პროფესიის არჩევა – ცხოვრებისეული წარმატების გარანტია

პროფესიის არჩევა – ცხოვრებისეული წარმატების გარანტია

პროფესიის არჩევა - ცხოვრებისეული წარმატების გარანტია

მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე მოქმედებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი – უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები, ოჯახი. ქართულ რეალობაში კი, ერთი ფრიად უცნაური ფაქტორიც მუშაობს – ეს არის პროფესიების დაყოფა პრესტიჟულ, ნაკლებად პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ პროფესიებად (კატეგორიებად).

სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროფესიები სხვადასხვა კატეგორიაში ხვდებოდა. მახსოვს დრო, როდესაც ითვლებოდა, რომ ქალს უნდა ჰქონოდა ექიმის დიმპლომი – ეს იყო პრესტიჟული პროფესია. ქალის მიერ მასწავლებლის დიპლომის ფლობა ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა – თუმცა მასწავლებლობა მაინც ხვდებოდა ქალისათვის ღირსეული პროფესიების სიაში, დაე, უკანა მერხზე, მაგრამ მაინც. აი, თუ ქალი გადაწყვეტდა, რომ ყოფილიყო დამლაგებელი, ხელოსანი, მიმტანი, ან თუ კიდევ უარესი და  ტაქსის მძღოლობას მოინდომებდა, მაშინ მისი საქმე წასული იყო. ასეთი არაპრესტიჟული პროფესია მას ცხოვრებაში სამუდამოდ მიუჩენდა ადგილს ბოლო მერხზე.

რა ხდება დღეს? რა კრიტერიუმებით ხდება პროფესიის არჩევა?

არჩევანის გაკეთება უმეტეს შემთხვევებში ხდება არა მისწრაფებების და შინაგანი მოწოდების მიხედვით, არამედ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: (ა) პროფესიის პოპულარობა და ცნობადობა სოციუმის მიერ, (ბ) უმაღლესი განათლების არქონის გამო სოციუმიდან გარიყვის/გარიცხვის შიში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არჩევანის გაკეთებას რაციონალური და ლოგიკური მახასიათებლების მიხედვით.

პროფესიის არჩევა - ცხოვრებისეული წარმატების გარანტია

რა შედეგს ვიღებთ?

(ა) კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული პროფესიების მქონე ადამიანები დღეს არიან იურისტები, ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, ფინანსისტები და ა.შ. შედეგად ქვეყანაში გვყავს:

  • იურისტების მთელი არმია, რომელთა უმრავლესობამ არ იცის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა; თუ იცის, იცის ზეპირად და წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს იგი; არ სცემს პატივს კანონს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას და უპირატესობას, ვინაიდან მისთვის “ადამიანობა”, “კაცობა” და “ეკლესიურობა” არის მთავარი ფასეულობები.  “ადამიანობა”, “კაცობა” და “ეკლესიურობა” იმიტომ მოვაქციე ბრჭყალებში, რომ მათი რეალური მნიშვნელობა არანაირად არ ასახავს იმ ვაქხანალიას, რომელსაც ეწევიან ამ კეთილშობილური მცნებების სახელით.
  • ექიმების მთელი არმია, რომელთა უმეტესობას ნიშნები და დიპლომი ნაყიდი აქვს საკმაოდ მაღალ ფასად, შესაბამისად არ მიუღიათ ის ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემდათ საფასურის გარეშე მიეღოთ შეფასება და საბოლოოდ დიპლომი. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ პაციენტს შესთავაზონ კვალიფიციური დახმარება და ერთადერთი მიზეზი, რაც ამოძრავებთ, არის დიპლომის მისაღებად დახარჯული თანხის ათმაგად ამოღება. ერთ-ერთი შედეგი ამ გაუაზრებელი პროფესიის არჩევის არის სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან შეკრული “ექიმები”, რომლებიც გვისვამენ არასწორ დიაგნოზს და გვიწერენ წამლებს, რომლებიც არაფერში არ გვჭირდება და თუ ჩვენს ჯანმრთელობას არ ავნო, ჯიბეს ნამდვილად ავნებს.
  • ფინანსისტების მთელი არმია, რომელთა უმეტესობამ მიმატება-გამოკლებაც კი არ იცის. შედეგი: უვიცი ბუღალტრები, რომელთა წყალობითაც ბევრ კომპანიას ექმნება პრობლემები გადასახადების ადმინისტრირების კუთხით; უვიცი მენეჯერები, რომელთაც არ შეუძლიათ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება ელემენტარულ დონეზე დამოუკიდებლად და დამოკიდებულნი არიან ზემოთ მოხსენიებულ უვიც ბუღალტრებზე; დაბალი ხელფასები ბაზარზე – ვინაიდან მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, იმდენად, რომ ხანდახან შეუძლებელი ხდება რეალურად კარგი კადრის გამოხშირვა ამ მასიდან, შესაბამისად ანაზღაურება დაბალია და კადრების დენადობა/დათხოვნის მაჩვენებელი მაღალი. რაღა თქმა უნდა ამ ყველაფრის თავი და თავი ისევ არაკვალიფიციური მენეჯმენტია.
  • ჟურნალისტების მთელი არმია, რომელთაც არ შეუძლიათ გამართული წინადადების დაწერა ან წარმოთქმა, არ იციან ქცევის/ჩაცმის/კომუნიკაციის/ეთიკის უმარტივესი წესები. შედეგი არის უგემოვნო, მდარე ხარისხის და ხშირად საგანგაშო შინაარსის მქონე სტატიები/გადაცემები და დაბალი ანაზღაურება იგივე მიზეზის გამო, რაც მოვიხსენიე ფინანსისტებთან მიმართებაში.
  • მასწავლებლების მთელი არმია, ხალხის, ვინც უნდა აღზარდოს მომავალი თაობა, რისთვისაც უდიდესი მოთმინება და ბავშვების სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონკრეტული საგნის ცოდნა. სამწუხაროდ ეხლანდელ მასწავლებლებს არც ცოდნა ყოფნით, არც მოთმინება, არც უმცროსი თაობის სიყვარული და არც მათი აღზრდის სურვილი და ჟინი. შედეგი: უწიგნური და აღუზრდელი მომავალი თაობა.

რა თქმა უნდა, არსებობენ თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე, პატიოსანი და განათლებული იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და მათი არსებობა ხაზგასმით ხსენების ღირსია, ვინაიდან ასეთი პროფესიონალები ძალიან ცოტანი არიან და მათი სიმცირე არ აძლევთ საშუალებას, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ პროცესებზე.

პროფესიის არჩევა - ცხოვრებისეული წარმატების გარანტია

(ბ) კრიტერიუმის მიხედვით პროფესიის შერჩევის შედეგი – ათასობით უსწავლელი, დიპლომიანი და ორ დიპლომიანი, არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი, არარეალიზებული ადამიანი. არადა, რომ არა ეს წყეული საზოგადოებისგან განსჯის შიში, ეს ადამიანები იქნებოდნენ წარმატებული და ბედნიერი უდიპლომო მუშები, მძღოლები, მზარეულები, მიმტანები, ხელოსნები, ფერმერები, დამლაგებლები…

მძიმე სურათი დავხატე, მუქ ფერებში? კი, ასეა, მაგრამ ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, და გავაანალიზოთ, გავიაზროთ – რა გვსურს. თუ გვაქვს ჯანმრთელი ამბიცია, რომ სხვებზე უკეთესები ვიყოთ, მაშინ:

  • დავივიწყოთ ის ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი ღირებულებები, რომლითაც დროებით კომფორტს ვიქმნით;
  • შევქმნათ ნამდვილი ღირებულებები და პატივი ვცეთ ერთმანეთს და საზოგადოებას, ნუ მოვნათლავთ მტრად ყველას, ვინც არ გვეთანხმება;
  • მივცეთ საშუალება ინდივიდებს, რომ განვითარდნენ, თვითონ გადაწყვიტონ თავისი ცხოვრების გზა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ჩვენს შვილებს, რომ სრულფასოვან ადამიანებად გაიზარდონ. ჰქონდეთ თავისი შეხედულებები, ღირებულებები, პრინციპები. ნუ ჩავკლავთ მათში ინდივიდუალიზმს, ნუ გადავწყვეტთ მათ მაგივრად რა ჭამონ, რა ჩაიცვან, რა ისწავლონ და რა გზით განვითარდნენ. მივცეთ საშუალება, რომ თავის თავი თავად ეკუთვნოდეთ, აირჩიონ პროფესია, რომელიც მათაც გააბედნიერებთ და საზოგადოებასაც სიკეთეს მოუტანს. ჩვენმა შვილებმა ცხოვრებაში უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და აიღონ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან ცოცხალ არსებას, რომლის ამა თუ იმ ქმედების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი “საზოგადოებაზე” ანუ ბრბოზე და მის აზრზე დამოკიდებულებაა, შეუძლებელია უწოდო ინდივიდი ან პიროვნება.