ჯეპრას კონსულტანტი, მანჩო ონიაშვილი 2019 წელს აფასებს.
როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
2019 წელი ჩემთვის სიახლით დაიწყო – ჯეპრაში მოვედი სტაჟირებაზე, რისი დასრულების შემდეგაც უკვე დავიწყე მუშაობა. საკმაოდ დატვირთული წელი იყო და ასევე ძალიან საინტერესო. ბევრ სხვადასხვა პროექტში ჩავერთე, რომელთაგან ერთ-ერთსაც უკვე დამოუკიდებლად ვმართავ.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?
გამოვყოფდი წიგნების პროექტს, რომელიც ჯეპრას CSR-ის ნაწილია. პროექტის ფარგლებში ხდება ბიზნესლიტერატურის ქართულად თარგმნა-გამოცემა და თემატური საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ბაზარზე ბიზნესგანათლების დონის გაუმჯობესებას. ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო ამ პროექტში ჩართვა, რადგანაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მომიწია მუშაობა – ბრენდინგი, ვებ-გვერდის შექმნა-მართვა, სოციალური მედია, ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ
ჩემთვის სიახლე იყო ასევე რამდენიმე ორგანიზაციის საკომუნიკაციო აუდიტზე მუშაობა.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
წლის დასაწყისში გეგმაში მქონდა ახალი ცოდნის მიღება, სტაჟირების წარმატებით დასრულება და ჯეპრაში მუშაობის დაწყება, რაც აშკარად გამომივიდა. შემდეგ დაგეგმილი საკითხების განხორციელებაც პრინციპში მეტ-ნაკლებად შევძელი. ხელი შემიშალა ალბათ გარკვეულ თემებში გამოცდილების ნაკლებობამ, თუმცა 2020-ში აუცილებლად გამოვასწორებ.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?
2019 ჩემთვის პირველი წელია ჯეპრაში, შესაბამისად ვერ ვიტყვი გასულ წლებთან შედარებით უფრო წარმატებული იყო თუ არა, თუმცა ვფიქრობ, რომ წელმა ნორმალურად ჩაიარა. სტრატეგიულ შეხვედრებზე დაგეგმილ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და პროგრესი ბოლო შეხვედრაზე განვიხილეთ კიდეც. 2020-ში ეს ყველაფერი საბოლოოდ თუ განხორციელდება ძალიან მაგარი იქნება.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული მწყდება, რომ მეტ პროექტში ვერ ჩავერთე და ისე ვერ ვიაქტიურე, როგორც სტაჟირებისას, მაგრამ მიხარია, რომ გასული წელი მაინც ნაყოფიერი იყო ჩემთვის, გავიზარდე და შემდეგი წელიც წინ მაქვს.
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
მინდა მეტი დრო დავუთმო კონკრეტული უნარების განვითარებას, მეტ პროექტში ჩავერთო, ახალ გამოწვევებს შევეჭიდო და უფრო სწრაფად გავიზარდო პროფესიული კომპეტენციის კუთხით. მინდა ასევე წიგნების პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობები განვახორციელო და შევძლო თემის მეტად პოპულარიზაცია.