ციფრული ყოველდღიურობა ეტაპობრივად ახალ თვისებებს იძენს და ამავდროულად დღითიდღე, როგორც დედამიწის ზურგზე, ასევე ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო სამშობლოშიც კურდღლებივით მრავლდება ციფრული მედია სააგენტოები. საინტერესო ხდება, თუ რა ტიპის ცვლილებებს თუ სამომავლო სარგებელს შეიძლება ველოდოთ ციფრული სამყაროსგან.
სავარაუდოდ ბლოგის კითხვის პარარელურად მესენჯერში თუ სხვა სოციალური მედია პლატფორმის ჩატში მეგობარი გწერს, ან ამა თუ იმ პოსტს, მიმს თუ რაიმე სხვა ტიპის კონტენტს გიზიარებს, ამიტომ თქვენთვის ღირებული თუ არაფრის მომცემი კონტენტის დაკარგვის გარეშე მოკლედ აღგიწერთ იმ მცირე ცვლილებებს, რაც ციფრული კომუნიკაციის სამყარომ, თითქოსდა შეუმჩნევლად, შეიძლება წარმოგვიდგინოს.
აქტივობების სიაში პირველი ადგილი სოციალური მედია საშუალებების უფრო მეტად გასოციალურებას უკავია. მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბატონი მარკის ოხუნჯობის მიუხედავად Facebook-ი ინარჩუნებს ლიდერობას და თითქმის ყველანი ბედნიერები არიან. ბედნიერია ონავარი მარკიც, რომელმაც მხოლოდ კონგრესმენებთან ჯდომით და მათთვის მარტივი პასუხების გაცემით 3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. პლატფორმების მეგობრულობა განპირობებულია სხვადასხვა ნაბიჯებით, რომლებიც ისე აღწევენ ჩვენს შიდა სამყაროში, რომ ამას დიდ ყურადღებას არც კი ვაქცევთ.
დაიწყე მსგავსი ბლოგის კითხვა სახლში თუ ოფისში, როცა შენი როხროხა უფროსის (ქმრის/ცოლის) გამო, ნაკლებად საინტერესო შეხვედრაზე მოგიწია წასვლა. ამის გამო ასევე მოგიწია კითხვის გადადება, მაგრამ კონტენტის ჰაეროვნებიდან გამომდინარე შეგიძლია გზად, მანქანაშივე განაგრძო კითხვა სანამ შეხვედრაზე მიხვალ, ან საერთოდ აუდიო ვერსიის საშუალებით, შენს საყვარელ უფროსთან, ცოლთან თუ ქმართან ერთად მოისმინო მსგავსი საოცარი ბლოგი სატრანსპორტო საშუალებაში.
კონტენტის მიღება გახდა უწყვეტი პროცესი, ალბათ, დიად ყოვლისშემძლე ბრიუსს ან ევანსაც გაუჭირდება ამ პროცესს ხელი შეუშალოს. მაგრამ მე მაინც ვიზუალურ ვერსიას ავირჩევდი, რადგან ვიზუალურ ვერსიაში არსებული ვიზუალური თხრობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინფოგრაფიკებით, ილუსტრაციებით თუ გრაფიკული დიზაინითაა შეხმატკბილებული, ბევრად საინტერესოს და სასარგებლოს ხდის კონტენტიდან მიღებულ ინფორმაციას, ხოლო უფროსს თუ რა მიზეზს წარუდგენთ ეს თქვენზეა დამოკიდებული.
სოციალური ქსელების მეშვეობით დღესდღეობით ყველა და ყველაფერი მედიის პატარა შემადგენელ ნაწილაკებად იქცა, ხოლო პერსონალიზაციის მეშვეობით, რომელიც დღეს თითქმის ყველა აქტიური სოციალური მედია პლატფორმის ჩაშენებულ ფუნქციას წარმოადგენს, თითოეულ ინდივიდს საშუალება ეძლევა იპოვოს ის სამოგზაურო ბილიკი, რომლის გარშემოც თავის ვირტუალურ თუ არავირტუალურ ინტერესებს ჩამოაყალიბებს და ნელ-ნელა წითელქუდასავით გაუყვება.
დარწმუნებული ვარ, წითელქუდას გაგრძელებაც იცით. სწორედ მგლის ტიპის ელემენტები აფერხებენ სოციალური ქსელების უფრო გასოციალურებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ უსარგებლო, უინტერესო და სხვადასხვა საზიანო ინფორმაციას, კონტენტს და ზოგადად ყველა იმ ელემენტს, რაც ამა თუ იმ სოციალური მედია პლატფორმის ფუნქციებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გენერირებული. მიუხედავად ამისა ეს განვითარების განუყოფელი ნაწილია და საბოლოოდ დიდი ალბათობით მაინც უბრუნდება მომხმარებელი იმ ბილიკს, რომლის გარშემოც აქამდე ღებულობდა თუ გასცემდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, კონტენტს და არამარტო …
ამიტომ ძვირფასო მკითხველო ნუ დაიჯერებთ რომ მარკ ზუკერგბერგი გწერთ პირად შეტყობინებაში, შეეცადეთ თავი არ ამოყოთ იმ უდაბურ ტყეში, სადაც შეიძლება მგელმა თქვენით დანაყრება მოინდომოს.