ნუ გძულთ ტექნოლოგია

ნუ გძულთ ტექნოლოგია

ნუ გძულთ ტექნოლოგია

ნუ გძულთ ტექნოლოგია. ასე ქვია ჩემს დღევანდელ პოსტს, რომლის ინსპირაციაც წამოვიდა იქიდან,  რომ ახლახანს, გადავაწყდი ვინმე ჟან ჟულიანის ონლაინ ფოტოგალერეას. ჟულიანი ფრანგი მხატვარია, ის ამჟამად ლონდონშია დაბინავებული, პატარა და ლამაზ ალეგორიებს ქმნის ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე. დასდევს ვიზუალურ ილუსტრაციას, ფოტოგრაფიას, ვიდეორეჟისურას და ჯილდოებიც ბლომად აქვს მიღებული.

მის ფართო რეპერტუარში გადავაწყდი ბოლოდროს გავრცელებულ ერთ შტამპს: გენერალიზირებულ, აბსოლუტში აყვანილ და თითქმის ბავშვურად გაშავთეთრებულ კრიტიკას სოციალურ მედიასა და ტექნოლოგიისადმი, რომელმაც უკვე იმ დონეზე გამაბრაზა, რომ გადავწყვიტე ჩემი ეს პოსტი ამ თემისთვის მიმეძღვნა.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პირადად ჟან ჟულიანს არ მინდა გამოვეკიდო; მან ბევრს მიაღწია თავის მოღვაწეობაში და ხელოვნებით გადმოცემულ მესიჯებზე სადაო დისკუსიების აწევა, ალბათ, მის ინტერესებშიც არის. განმაპირობებელი ფაქტორი აქ იყო ის, თუ ვისზე “გადატყდებოდა” ჩემი ეს ჯოხი – და ეს სამწუხაროდ მოხდა მისი გალერეის დათვალიერებისას. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

ნუ გძულთ ტექნოლოგია

ეს გახლავთ მცირედი ვიზუალური ინტერპრეტაცია იმისა, თუ როგორ ვრთავთ ტექნოლოგიას ნებას, რომ ჩვენ სოციალურ აქტივობას ბოლო მოეღოს.

ერთადერთი დავეთანხმები იმას, რომ თუ მონოგამურ ურთიერთობისას შედიხარ tinder-ზე და პარტნიორზე ღალატს ფიქრობ, არ ყოფილხარ კარგი ადამიანი. მაგრამ ეს უფრო შენი ბრალია როგორც პიროვნების, და არა ტექნოლოგიის.

აი მაგ შემთხვევის შემდეგ კი უკვე სიმწრით ვიცინი – ყველა ის თანამედროვე ცხოვრებისეული სიმარტივე, რაც ტექნოლოგიამ გვიბოძა, წარმოჩენილია როგორც ურთიერთობის ბარიერი. რატომ? აღარ დავარტყამ უზარმაზარ წრეებს ჩემს სათქმელს და პირდაპირ ვიტყვი:

მიხარია, როდესაც მეგობრები საჭმელს ფოტოს უღებენ და ინსტაგრამზე ან ფეისბუკზე დებენ. სადღაც, რომელიმე გამოჩენილი რესტორნის სამზარეულოში, ზის შეფმზარეული, რომელიც ყოველდღე აფორმებს ულამაზეს კერძებს, ის, შემოქმედებით სულს აქსოვს საკუთარ ნახელავში და შემდგომ უყურებს როგორ უცერემონიოდ ყლაპავენ საუბარში გართული კლიენტები. ფოტოებს ვიღებთ რაღაცის დასამახსოვრებლად, დროში გასაყინად, რათა გავიხსენოთ და არ დავკარგოთ წარმავალი პატარ-პატარა სიამოვნებები. ვინ იცის, ზის იქნებ ის შეფი ინსტაგრამზე და იმედი აქვს, თავისი გაკეთებული რაიმე იპოვნოს. არაფერია ცუდი ვიღაცის ნამუშევრის, მითუმეტეს დროებითი ნამუშევრის, დაფასებასა და დამახსოვრებაში. იზოლირებული მაგალითი დავხატე, მაგრამ მგონი აზრი გადმოსცა.

რომ გავაგრძელო, თქვენი მეგობრების არ ვიცი მაგრამ თუ ამხანაგთან ერთად ვახშმობ და ის საჭმელს ფოტოს უღებს, საუბარს ნამდვილად არ დავიწყებ სანამ არ დაამთავრებს. რატომ უნდა ელაპარაკო ასე ანიმირებულად ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ათწამიანი კრეატივითაა დაკავებული? დაელოდეთ, წინ ხომ მთელი საღამო გაქვთ?

ინსტაგრამზეც ლაიქების მიღება კარგია. მილენიალების კრიტიკისა და სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე დღევანდელ თინეიჯერებს კატასტროფული თვითშეფასების დონე აქვთ, რომელიც წლიდან წლამდე ეცემა. მთელი ეს ანტი-სელფების ლაშქრობა რომ ავიღოთ მაგალითად, რითი ეხმარება ამ ყველაფერს? ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში არსებობდა პრივილეგირებული სეგმენტი, რომელიც პოზიტიური მახასიათებლებით შეკვეთილ ავტოპორტრეტებს იქმნიდნენ? საკუთარი თავის დაფასება ძალიან, ძალიან რთული რამაა. ნარცისიზმს მე ამაში ვერ ვხედავ.

და ბოლო ჩანახატიც რომ ავიღოთ, რატომ არის მეტროში ტექნოლოგიით გართული ხალხი ასეთი არანორმალური მოვლენა? თუ წუხდებით ადამიანებით რომლებიც დროს თამაშით ან კომუნიკაციით ამოკლებენ, რა გირჩევნიათ მაშინ – ყველა ერთმანეთს დაშტერებოდეს ვიდრე ვაგონებში სხედან? სახალისო ფაქტი: ეს არც ადრე ხდებოდა.

ნუ გძულთ ტექნოლოგია

მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგია უფრო მდიდარ და კავშირებით სავსე ცხოვრებას გვთავაზობს. გვთავაზობს ინოვაციებს განათლებასა და კომუნიკაციაში, ამოკლებს დისტანციებს საყვარელ ადამიანებს შორის, ქმნის მძლავრ პლატფორმებს კრეატივისთვის და ვინც მოიხმარს ზომიერად, დანიშნულებისამებრ, არის უზარმაზარი წარმატების მომტანიც.

ტექნოლოგია არ არის პირდაპირი გაგებით ცუდი, და ყველა მასთან დაკავშირებული პრობლემის კრიტიკოსები, როგორც მგონია, საკუთარი თავშეკავების უნარის არქონის გამო ამბობენ იმას, რასაც ამბობენ.

დიახ, ადამიანის ბუნებაში ნამდვილად არის დამოკიდებულებებისადმი არაჯანსაღი მიდრეკილება, მაგრამ პრობლემის საწყისი აქ მაინც ადამიანია და მისი პიროვნული მახასიათებლები.

ნუ გძულთ ტექნოლოგია, ნუ გძულთ ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიას იყენებენ ურთიერთობისათვის.. და რაც ყველაზე მთავარია, ნუ გძულთ ადამიანები რომლებსაც უყვართ “სეფიას ფილტრში” გატარებული ცეზარის სალათი, ცხოვრების მომენტების მეგობრებთან გაზიარება და საკუთარი თავი.

ნუ გძულთ ტექნოლოგია