ჯეპრას დიზაინერი თაკო ჩიხრაძე 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?
2020 წელი არამარტო ჩემთვის, ალბათ მთელი მსოფლიოსთვის განსხვავებული იყო. არსებულმა სიტუაციამ გარკვეული სირთულეები ჩემ სამუშაო პროცესშიც შემოიტანა, თუმცა არც ისე დიდი როგორც თავიდან მეგონა. მთავარი პრობლემა ალბათ თანამშრომლებთან ფიზიკური კომუნიკაციის არქონა გახდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების: სხვადასხვა პროგრამებისა და სოც. ქსელების მეშვეობით ეს პრობლემა საბოლოო ჯამში მხოლოდ შეჩვევის და ახალ რიტმზე გადასვლის ამბავი აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას რომ სახლში, ოჯახის წევრებთან გატარებული მეტი დრო პატარა პოზიტივიც აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერად, თან სამსახური-სამსახურია და სახლის საქმეების და სამუშაოს ერთმანეთში არევა არც ისე პროდუქტიულია – საბოლოო ჯამში მეტად გღლის, მიუხედავად იმისა რომ თითქოს ყოველდღე სახლში ხარ და არსად წასვლა არ გიწევს.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ჩემი სამსახური მოკლედ რომ ვთქვათ ვიზუალური გადაწყვეტილებებით კლიენტის დახმარებაა ღირებული ბრენდის შექმნის, განვითარების პროცესში, მაგრამ ეს არის საქმე რომელსაც ვაკეთებ. ამის უკან კი დგას ადამიანების ჯგუფი – თანამშრომლები, რომელბთანაც ერთად ვცდილობ მივაღწიო ამას და რომლებიც ქმნიან მეგობრულ ატმოსფეროს რომელშიც მუშაობა კომფორტული და სახალისოა.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.
სამუშაო ადგილს სულ ვიცვლი, ალბათ ამით ვანაზღაურებ თვეობით სახლში ყოფნით გამოწვეულ ერთფეროვნებას, მაგრამ ძირითადი ატრიბუტები ერთი და იგივეა: უშუალოდ სამუშაო პროცესისთვის საჭირო ლეპტოპისა და სახატავი პლანშეტის გარდა ყავით ან ხანდახან ჩაით სავსე ჭიქა, ასევე ფონად ჩართული ტელევიზორი, რომელსაც არც ვუსმენ და ალბათ ესიც მარტო მუშაობასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია.