საზოგადოების წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი

საზოგადოების წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი

წარმატება არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ გაწეული შრომის, ნააზრევის, შექმნილის ლოგიკური დაგვირგვინება.

წარმატება აღიარებაა, აღიარება განვითარების და წინსვლისთვის.  წარუმატებლობა კი არის შედეგი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ გაუზიარებელი ქმედებების, წინსვლის და განვითარების უარყოფის, უგულობის, უსაქციელობის …. უფრო კონკრეტულად კი …

 საზოგადოებრივი წნეხი

თუ არ გინდა რომ იყო გარიყული, უნდა იყო ისეთი, როგორიც სურს საზოგადოების “ნაღებს” – “ინტელიგენციას”. ამ წოდებას ავტომატურად გიკანონებთ თქვენი ქცევების პირველადი ჰარმონიზაცია საზოგადოებრივ აზრთან. მთავარია ამის ღიად დეკლარირება და სხვებისთვის აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება. ტიტულს თუ მიიღებთ, ასევე მიიღებთ შეღავათების მთელ პაკეტს, რომელშიც აუცილებლად შედის თქვენი შემდგომი ნებისმიერი ქცევის გამართლების მოდული, აღსარების ჩაბარების წინაპირობით.

თუ დაიცავთ ამ წესს: თქვენი სამჯერ გათხოვება/ცოლის შერთვა ან სამ სხვადასხვა მამაკაცთან/ქალთან ურთიერთობა აღქმული იქნება უიღბლობად (სხვის ამ საქციელს საზოგადოება “ბოზობად” იხსენიებს); თქვენი ნარკომანობა და “ბარიგობა” – დეპრესიიდან ნაპოვნ გამოსავლად, ავადმყოფობად და ცუდი ადამიანების შენი დეპრესიით სარგებლობად (სხვის ანალოგიურ ქმედებას საზოგადოება სიბინძურედ, დანაშაულად და მიუტევებელ ცოდვად იხსენიებს); თქვენი ზომაზე მეტად მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე, უცნაური ვარცხნილობა და მძიმე მაკიაჟი ექსტრავაგანტულობად მოიხსენიება (სხვისი კი გოიმობად და ბოზობად); თქვენი არატრადიციული, სექსუალური ორიენტაცია ბავშვობაში გადატანილ რომელიმე უწყინარ დაავადებას დაბრალდება (სხვისი ასეთი ორიენტაცია მხოლოდ გარყვნილება შეიძლება იყოს) და ასე დაუმთავრებლად.

თქვენს ყველა საქციელს გაუჩნდება ლოგიკური და გამამართლებელი ახსნა. საზოგადოება ბედნიერი იქნება თქვენს მიერ დეკლარირებული ღირებულებების გამო და თქვენს ზემოთ ჩამოთვლილ და ბევრ სხვა, თუნდაც ნამდვილად უღირს საქციელს ეშმაკის სიკეთესთან ბრძოლას მიაწერს. რაც ყველაზე მთავარია, წოდება – “საზოგადოების ნაღები ფენა” შთამომავლობით გადადის და შესაბამისად თქვენი “ჯიშიანობა” აგაცილებთ პირველად ვალდებულებებს.

საჯაროდ მარხვა, ლოცვა და წმინდანების სურათების სოციალურ ქსელებში გაზიარება დამატებით კრედიტებს შეგძენთ საზოგადოების თვალში. თქვენი მოწოდება – შევეწიოთ ეკლესიის მშენებლობას და სასულიერო პირებს გაცილებით დიდ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე მშიერი და სასიკვდილოდ განწირული ბავშვების უტყვად დახმარება.

1000 განწირულიდან 1-ის გადარჩენა ისეთ ეფექტს ვერ მოახდენს, ისეთ საზოგადოებრივ ზეიმს ვერ გამოიწვევს, როგორც ახალი ეკლესიის კურთხევა. არჩევანის გაკეთება აქაც იოლია. მთავარია არასოდეს მიუთითოთ დედა ეკლესიას მასში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე – მათ ღმერთი განსჯის, მანამდე კი ისინი განგვსჯიან ჩვენ ან შეგვინდობენ.

asasasa

ტაბუდადებული თემებისიმართლე მხოლოდ ჩვენია

საზოგადოების არსებობის საფუძვლად ჩამოყალიბდა წესები და დოგმები, რომლებიც დაადგინა “ელიტა-ინტელიგენციამ”. მიდგომა მკაცრია – წესების დარღვევა ისჯება საზოგადოებიდან გარიყვით. მიუხედავად საუკუნეების მანძილზე მიმდინარე პროგრესისა, არსებული წესები და დოგმები გადახედვას არ ექვემდებარება.

კითხვის დასმა მათ მართებულობასა და თანამედროვეობაზე თვითმკვლელობის ტოლფასია. ტექნიკური, სამეცნიერო, სამედიცინო, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სხვა ტიპის პროგრესი მისაღებია, თუ ის არ არღვევს საზოგადოებაში გამეფებულ იდილიას და არ აწუხებს საზოგადოებას შეგუების პროცესით.

ქცევის წესების და დოგმების დადგენის მიზეზი არის “ელიტის” თვითდაჯერება, რომ მან უკეთ იცის რა სჯობს საზოგადოებისთვის. ეს ყოვლისმცოდნეობა გვაძლევს უფლებას ვქექოთ სხვისი პირადი ცხოცრება, ვაკრიტიკოთ, მოვუწოდოთ თუ როგორ მოიქცნენ, რა ილაპარაკონ, რა ჩაიცვან, რა ჭამონ, ვისთან იძინონ, ვისთან იმეგობრონ, რა წაიკითხონ, რას უსმინონ და ამავდროულად თვითონ ვიყოთ ყველაზე უვიცი, უზრდელი, უგემოვნებო, უბედური და კმაყოფილება მივიღოთ სხვისი განკითხვით.

კითხვის დასმა სხვადასხვა წესებთან და ტაბუდადებულ თემებთან მიმართებაში ისეთივე ცოდვაა, როგორიც ამ წესების დარღვევა. ტაბუ გვაძლევს კომფორტს, რომ სამუდამოდ დაიხუროს განსჯისათვის ის თემა, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. სიმართლე ხომ მხოლოდ ერთია და ის მხოლოდ ჩვენია…

გაგრძელება შემდეგ პოსტში.