PESO – რატომ არის აუცილებელი მისი გამოყენება პიარში?
რა არის საერთოდ PESO? – ესპანური ვერცხლის მონეტა თუ…
თავიდან მეც ვერაფერი გავიგე, შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე „დავგუგლე“ და როგორც ასევე მოსალოდნელი იყო, ვიკიპედიამ დაასწრო ყველა არსებულ საინფორმაციო წყაროს, რამდენიმე განმარტებაც ამომიგდო და აი, ეს „მაცნობა“:
პესო, პეზო (ესპ. peso, სიტყვასიტყვით — წონა , ლათ. pensum — აწონილი) – ესპანური ვერცხლის მონეტის მოჭრა დაიწყო XVI საუკუნეში, კარლ V-ის დროს და გრძელდებოდა 1868 წლის ჩათვლით, იჭრებოდა 8,4 და 2 რეალის ღირებულების. თავდაპირველად, პესო ერქვა ვერცხლის თანაბარი ზომის ნაჭრებს, რომლებსაც ესპანელები ამერიკის დაპყრობილ ტერიტორიაზე ფულის ნაცვლად ხმარობდნენ. პესო იჭრებოდა, როგორც ესპანეთის, ისე ამერიკის კოლონიების ზარაფხანებში.
მოკლედ, სულ ეს იყო…
როგორც მიხვდით, იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და კიდევ მოვიძიე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია… მოლოდინისამებრ აღმოჩნდა, რომ ამჯერად ვიკიპედიას „პიარმა“ გაასწრო, რომელიც სწორედ იმ ტერმინოლოგიას თუ სიტყვების ერთობლიობას იყენებს, რომელიც ჯერჯერობით, ვიკიპედიისთვისაც „უცხო ხილია“.
და ვიდრე მის შესახებ ვიკიპედიაში ნახავდეთ, მე გეტყვით, რომ…
ბოლო 10 წლის განმავლობაში, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ქართულ ენაში, მითუმეტეს პიარის სფეროში, საკმაოდ ბევრი ტერმინი დამკვიდრდა, თუნდაც აბრევიატურის სახით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა/გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, მოწყობილობები…. ჩვენს მეხსიერებაში გვინდა თუ არ გვინდა ილექება/ინახება სწორედ ის ტერმინოლოგია, რომლებზეც 50 წლის წინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა… გამოგონებები, ტექნოლოგიები, ინოვაციები, სრულყოფილი მოწყობილობები – ყველა ეს ცვლილება გვეხმარება კომუნიკაციაში და შესაბამისად, ჩვენც ვცვლით ურთიერთობების წესებს… ამ მხრივ, გამონაკლისი არც მედიასთან ურთიერთობა აღმოჩნდა და თუ რა შუაშია ახლა აქ მედია, ქვემოთ მოგიყვებით….
დრო, როდესაც მედიამენეჯერები ქმნიდნენ მხოლოდ ექსკლუზივებს, ამზადებდნენ პუბლიკაციებს ბეჭდური მედიისთვის და რგოლებს სატელევიზიო პროგრამებისთვის, წარსულს ჩაბარდა. ამიტომაც, ბევრი კომპანია ჩაიძირა, გაუფერულდა და გაქრა. დაიწყო განვითარება ახალმა საკომუნიკაციო არხებმა, წინა პლანზე წამოიწია ონლაინ გამოცემებმა და სოციალურმა ქსელებმა… გაჩნდნენ სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ორგანიზება გაუწიონ კომპანიის მთელ საკომუნიკაციო სისტემას.
მედია გარემო იცვლება: ხალხი აღარ იწყებს დღეს მათ საყვარელ საიტებსა თუ გაზეთებში ინფორმაციის წაკითხვას. მომხმარებლები ინფორმაციის დიდ ნაკადს სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინ მედიაში მხოლოდ სათაურებისაგან იღებენ. მომხმარებელი ითხოვს ხარისხიან კონტენტს, რაც სათაურის გარდა, ტექსტს სრულად წააკითხებს.
სწორედ ეს არის მოდელი PESO – მნიშვნელოვანი იარაღი თანამედროვე მედიამენეჯერებისთვის მსოფლიო საინფორმაციო/მედია სივრცეში შესაღწევად, ზოგჯერ გარკვეული საფასურის სახით, ზოგჯერ კი – უბრალოდ კონტენტის ხარჯზე.
მოდელი PESO – მედია მენეჯერის სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი/აუცილებელი მიმართულება.
პირდაპირი განმარტება არ არსებობს, PESO – ეს არის აბრევიატურა, რომელიც ასე ჩაიშლება: Paid, Earned, Shared და Owned.
Paid – მედიაში ფასიანი სტატიების განთავსება. ეს იქნება დასპონსორებული სტატია თუ საიმიჯო მასალა, რომელიც ზუსტად ასახავს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის გაჟღერებაც სურს ბრენდს თუ კომპანიას. ასევე, ის მოიცავს საიმიჯო ან სარეკლამო რგოლების განთავსებას. ფაქტობრივად, ეს არის პიარ სტრატეგიის ფარგლებში ფასიანი პუბლიკაციები – რეკლამა სოციალურ ქსელში, სარეკლამო შინაარსის ნიუსები, იმეილ მარკეტინგი და ა.შ.
Earned – აუცილებელია მედიასთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან პარტნიორული და ზოგჯერ „მეგობრული“ ურთიერთობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ შედეგს: ისინი გახდნენ ჩვენი მხარდამჭერები მნიშვნელოვან წამოწყებებში, კამპანიებსა თუ ფესტივალებში. მოლაპარაკების ფარგლებში მიღებული მედიაარხები, ფაქტობრივად მედიაში უფასო სტატიების განთავსება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს ექსკლუზივს, უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა შეიცავდეს რეკლამის ელემენტებს. კერძოდ, უნდა იყოს საავტორო შინაარსის, რომელიც ეხება ბრენდს, პროდუქტის სიახლეებს, სტატიებს კომპანიის ან სერვისის შესახებ, ინტერვიუებს მაღალ მენეჯერებთან და ა.შ. ეს არის ის, რაც ყველაზე ხშირად განსაზღვრავს მედიამენეჯერის ეფექტურობას, რადგან ეს შედეგები ყველაზე თვალსაჩინო და ხელსაყრელია.
Shared – აღნიშნული ტენდენცია განვითარდა და უკვე გასცდა მარკეტინგისა და კლიენტის მომსახურების ფარგლებს. სოციალური ქსელები, ეს ის მედია არხია, სადაც უსაზღვრო შესაძლებლობა გაქვს საინტერესო მასალა გააცნო ფართო საზოგადოებას. ეს პლატფორმები საუკეთესო საშუალებაა ვიზუალური თუ ვირუსული შინაარსის მასალების გავრცელებისთვის, რაც საზოგადოებაში ნამდვილად იწვევს დიდ ინტერესს. ამიტომაც, კომპანიები მას აქტიურად გამოიყენებენ, როგორც კომუნიკაციის ძირითად წყაროს შიდა და გარე კომუნიკაციების სისტემაში.
Owned – მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება საკუთარი არხებით: კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი და კორპორაციული ბლოგი. თქვენს მფლობელობაში არსებული ეს არხები გაძლევთ საშუალებას სრული კონტროლი გქონდეთ მათი მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებზე.
თუ მედია-კონტენტის ოთხივე ტიპის ინტეგრაციას შევძლებთ, აუცილებლად გამოიკვეთება შემდეგი ინსტრუმენტები:
იმ შემთხვევაში, თუ PESO მოდელი სწორად მუშაობს – ის დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ სანდოობა/ავტორიტეტი. და თუ თქვენი ქმედებები გაამართლებს – ამას აღირებენ კონკურენტებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, გუგლიც.
მოკლედ, ეს ლატარიის ბილეთია. მაგრამ როგორ მივიღოთ ის?
ის ჩვენთან ოდნავ განსხვავებულია, მაინც ქართულია და ცოტა „არეულიც“. უკვე რამდენიმე წელია, მე პირადად, ამ მიდგომას ვიყენებდი. არის შემთხვევები და არის მედიასაშუალებები, რომელთანაც არც ხარისხიანი კონტენტი ჭრის და არც ექსკლუზივი. მათ აქვთ, ე.წ „ოფერი“ და მის მოთხოვნებს არ უნდა ასცდე – ყველა განთავსება ფასიანია. თუმცა, საბედნიეროდ, მედიასაშუალებების უმეტესობა მზად არის გახდეს კამპანიის პარტნიორი/მხარდამჭერი, სწორედ იმ ფასად, რომ მათ პირველებმა შექმნან კონტენტი, და სარგებლობდნენ „ექსკლუზიური“ უფლებებით.
და ბოლოს, რაც შეეხება PESO მოდელის გამოყენების ეფექტურობის შეფასებას, ჩვენთან ესეც განსხვავებულია: იდეალური სტარტი ეს არის – საკუთარი კონტენტი. სამყაროში თუ პირველად იყო სიტყვა და შემდეგ… დანარჩენი… პიარში პირველად იყო კონტენტი….