ZEG Storytelling Festival: დასამახსოვრებელი ამბების შესახებ

ZEG Storytelling Festival: დასამახსოვრებელი ამბების შესახებ

ფესტივალის ბოლო საღამო დაეთმო წარმოდგენას იმ აღქმებსა და ისტორიებს, რომლებსაც რეალობის ასახსნელად ვქმნით. მსგავსი, დარბაზისთვის მიმზიდველი და დასამახსოვრებელი პერფორმანსებით ZEG ფესტივალმა ამბებზე, ოსტატობაზე, ცოდნასა თუ ტექნოლოგიაზე აქამდე არსებული წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. სპიკერებმა, სხვადასხვა სფეროდან თუ ქვეყნიდან, საკუთარი გამოსვლებით მრავალი თემა მოიცვეს, თუმცა საბოლოოდ ყოველი მათგანი აუცილებლად საუბარობდა იმ ამბების შესახებ, რომლებსაც საკუთარ თავზე, სხვებზე თუ სამყაროზე ვყვებით. 

ZEG-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილიც სწორედ ეს იყო: ადამიანები სამყაროს ფაქტებით კი არა, ამბებით ვიგებთ. იშვიათად გვამახსოვრდება მონაცემები, სტატისტიკა ან არგუმენტების სრული ჩამონათვალი, მაგრამ კარგად გვახსოვს იდეები, პერსონაჟები და ის განცდა, რომელიც კონკრეტულმა ამბავმა დაგვიტოვა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ინფორმაცია სულ უფრო ხელმისაწვდომი და უხვი ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ის, თუ რას ვამბობთ, არამედ ისიც, თუ როგორ გადმოვცემთ სათქმელს. ამბის თხრობა ქაოსური რეალობისთვის მნიშვნელობის მინიჭების ხელოვნებაა. ეს უნარი ადამიანებს ეხმარება არა მხოლოდ გაიგონ რა მოხდა, არამედ დაინახონ რატომ აქვს თითოეულ ფაქტს მნიშვნელობა.

ეს იდეა განსაკუთრებით ნაცნობია ჯეპრასთვის – სივრცისთვის, სადაც ყოველდღიურად გვიწევს ფაქტებთან, მონაცემებთან, კვლევებთან და მოვლენებთან მუშაობა.  თუმცა მხოლოდ მათი შეგროვება ვერ იქნება ნაყოფიერი –  ჩვენი საქმეა ეს ფრაგმენტები ისე დავუკავშიროთ ერთმაენთს, რომ მათში მნიშვნელობა ამოვიკითხოთ და ისეთი ამბები შევქმნათ, რომლებიც ადამიანებს დაამახსოვრდებათ. ინფორმაციის სიჭარბის ეპოქაში ყურადღებას იშვიათად იპყრობს ის, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს. ყურადღება მას ეკუთვნის, ვინც ყველაზე უკეთ ხსნის, რატომ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. სწორედ ამ მნიშვნელობების პოვნასა და მოყოლაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, პროფესიული როლი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ მონაცემებზე, ალგორითმებსა და ტექნოლოგიებზე, ადამიანების მოთხოვნილება არსებითად არ შეცვლილა: ჩვენ კვლავ ვეძებთ ახსნას, კონტექსტს და ამბებს, რომლებიც მოვლენების გააზრებაში გვეხმარება. ამიტომაც, სწრაფად ცვალებად გარემოშიც კი, ამბის მოყოლის უნარი კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება.

ამიტომ, ZEG ფესტივალს ჩემთვის ერთი განცდა ახლავს: რომ კომუნიკაციების სფერო ცვლილებების მორიგ ეტაპზე დგას. თუ წარსულში მთავარი გამოწვევა ინფორმაციის გავრცელება იყო, დღეს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნდობის მოპოვება და ცხადი, გულწრფელი კომუნიკაცია. გარემოში, სადაც ჩვემი სამიზნე აუდიტორია ყოველდღიურად ათასობით გზავნილს აწყდება, წარმატებისთვის მხოლოდ ხილვადობა აღარ კმარა. დღევანდელ რეალობაში წარმატებაა შენი გზავნილებით ქმნიდე ცვლილებას.

ინფორმაციის შექმნა, დამუშავება და გავრცელება დღითიდღე უფრო სწრაფი, ავტომატური პროცესი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციების პროფესიონალების კონკურენტული უპირატესობა თავად ინფორმაციის შექმნაში აღარ მდგომარეობს. ახლა სულ უფრო ფასეული ხდება ის უნარები, რომელთა ავტომატიზებაც რთულია:  ფართო, კულტურული თუ ისტორიული კონტექსტის აღქმა, სხვადასხვა სფეროს ერთმანეთთან დაკავშირება, სწორი კითხვების დასმა, აუდიტორიის ემოციებისა და მოლოდინების გააზრება.

ინფორმაციის სიმრავლის პირობებში ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ არა მშრალ ფაქტებს, არამედ განმარტებებს:  რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი მათთვის, მათი წრის, ბიზნესის თუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ამ თვალსაზრისით, კომუნიკაციების სფეროს მომავალი ნაკლებად უკავშირდება კონკრეტულ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც მუდმივად იცვლება, და უფრო მეტად იმ უნარს, რომელიც ნებისმიერ ეპოქაში აქტუალური რჩება: რთული რეალობის გასაგებ ამბად ქცევას. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, კომუნიკაციის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს დაინახონ კავშირები და მნიშვნელობები, რომელიც მათ ყოველდღიურ აღქმებს აყალიბებს.  

სწორედ ამ კუთხით დაგვამახსოვრა თავი წლევანდელმა ZEG-მაც. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის დღის წესრიგში არაერთი განსხვავებული თემა იყო წარმოდგენილი, თითქმის ყველა დისკუსია ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა გავიგოთ უკეთ ის სამყარო, რომელიც სულ უფრო სწრაფად იცვლება და არაპროგნოზირებად სახეს იღებს.