ჯეპრას დიზაინერი ნუცა კაპანაძე 2025 წელს აფასებს.
რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?
ამ წელს დამეხმარა მეტი ინიციატივის გამოჩენა სამუშაო პროცესში – კრეატიულ მიმართულებებზე საკუთარი ხედვის გაზიარება და პასუხისმგებლობის აღება კონკრეტულ ამოცანებზე. ასევე, დავალებების ვადების და მოლოდინების წინასწარ შეთანხმება გუნდთან და მათთან დროული უკუკავშირი ამარტივებდა სამუშაო პროცესს. შედეგად, დროს უფრო პროდუქტიულად ვიყენებდი და დავალებაც უფრო ხარისხიანად სრულდებოდა. შედარებით შემცირდა გაუთვალისწინებელი კორექტირებებიც, გაიზარდა ნდობა გუნდში და კრეატიული გადაწყვეტილებები უფრო მიზანმიმართული გახდა. მომავალშიც გავაგრძელებ აქტიურ ჩართულობას პროექტებში, დავალებების დაგეგმვას და გუნდთან ხშირ კომუნიკაციას.
რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?
ზოგჯერ ერთ კრეატიულ მიმართულებაზე ზედმეტად დიდხანს ვჩერდებოდი და გადაწყვეტილებების გადადება აფერხებდა პროცესს. მინდა უკეთ შევძლო დროის მენეჯმენტი, უფრო სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები და უფრო თავდაჯერებულად გამოვხატო საკუთარი აზრი.
რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?
ვეცდები უფრო მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა გავაძლიერო. საკუთარ თავს, გუნდთან შეთანხმებით, დავუწესებ კონკრეტულ ვადებს, რაც დროის მენეჯმენტში და პრიორიტეტების განაწილებაში დამეხმარება. ასევე, პროექტების საწყის ეტაპზე უფრო აქტიურად ჩავერთვები განხილვებში, იდეებს დროულად გავაჟღერებ და უკუკავშირს ნაკლებად გადავავადებ.