2024 წელს ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და გამოწვევის თამამად მიღება შემიძლია

2024 წელს ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და გამოწვევის თამამად მიღება შემიძლია

ჯეპრას კონსულტანტი, სალომე ქვრივიშვილი 2023 წელს აფასებს.

2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.

2023 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო ჯეპრასთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი – წარმატებით დასრულებული და სამომავლო თანამშრომლობის, გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროექტებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო განწყობა საქმეზე კონცენტრირებას სულ უფრო ართულებს, 2024 წლისთვის უკვე დავიწყეთ არაერთი მსხვილი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის განახლებული ენერგიით მზადება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევებითა და ამავე დროს, მეტი წარმატებული პროექტით იქნება დასამახსოვრებელი. შესაბამისად, ჩემთვის 2023 წლის კამპანიის მთავარი გზავნილი იქნებოდა – მეტი ამბიციით, მეტი წარმატებისკენ.

რომ  შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?

ჩემს თავს წლის დასაწყისში ვურჩევდი – მაშინ, როდესაც იფიქრებ, რომ უკვე ყველაფერი იცი, აღმოჩნდება, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, ამიტომ არასდროს შეწყვიტო თვითგანვითარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით ისეთ სწრაფად ცვალებად და განვითარებად სფეროში, როგორიც საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ვურჩიე კიდეც და ალბათ, ამის შედეგად ვარ იქ, სადაც ვარ ახლა.

2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?  (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)

2023 წელს გუნდში ძალიან ბევრ ახალ ადამიანთან ერთად მომიწია მუშაობა, მოვირგე ახალი როლები და გაზრდილი პასუხისმგებლობები, ამიტომ ჩემი მთავარი პროფესიული მიღწევა წელს, ვფიქრობ, ამ ადამიანების ნდობის მოპოვებაა. რაც ყველაზე მთავარია, უკეთესად დავინახე საკუთარი შესაძლებლობები და დავრწმუნდი, რომ 2024 წელს ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და გამოწვევის თამამად მიღება შემიძლია.