ინფლუენსერ მარკეტინგი – რა, რატომ და როგორ?!

ინფლუენსერ მარკეტინგი – რა, რატომ და როგორ?!

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ რეკლამას ვაწყდებით, ქუჩაში, მაღაზიებში, ტრანსპორტში, ტელევიზორში, ინტერნეტში, მოკლედ, ყველგან სადაც ვართ.

უკვე იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვერც კი ვიაზრებთ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეკლამა ჩვენზე პროდუქტის, ან სერვისის შესყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს. ხშირად, ქუჩაში გასვლისას მითქვამს – ახლა არცერთ რეკლამას შევხედავ, არცერთს წავიკითხავ, დავინახავ თუ არა თვალს მოვაშორებ, მაგრამ ცხადია უშედეგოდ.

70-იან წლებში კვლევების თანახმად ადამიანი 500-1600-მდე რეკლამას აწყდებოდა დღის მანძილზე. რაც მეტი კონტროლი და რეგულაცია წესდებოდა რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, მით მეტად ვითარდებოდნენ მარკეტერები და კიდევ უფრო ჭკვიანურ და კრეატიულ გზებს პოულობდნენ მათი პროდუქტის, ან სერვისის ოსტატურად შესათავაზებლად, ეს ყველაფერი კი პოტენციური მომხმარებლების „ტვინში“ საპატიო ადგილის მოსაპოვებლად J მოგვიანებით ეს ციფრი 5000-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წლის კვლევების თანახმად 6000-10 000-მდე რეკლამის სხვადასხვა ტიპს ვაწყდებით ყოველდღიურად, დიახ, შოკის მომგვრელი ციფრებია, თუმცა სიმართლეა.

დღეს, კომპანიები სხვა გამოწვევების წინაშე დადგნენ, მომხმარებლები მაქსიმალურად ირიდებენ დავარცხნილ და უკვე ათასჯერ გადაღეჭილ რეკლამის ტიპებს, შესაბამისად დადგა მეტად ბუნებრივი და ორგანული კომუნიკაციის საჭიროება, არსებული მომხმარებლების შესანარჩუნებლად და ახალი აუდიტორიების დასაპყრობად.

ინფლუენსერ მარკეტინგი, კი დღეს ნამდვილად მუშაობს. ეს არაა რომელიმე ცნობილი ადამიანის მიერ გაკეთებული სწორხაზოვანი რეკლამა, ესაა ამბის თხრობის და გამოცდილების გადაცემის პროცესი, როდესაც აზრის ლიდერი უზიარებს თავის მიმდევრებ მის პირად გამოცდილებას. ცნობისთვის, მომხმარებლების 60%-მდე შესყიდვის გადაწყვეტილებას, სწორედ სოციალური არხების რეკომენდაციებით იღებს.

ინფლუენსერ მარკეტინგით კომპანიას შეუძლია მიიღოს:

  • ბრენდის ცნობადობის ზრდა
  • ლოიალობის ზრდა
  • უნიკალური კონტენტი
  • ახალი აუდიტორიები
  • სწრაფი უკუკავშირი

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე „რატომ“ და „როგორ“.

  • ადამიანებს აქვთ მათი ნდობა

ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის დასამყარებლად, არა მხოლოდ პირად ურთიერთობებში, არამედ ბიზნესშიც. თუ გსურს, რომ გაყიდო შენი პროდუქტი, უნდა მოიპოვო ადამიანების ნდობა, ეს კი არც ისე მარტივია.

  • აზრის ლიდერები ქმნიან საინტერესო, ხარისხიან კონტენტს

აზრის ლიდერებმა ყველაზე კარგად იციან მათ არხებზე რა ტიპის კონტენტი მუშაობს, რა მოსწონთ, რა ინტერესები აქვთ მათ მიმდევრებს, შესაბამისად ისინი ქმნიან ხარისხიან, მრავალფეროვან, უნიკალურ კონტენტს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის გემოვნებაზეა მორგებული. ამგვარად, კომპანიები ახალ და ეფექტურ აღმოჩენებსაც აკეთებენ მათი პროდუქტის განსავითარებლად და აუდიტორიასთან უკეთესი ტონის (TOV) ჩამოსაყალიბებლად.

  • ინფლუენსერების კონტენტი არ იბლოკება სოციალურ მედიაში

მიუხედავად იმისა, რომ ასობით მილიონი ადამიანი იყენებს რეკლამების ბლოკირების აპლიკაციებს, რეალური ადამიანების კონტენტი, მათ შორის რეკლამის ხასიათის მატარებელი კონტენტი არ იბლოკება ციფრულ სამყაროში. პრინციპში, რომც იყოს შესაძლებელი, ვფიქრობ არც ისე ბევრი მომხმარებელი გამოიყენებს ამ ფუნქციას, რადგან – მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია.

  • სწრაფი უკუკავშირი

ინფლუენსერ მარკეტინგი გაძლევთ მყისიერი უკუკავშირის შესაძლებლობას. ზედმეტი დროისა და ბიუჯეტის დახარჯვის გარეშე, ადამიანების რეაქციებით და დამოკიდებულებებით იგებთ რა მოსწონთ მათ, რას გამოასწორებდნენ, მათ როგორი გამოცდილება აქვთ, რას ისურვებდნენ და ა.შ. – ეს კი დაგეხმარებათ პროდუქტის განვითარების, გაყიდვების და მარკეტინგის პროცესში.

  • ანალიტიკის შესაძლებლობა

აზრის ლიდერების კომუნიკაცია ამა თუ იმ პროდუქტზე, საბოლოოდ გაძლევთ კონკრეტულ შედეგებს – რამდენი ადამიანი მოიცვა, რამდენი დაინტერესდა, რა ნაწილი იყო ნეგატიური, ან დადებითი, მომხმარებლების რა ნაწილი დაინტერესდა და გადმოვიდა თქვენს არხებზე და სხვა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ რეკლამის ტრადიციული არხები – სწორი, კარგად დაგეგმილი, მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, კომპლექსური მიდგომა და საერთო ქოლგის ქვეშ ყველა არხის და აქცენტების მოქცევა მიგიყვანთ სასურველ და დასახულ შედეგებამდე.