ცოტა ხნის წინ, მეგობარმა გამომიგზავნა ეს ვიდეო ტექსტით: “100%-ით ნამდვილი ემოცია!”
ამ დროს ტრანსპორტში ვიყავი. ვიდეო რომ ჩავრთე მივხვდი, რომ ემოციურად სადღაც გამიყვანდა, შორს რეალობიდან. ასეც მოხდა.
ასეთ დროს გონებაში მრავალი აზრი ირევა და ყოველი მომდევნო მიგაჩნია ჭეშმარიტად სწორი. რა თქმა უნდა, ჩემი ემოცია და აზრები ინდვიდუალურია და სხვა ადამიანი შეიძლება საპირისპირო აზრების ნაკადს გაყვეს.
უამრავი მიმდინარეობაა ამა თუ იმ სფეროში, იქნება ეს პროფესიული, შემოქმედებითი თუ უბრალოდ ცხოვრების სტილის მიმდინარეობა. თუმცა, რეალურად ყველაფერს ემოცია მართავს, მათ შორის შინაგან განცდებს, რომლებიც ჩვენში იბადება და შემდგომ ვცდილობთ, მათზე დაყრდნობით ავაგოთ ის რეალობა რომელიც შეესაბამება ჩვენს შინაგან სამყაროს. თუმცა ზოგჯერ, გარემო თავის წესებს გვახვევს თავზე და გვიძნელდება ჩვენი რეალობის დაცვა და გაყოლა.
ხელოვნება ემოციაა, რომელიც გიბიძგებს, დაუბრუნდე პირვანდელ სიშიშვლეს, გაარღვიო შენ გარშემო წარმოქმნილი დამახინჯებული რეალობა და ასეთივე დამახინჯებული ემოციები, რომელიც დროსთან ერთად იცვლება და ხდება მისი სიცარიელეში დეფორმირება.
როცა შენი გონება და შინაგანი სამყარო ქმნის სუფთა ემოციას, მაშინ შენ გარდაიქმნები ხელოვნების ნიმუშად, შენი მატერიალური მხარე აღარ იარსებებს და დარჩება მხოლოდ შიშველი, ღრმა განცდები. ის გარდაიქმნება სრულყოფილებად, რომელიც ყოველთვის გამომდინარეობს სუბიექტურობიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ობიექტური, თუ იპოვის საკუთარ თავთან მიახლოებულ სხვა ემოციას.
უბრალოდ, თვალები უნდა დახუჭო და იმოგზაურო შენში არსებულ ემოციებში…