კომპანიებში, გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად თვლიან, რომ პროდუქტი და მისი შეფუთვა ორი განსხვავებული რამ არის და ვიზუალი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მთავარია თავად პროდუქციის ხარისხი, მახასიათებლები და შემადგენლობა – ეს შეხედულება გარკვეულწილად მცდარია!
ზოგჯერ, სახლში მისული როდესაც აანალიზებ, თუ რატომ შეიძინე ესა თუ ის პროდუქტი ხვდები, რომ გადამწყვეტი როლი პროდუქტის ვიზუალმა ითამაშა. დროის სიმცირის გამო ხშირად ხდება, რომ ვყიდულობთ სწორედ იმ ნივთს, რომლის შეფუთვაც უფრო ძვირადღირებულად გამოიყურება, თვალს გვჭრის – ფაქტობრივად „გვეძახის“ და „გვიხმობს“ თავისკენ.
ჩემი პირადი გამოცდილებით, როდესაც ვიცი რა პროდუქტი მჭირდება, მაგრამ არ ვარ ჩამოყალიბებული ბრენდზე, სამწუხაროდ, არჩევანს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტზე ვაკეთებ და არ ვუღრმავდები მის შემადგენლობას ან მახასიათებლებს.
როგორც შემდგომში გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი ძალიან ბევრმა კომპანიამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა და მომხმარებელს პროდუქტისა და შეფუთვის ინტეგრირებული ვერსია შესთავაზა. საბოლოო ჯამში, სწორედ კრეატიულად, სწორად გაკეთებული შეფუთვა აღმოჩნდა ის მექანიზმი, რომელიც ყიდის ნებისმიერ პროდუქტს.
დღეისათვის, კონკურენტული ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით, პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისთვის გარდა მიმზიდველობისა, აუცილებელია შეფუთვა პრაქტიკულიც იყოს და გამოირჩეოდეს დახლზე განთავსებული ყველა კონკურენტისგან.