„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის მეორე დღის პირველი ნახევარი ქალაქის მრავალფეროვნების გაცნობას მიეძღვნა. აქ გავიგეთ პირველად, რომ თურმე, მეთვრამეტე საუკუნემდე (სანამ ამ ტერიტორიაზე ბრიტანელები გამოჩნდებოდნენ), სინგაპური მალაიზიელი მებადურების დასახლება იყო და კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ტომას სტემფორდ რაფლსმა, ბრიტანელმა მეზღვაურმა და მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, სამხედრომ და ბრიტანული ცეილონის გუბერნატორმა აქ ქალაქი დააარსა, რომელიც მალვე იქცა მსოფლიოს ამ ნაწილის უდიდეს პორტად. მისი სახელობის სასტუმრო კი 1887 წელს აშენდა და დღეს ერთ-ერთ პრესტიჟულ და უმაღლესი ხარისხის დასასვენებელ ადგილად ითვლება.
დღეს სინგაპური თანამედროვე, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებისგან შემდგარი ქალაქ-სახელმწიფოა, სადაც მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი ეთნიკურად ჩინელია, 15 პროცენტი – მალაიზიელი, 10 – ინდუსი, 5 – ე.წ. ევრაზიელი (ევროპელების და აზიელების შთამომავლები) და სხვა. მაგრამ აქ ყველა თავს სინგაპურელად თვლის. 50 წელია ეს ხალხი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და წარმატებული ეკონომიკის მართვის იდეის გარშემო არის გაერთიანებული და მშვენივრად ახერხებს თანაცხოვრებას.
ამის საილუსტრაციოდ ჩვენ ვეწვიეთ ქალაქის ჩინურ, შემდეგ ინდურ და ბოლოს ისტორიულ უბნებს, სადაც უამრავი საინტერესო რამ ვნახეთ. ბუდისტური ტაძრის გვერდით ყველაზე მრავალფეროვანი და იაფი ჩინური მინიბაზრობა იყო განლაგებული. ინდუსების უბანში, სავაჭრო ცენტრებთან ერთად, უამრავი პატარა კაფე და რესტორანი იყო. ქუჩაში იყიდებოდა ხილი, ინდური სპეციები და სხვადასხვა ნუგბარი. ეს ყველაფერი ძალიან ფერადი და ჭრელი იყო. ისტორიული ქალაქი კი, კლასიკური ბრიტანული არქიტექტურის შენობებით, ხიდებითა და სანაპიროებით იყო შევსებული, სადაც ყველა პატარა ნაგებობას შესაბამისი ისტორიის ამსახველი ტრაფარეტი ეკრა.
ევროპულ, ჩინურ და ინდურ კულტურებს, თავისი ყველანაირი გამოხატულებითა და სიმბოლური დატვირთვით, ერთ ადგილას სხვაგან ბევრგან ვერ იპოვნით. სინგაპური ამ მხრივ უნიკალური ადგილია მსოფლიოში!