევა?
არჩევანის გაკეთება უმეტეს შემთხვევებში ხდება არა მისწრაფებების და შინაგანი მოწოდების მიხედვით, არამედ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: (ა) პროფესიის პოპულარობა და ცნობადობა სოციუმის მიერ, (ბ) უმაღლესი განათლების არქონის გამო სოციუმიდან გარიყვის/გარიცხვის შიში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არჩევანის გაკეთებას რაციონალური და ლოგიკური მახასიათებლების მიხედვით.
რა შედეგს ვიღებთ?
(ა) კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული პროფესიების მქონე ადამიანები დღეს არიან იურისტები, ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, ფინანსისტები და ა.შ. შედეგად ქვეყანაში გვყავს:
რა თქმა უნდა, არსებობენ თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე, პატიოსანი და განათლებული იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და მათი არსებობა ხაზგასმით ხსენების ღირსია, ვინაიდან ასეთი პროფესიონალები ძალიან ცოტანი არიან და მათი სიმცირე არ აძლევთ საშუალებას, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ პროცესებზე.
(ბ) კრიტერიუმის მიხედვით პროფესიის შერჩევის შედეგი – ათასობით უსწავლელი, დიპლომიანი და ორ დიპლომიანი, არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი, არარეალიზებული ადამიანი. არადა, რომ არა ეს წყეული საზოგადოებისგან განსჯის შიში, ეს ადამიანები იქნებოდნენ წარმატებული და ბედნიერი უდიპლომო მუშები, მძღოლები, მზარეულები, მიმტანები, ხელოსნები, ფერმერები, დამლაგებლები…
მძიმე სურათი დავხატე, მუქ ფერებში? კი, ასეა, მაგრამ ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, და გავაანალიზოთ, გავიაზროთ – რა გვსურს. თუ გვაქვს ჯანმრთელი ამბიცია, რომ სხვებზე უკეთესები ვიყოთ, მაშინ:
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ჩვენს შვილებს, რომ სრულფასოვან ადამიანებად გაიზარდონ. ჰქონდეთ თავისი შეხედულებები, ღირებულებები, პრინციპები. ნუ ჩავკლავთ მათში ინდივიდუალიზმს, ნუ გადავწყვეტთ მათ მაგივრად რა ჭამონ, რა ჩაიცვან, რა ისწავლონ და რა გზით განვითარდნენ. მივცეთ საშუალება, რომ თავის თავი თავად ეკუთვნოდეთ, აირჩიონ პროფესია, რომელიც მათაც გააბედნიერებთ და საზოგადოებასაც სიკეთეს მოუტანს. ჩვენმა შვილებმა ცხოვრებაში უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და აიღონ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან ცოცხალ არსებას, რომლის ამა თუ იმ ქმედების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი “საზოგადოებაზე” ანუ ბრბოზე და მის აზრზე დამოკიდებულებაა, შეუძლებელია უწოდო ინდივიდი ან პიროვნება.