ამ გვერდის, 4p.com.ge – ს მენეჯერმა პოსტის დაწერა მთხოვა, მე კი ჩემს პრიორიტეტულ საქმეებს თავისთავად ვერ გადავდებდი და ისიც ვალოდინე, მაგრამ ესეც პრიორიტეტული გახდა მას შემდეგ, რაც პირობა მივეცი, რომ ახალ პოსტს კონკრეტულ თარიღში გადავუგზავნიდი….
ვიფიქრე, თუ რაზე დამეწერა მცირე დროში….ისევ პიარზე? დროის მართვაზე? ბიუჯეტირებაზე? თუ ძალიან მოკლედ გადმომეცა ამჟამინდელი ემოცია მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც შინარსით, სირთულით, კლიენტებთან ურთიერთობის ფორმით თუ გუნდით?
მოკლედ შევჯერდი ამ უკანასკნელზე და პასუხისმგებლობაზე, თანამშრომლობასა და გუნდურობაზე, საბოლოოდ კი აქედან მიღებულ წარმატებაზეა ეს მოკლე პოსტი.
გავაანალიზე ბევრი რამ ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ აქ წარმატების მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ჯგუფის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, საბოლოო მიზნის მისაღწევად თითოეულ პროექტში.
თუ შენ ხარ პროექტის მენეჯერი, პასუხს აგებ არა მხოლოდ პროექტის მიმდინარეობაზე, არამედ თითოეული გუნდის წევრის კმაყოფილებაზე და მათ დროზე, რაც ყველაზე უფრო მეტად ფასეულია; პასუხს აგებ ყველა იმ დეტალზე, რაც შენი კომპანიის ინტერესების დაცვას ეხება და რაც მთავარია, პასუხს აგებ კლიენტის კმაყოფილებაზე. ამ ყველაფერში, სადაც სამმხრივი ინტერესებია დასაცავი (მეოთხე, დამატებით, საკუთარია ალბათ) ხარ დიპლომატი, რომელიც ხან ითმენს, ხან არგუმენტებს იშველიებს, ხან ხსნის, ხან მოტივაციას ქმნის, ხან გუნდის უფლებებს იცავს, ხან პროექტში მიმდინარე ვალდებულებებს კარგად განმარტავს თითოეულ მხარესთან, ხან კი დათმობებზეც მიდის მოკავშირეებთან, და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ, სწორედ ეს პასუხისმგებლიანი სუბიექტი არის ის, ვისაც ანგარიშს სთხოვს კლიენტიც, კომპანიაც, გუნდის წევრიც…არ არის მარტივი მაგრამ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რამდენად გუნდურია სამუშაო ჯგუფი: არიან თუ არა მზად გამოგყვნენ იმ ქარცეცხლში, სადაც ვალდებულებებით აღებულ პასუხისმგებლობებს ყველაფერი ზომაზე მეტად სცდება… სადაც გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა, სწორედ მათ უწევთ პროექტის მენეჯერთან ერთად ყველა გამოწვევას შედეგზე ორიენტაციის გათვალისწინებით ადეკვატურად შეხედონ და გაუმკლავდნენ.
ჩვენ კონკრეტულ პროექტებში მივდივართ წინ და წინ, რადგან ურთიერთობები მხოლოდ გაწერილი დებულებებით არ განისაზღვრება (და ეს არის ჩვენი ერთიანი ხედვა), შესაბამისად ყველა პროექტი წარმატებულია სწორედ გუნდის წყალობით… წარმატების ფორმულა კი ჩვენს შემთხვევაში როგორც ჩანს ასეთია: ნაკლებად პრიორიტეტულია ის, თუ რა ენერგიას ვხარჯავთ თითოეული კარგი შედეგისთვის, გაცილებით უფრო პრიორიტეტულია ის საერთო მიზანი, რაც ჩვენ და კლიენტს გვაკავშირებს ერთმანეთთან – პროექტის შედეგი. შესაძლოა ეს შედეგები გაწერილ ან განხილულ ე.წ. KPI -ს აღემატებოდეს და ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ სტიმულს, ბოლომდე დავიხარჯოთ ამ პროექტისთვის. ყოველივე ამან დამარწმუნა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, ავიღოთ ნებისმიერი სირთულის საქმე და მივაღწიოთ დაგეგმილზე უფრო დიდ შედეგებს. ეს არის სწორი კონსალტინგის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის და გუნდურობის შედეგი.
ბევრს აღარ დავწერ და მოკლედ გეტყვით: საოცრად კმაყოფილი ვარ თითოეული მიმდინარე პროექტის გუნდის წევრით და ამას ამ პოსტით საჯაროდ ვაცხადებ!
შემდეგ პოსტამდე…