პოსტები სინგაპურიდან – ხელოვნური კუნძული

პოსტები სინგაპურიდან – ხელოვნური კუნძული

ფულზე გაცვლილი შემოქმედება

 

„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის ბოლო ორი დღე გართობას დაეთმო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სინგაპურის ტურისტული მომხიბვლელობა იმ უამრავმა ატრაქციონმაც განაპირობა, რომელიც აქ ვნახე. შორიდან ამას ვერც ვიფიქრებდი. არადა, სინგაპურს, აზიის ამ ყველაზე გამორჩეულ კუნძულს, ბუნებრივ და სხვა ტიპის კუნძულებთან ერთად მთავარი კუნძულიც აქვს – ხელოვნურად გაშენებული “სენტოსა”, რომელიც ატრაქციონებისა და სხვა ექსტრემალური გართობის ცენტრია.

პოსტები სინგაპურიდან - ხელოვნური კუნძული

ხელოვნურ კუნძულზე ისე მივედით, ვერც მივხვდით, რომ განსაკუთრებულ ადგილას მოვხვდით. უბრალოდ, ავტობუსით ხიდი გადავიარეთ, რომლის პარალელურ ხიდზე მონორელსიანი მატარებელი მოდიოდა, თავზე კი ძალიან გრძელი საბაგირო ხაზი დაგვყურებდა. ჩვენ უკვე მართლა არაფერი გვიკვირდა (იმ მომენტში ასე გვეგონა). კუნძულზე გადასვლისას ავტობუსი გვირაბში შევიდა და მიწისქვეშა პარგინგზე ჩამოგვსვა. გარიმ აგვიხსნა, რომ მანქანები ამ კუნძულზე მხოლოდ მიწის ქვეშ არიან და მთელი გართობა მიწის ზევით ხდება. ჩვენც ლიფტით ავედით “სენტოსაზე” და დავიწყეთ ორდღიანი დაუვიწყარი გართობა!

პოსტები სინგაპურიდან - ხელოვნური კუნძული

პირველი რაც ვნახეთ და ვერ გავძეხით ამ სანახაობით, უშველებელი აკვარიუმი იყო, უფრო სწორად “სენტოსას” აკვარიუმების მთელი კომპლექსი. მთელი ნახევარი დღე დავდიოდით ლაბირინთებში და სხვადასხვა ზომის, ფორმის, გარშემოწერილობისა და გაფორმების აკვარიუმში. ყველანაირი თევზი ვნახეთ. ზვიგენებიც კი დაცურავდნენ იმ გვირაბის თავზე, სადაც ჩვენ ერთხელ გავიარეთ. თავიდან ყველა თევზს ვუღებდი ფოტოს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ასე რომ გაგვეგრძელებინა, 2 დღე მხოლოდ იქ მოგვიწევდა დარჩენა.

პოსტები სინგაპურიდან - ხელოვნური კუნძული

ყველაზე დაუვიწყარი მაინც “უნივერსალ სტუდიოს” ატრაქციონების პარკი იყო, სადაც მეც და მედიატურის ყველა მონაწილე ბოლომდე გადავვარდით ბავშვობაში და თბილისში დაბრუნებულებსაც კი გვიჭირდა ზრდასრულ ცხოვრებაში დაბრუნება. ყველანაირი შიშით დაჯილდოებულმა, მეც კი გავბედე და ჩვენთან „ამერიკულ მთებს“ რომ ეძახიან და სინამდვილეში „მხიარული მთები“ რომ ჰქვია, იმ ატრაქციონზე დავჯექი. მაგრამ ეს მინიქალაქი იყო ყველა მხრივ საოცრება – „შრეკის“, „ტრანსფორმერების“, „მუმიის“ და „წყლის სამყაროს“ გამაოგნებელი ატრაქციონები, ქუჩაში მოსიარულე ჩარლი ჩაპლინი და მერლინ მონრო, ცნობილი ფილმების დეკორაციები და გმირები, ყველაფერი ერთად და ყველაფერი ისე, რომ შენც შიგნით ხარ და ვერ გრძნობ უცხოობას. აღარ გვინდოდა წამოსვლა!

პოსტები სინგაპურიდან - ხელოვნური კუნძული

“სენტოსას” შემდეგი პირველი ღამე მშვენიერ  Marina Mandarin Hotel-ში გავატარეთ იმაზე ფიქრით, რომ მეორე დღეს უნდა დავბრუნებულიყავით გართობის სამყაროში.

მეორე დღეც არანაკლები გამოდგა – დავიწყეთ სეგვეების მართვით და ბოლოს ისე შევედით მუღამში, რომ შეჯიბრი მოვაწყეთ ერთმანეთში. ჩამოსვლა აღარ გვინდოდა ამ უცნაური ელექტრომობილებიდან. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვქონდა, როცა ძალიან გრძელ ბაგირეზე ჩამოკონწიალებულები მთიდან ზღვის სანაპიროზე ჩამოსვრიალდით და ნახევარ კუნძულს თავზე გადავუფრინეთ.

შემდეგ იყო სინგაპურის “მადამ ტუსოს მუზეუმი”, საიდანაც გამოსვლა არ გვინდოდა. მაგრამ რადგან ყველა ექსპონატთან გადავიღეთ სელფი, ცოტა დავწყნარდით. მერე ვეწვიეთ უზარმაზარი ლომთევზას ქანდაკებას, რომლის თავზეც ლიფტით ავედით და კუნძულს ზემოდან გადავხედეთ. ბოლოს კიდევ ერთ 7D ატრაქციონს ვეწვიეთ და ისე დავბრუნდით სასტუმროში, რომ ვერ ვიგებდით გადაღლილები ვიყავით, დასვენებულები, გახარებულები თუ გაგიჟებულები.

პოსტები სინგაპურიდან - ხელოვნური კუნძული

სინგაპურის ეს ტური სასტუმრო „რიც კარლტონმა“ და მისმა არაჩვეულებრივმა გარემომ დააგვირგვინა. უმაღლესი კლასის სასტუმროს მართლა ჰქონია თავისი ხიბლი. მითუმეტეს, როცა შენი ნომრის ფანჯრები ხელოვნურ ყურეს გადმოჰყურებს, რომელშიც უშველებელი სტადიონია აშენებული.

„რიც კარლტონმა“, ჩვენი მოგზაურობის ბოლო აკორდმა, ჩვენც მოგვიღო ბოლო და უკვე სიცოხლის ბოლომდე შეგვაყვარა სინგაპური!