რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ანუ CSR (Corporate Social Responsibility) ?
შევეცდები მარტივი ენით, გასაგებად და საუკეთესო მაგალითების გამოყენებით გადმოვცე ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისი არსის და მნიშნველობის გაგება.
კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე კომპანიებს აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ფართო საზოგადოებაზე, მთავრობაზე და გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.
“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პროგრამა, რომელიც იწყება ან მთავრდება. ეს მუდმივმოქმედი საქმინაობაა” – ჯიმ კანტალუპო, Mcdonald’s ის აღმასრულებელი დირექტორი.
CSR არ არის კანონით დაკისრებული ვალდებულება. ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა.
წარმატებული საკომუნიკაციო კამპანიების საუკეთესო მაგალითები:
- 1994 წელს ავიაკომპანიამ British Airways დაიწყო კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდასაჭერად მგზავრებისაგან თანხების მოგროვებით. პროგრმას ერქვა „შეცვალე უკეთესობისაკენ“. კამპანიის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ავიაკომპანიის მგზავრები. ყოველ წელს, საშუალოდ 16 მილიონი ამერიკელი მოგზაურობს ევროპაში და უკან დაბრუნებისას, ხშირად ჯიბეში უყრიათ უცხოური ხურდა ფული, რომელსაც სამშობლოში ვერაფერში გამოიყენებენ. სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩატარებული კამპანია. ბრიტანეთის ავიახაზების მიერ განხორციელებული ფრენების დროს მგზავრებს სავარძლებზე ხვდებოდათ სპეციალური კონვერტები, რომლებშიც მათ შეეძლოთ ჩაეყარათ ხურდა ფული UNICEF -ის მხარდასაჭერად. იმავდროულად, თვითმფრინავში აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რა მიზნით გროვდებოდა თანხა. 2002 წლისათვის ბრიტანეთის ავიახაზებს უკვე 31 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა შეგროვებული.
- ამერიკულმა კომპანიამ Subway მონაწილეობა მიიღო აშშ-ს რამდენიმე ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სოციალურ კამპანიაში, რომლის მიზანი იყო გულის დაავადებათა პრევენცია ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დამკვიდრების მეშვეობით. Subway -ს წვლილი ამ კამპანიის განხორციელებაში შემდეგში მდგომარეობდა: იგი ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა კამპანიას. კამპანიის ლოზუნგები ჩართული იყო Subway-ს სატელევიზიო და რადიო რეკლამებში. კომპანიამ გამოუშვა სპეციალური პროდუქტების სერია – 7 ახალი სახეობის სენდვიჩი, რომელიც 6 გრამზე ნაკლებ ცხიმს შეიცავდა ( “Seven under six” ).
- „ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანთა განვითარების ეროვნული ინსტიტუტის“ მონაცემების მიხედვით „ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომი“ (SIDS) 12 თვემდე ჩვილთა გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩრდილოეთ ამერიკაში. 1994 წელს ინსტიტუტმა წამოიწყო სოციალური მარკეტინგის კამპანია „ზურგზე ძილი“ (Back to sleep), რომლის მიზანი იყო ჩვილ ბავშვთა მშობლების ქცევის შეცვლა, კერძოდ, ჩვილ ბავშთა ზურგზე დაძინების დამკვიდრება, რაც ამცირებს SIDS-ის სიმდრომის ალბათობას. 1999 წელს Pampers-მა ამ კამპანიის მხარდაჭერა დაიწყო. პამპერსი ბეჭდავდა კამპანიის ლოგოს საკუთარი საფენების შესაკრავებსა და შეფუთვაზე სამ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ესპანური). ასევე, ბროშურებს ავრცელებდა ბავშვთა კლინიკებში და ახორციელებდა აქტიურ მედია კამპანიას, რომელიც გამიზნული იყო უმცირესობათა ჯგუფებისთვის. ამ კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია ყოველწლიურად 2 მილიონამდე ოჯახს მიეწოდებოდა. რამდენიმე წელიწადში, კამპანიის დაწყების შემდეგ, ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომის სიხშირემ 50%-ით მოიკლო.
სამწუხაროდ, მცირე და საშუალო კომპანიები სკეპტიკურად უყურებენ CSR-ს და ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიების საქმეა. სინამდვილეში, ეს უბრალოდ გავრცელებული სტერეოტიპია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას. მისი ძირითადი ფუნქციაა პრობლემურ საკითხებში საზოგადოების გვერდში დგომა. მცირე, მაგრამ კარგად მართულ, ეფექტიან კომპანიას უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას.
დაბოლოს, ეცადეთ ერთმანეთისგან განასხვავოთ ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იმას კი არ გულისხმობს, თუ როგორ ხარჯავს კომპანია მოგებას, არამედ იმას, თუ რა გზებით იღებს ამ მოგებას” – მათიას სტაუსბერგი, გაეროს „გლობალური შეთანხმების“ მედიაურთიერთობის ხელმძღვანელი.