ჯეპრას ადამიანური რესურსების მენეჯერი, ეკატერინა ვიატკინი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?
2020 წელმა მაჩვენა, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც შენზე თითქმის არაფერია დამოკიდებული. წელს სრულყოფილად შევიგრძენი რას ნიშნავს სიტყვები- “ჩემზე დამოკიდებული არ არის“. მხოლოდ ამ წელს გავაცნობიერე, რომ ხანდახან ცხოვრებაში იქმნება ისეთი გარემოებები, რომელიც თავიდან ბოლომდე შენს ნებისმიერ გეგმას ანადგურებს. ყველაზე რთული, კი სწორედ იმის მიღებაა, რომ ეს არ არის ერთი კვირის ან ერთი თვის ამბავი, ეს ვითარება გაიძულებს შენი პირადი და პროფესიონალური ცხოვრების წესის კარდინალურ ცვლილებას.
ამ ახალ სამყაროში ნებისმიერი საქმის დაგეგმვისა და კეთებისას ყველაზე მეტად მეხმარება ორი კითხვა, რომელსაც ვუსვამ ჩემს თავს:
რა არ არის ჩემზე დამოკიდებული?
რა არის ჩემზე დამოკიდებული?
ამ კითხვებზე პასუხებიდან გამომდინარე ვმოქმედებ და არ ვღელავ, თუ რამე ჩემზე დამოკიდებული არ არის.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე?
საკუთარ თავს მოწესრიგებულ ადამიანს არასოდეს დავარქმევდი 😊 შესაბამისად სამუშაო მაგიდაზეც არეულობა მაქვს ხოლმე. ამ არეულობაში, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უფრო მარტივად ვპოულობ იმას, რაც მჭირდება კონკრეტულ მომენტში. როდესაც სახლიდან მუშაობაზე გადავედით, ჩემი სამუშაო მაგიდა ჯერ საძინებელში მოვაწყე, სიწყნარეში და სიმყუდროვეში, მაგრამ დროთა განმავლობაში სამზარეულოში გადმოვინაცვლე, რადგან ჩვენს „ახალ რეალობაში“ ბევრი სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთება გვიწევს და ნებისმიერი სახლის ცენტრალურ და ყველაზე „პოპულარულ“ ადგილად მაინც ყოველთვის სამზარეულო რჩება 😊
ახლა ჩემს სამუშაო მაგიდაზე, რა თქმა უნდა, ლეპტოპი მიდევს, რომელიც ჩემი ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტია.
გოლქეჩერი, რადგან სახლიდან მუშაობის დროს ძალიან ბევრი ფაქტორი ხელს გვიშლის, ყურადღება იფანტება და საქმეების ჩაწერა ბლოკნოტში აუცილებელია ჩემთვის.
ზამთარია და ცხელ, არომატულ, ლიმონიან ჩიას დღეში 135827 ჯერ ვსვამ, ამიტომაც ჭიქა მუდმივად ამშვენებს ჩემს მაგიდას.
ყურსასმენები, რადგან სახლიდან არა მარტო მე, არამედ ჩემი მეუღლეც მუშაობს და ქოლების დროს, ასე ხელს არ ვუშლით ერთმანეთს.
ჩვენი ძაღლი არჩი, რომელსაც ყოველთვის აინტერესებს რას და როგორ ვაკეთებ.
დაგვისახელე სამი ადამიანი ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ?
ჩემი მეუღლე, რადგან ყველაზე პასუხისმგებელიანი და შრომისმოყვარე ადამიანია, მათ შორის ვისაც ვიცნობ. საქმეს, თუ იწყებს აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თან მაქსიმალურად ხარისხიანად.
დედაჩემი, რადგან რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ცხოვრებაში, ყოველთვის ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას, სხვების დასახმარებლად საკუთარ თავში ძალებს ყოველთვის პოულობს და არასდროს არ ცდილობს გარშემომყოფებზე საკუთარი პრობლემების გადატანას.
ერთ-ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი, რადგანაც ყოველთვის იცის და მკაფიოდ აქვს გააზრებული რა სურს და როგორ უნდა მიაღწიოს ამას. არ ჩერდება, სულ ვითარდება და ამავდროულად პირად ცხოვერებასა და სამსახურს შორის ბალანსის შენარჩუნებაც ძალიან კარგად გამოსდის. ზოგადად ყოველთვის შთამაგონებელ მიზნებს სახავს.