ჩვენი საყვარელი ბუმბერაზი სოციალური ქსელი თითქოს ყოველთვე ახალ-ახალ ფუნქციებს გვიგორებს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე, რაც ეს ბოლო თვეებია დიდი ზარ-ზეიმით ერთვება „ფეისბუქის“ მომხმარებლებს, არის კომპანიის ლაივ პლატფორმა.
ვისაუბროთ, რას წარმოადგენს Facebook Live, როგორ გამოვიყენოთ და რა როლი შეიძლება მან ითამაშოს თქვენს ბიზნესში.
რა?
თავისი არსით, Facebook Live პირდაპირი ეთერის სერვისია, რომელიც ჩაშენებულია „ფეისბუქშივე“ და ამოქმედებულია სმარტფონების (ამ ეტაპისთვის მხოლოდ iPhone და Android) შესაბამის აპლიკაციაში. ვიდეოს, როგორც კონტენტის ტიპის პოპულარობა, ყველამ ვიცით; სოციალური გიგანტის ამ მიმართულებით გააქტიურებაც არავის უკვირს.
თითო ტრანსლაცია 90 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, გააჩნია მოქნილი აუდიტორიის მართვის ინსტრუმენტები და დასრულებისას ავტომატურად ხტება როგორც ჩაწერილი ვიდეო ავტორის პროფილში, რაც ფრიად მოსახერხებელია.
როგორ?
გააქტიურებული პროფილებისთვის ლაივის ფუნქციის მოხმარება საკმაოდ მარტივია.
• ფეისბუკის მობილურ აპლიკაციაში „ვუჯიკოთ“ სტატუს ბარს ახალი პოსტის გამოსაქვეყნებლად. ქვედა მარჯვენა კუთხეში ადამიანის ფორმის ახალ ღილაკს შეამჩნევთ, რომელიც ლაივსტრიმს დაიწყებს.
• ღილაკზე შეხებისას, შეგეძლებათ სტრიმს დაარქვათ სახელი და აარჩიოთ ვიდეოს აუდიტორია (ფაბლიქები, ფრენდლისტები და მთელი ეს ყველასათვის ნაცნობი ამბავი).
• დაიწყეთ ვიდეოჩაწერა და ვუალა! ლაივში ხართ. დასრულების ღილაკით ტრანსლაცია შეწყდება და დაარქივდება თქვენს თაიმლაინზე, საიდანაც შეძლებთ, მართოთ ის როგორც ჩვეულებრივად ატვირთული ვიდეო.
• ტრანსლაციის მსვლელობისას ასევე დაინახავთ მზარდ ლაიქებს, რეაქციებს და კომენტარებს ვიდეოს ქვედა მხარეს. ასე აუდიტორიას თქვენთან პირდაპირ რეჟიმში კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს, და მათთან დიალოგიც უფრო ლაღი და „ცოცხალი“ ხდება.
რატომ?
დღეს კონტენტი რომ მეფობს, ამას ყველა ხედავს. ამ დიადი მონარქის მსახურებაში მყოფი სერად წოდებული „ვიდეო“ კი დღეში აგერ უკვე 100 მილიონ ნახვის საათს აგროვებს, ესეც მარტო Facebook-ზე.
როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, რთულია სიტუაციის წარმოდგენა სადაც ვიდეოს პოტენციალის ათვისება არ არის პრიორიტეტი. ლაივი კი ამის ძალზედ მარტივ და სახალისო მეთოდს გვთავაზობს, რომლითაც შეიძლება პატარ-პატარა მონაკვეთების და შიდა სამუშაოების გაზიარება თქვენს სამიზნე აუდიტორიებთან.
თანამშრომლების გაცნობა, სცენებს მიღმა მიმდინარე პროცესების გაშუქება, მინი ტუტორიალები – ლაივის გამოყენება აუდიტორიასთან სწრაფი დიალოგის დასაწყებად ძალიან მარტივია.
აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე სწრაფ რჩევას, თუ გადაწყვეტთ ამ ჯადოსნური პატარა ინსტრუმენტის გამოყენებას:
წინასწარ გააფრთხილეთ აუდიტორია, სანამ გახვალთ ლაივში. თქვენი ტრანსლაციების ნელ-ნელა მოვლენებად ქცევა და ხალხში მათთვის მომზადების კულტურის ჩამოყალიბება კარგის მეტს არაფერს მოგიტანთ.
კარგი ინტერნეტ-კავშირის გარანტია იქონიეთ და აქაც სასურველია იჯდეთ მინიმუმ სწრაფ Wi-Fi-ზე. ძლიერი ინტერნეტწვდომა აუცილებელია სტაბილური ტრანსლაციისთვის – არავის უყვარს ხტომია-ჭედვია ვიდეოები.
სათაური არის პროლოგი და თქვენი #1 ინსტრუმენტი რათა მნახველი დააინტერესოთ და დაარწმუნოთ, რომ დარჩნენ სტრიმზე. აქ მოყვანილი ჰედერი თუ აღწერა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე, გასაგებად გადმოსცემდეს კონტენტის მიზანს და არ იყოს პროზაულად დატვირთული – მთავარი მაინც ქვემოთ ხდება.
ყოველი მაყურებელი პოტენციური გამომწერია და ვიდეოს დატვირთვა მოწოდებებით და მესიჯებით, რათა სპონტანური სტუმრები სტაბილურ მაყურებლებად ვაქციოთ, უმნიშვნელოვანესია. მეტიც, Call-to-Action ფუნქციის ათვისებაც სწორედ ამ მიწნით შეიძლება – ან ნებისმიერი სხვა ტიპის გადამისამართებისთვის ვიდეოს ბოლოს.
თქვენ ცოცხალი აუდიტორია გყავთ და ამის აღნიშვნა სწორედაც რომ ლაივის მთავარი უპირატესობაა. მიმართეთ ზოგს სახელით, გააბით მოკლე საუბრები, აგრძნობინეთ მაყურებელს თავი ჩართულად. ემოციური ბმა ნებისმიერი სახის კონტენტთან ყოველთვის იწყება პირადი იდენტიფიცირებით მოცემულ მასალასთან.
Size matters რაც არ უნდა ითქვას 🙂 ტრანსლაციები რომლებიც 10 ან მეტ წუთს გრძელდება გაცილებით დიდი წვდომით და დინამიური აუდიტორიის ზრდით იკვეხნის – უფრო გასაგებად, რაც უფრო დიდხანს ხართ ლაივში, მით მეტი იგებს ამას და იჭყიტება სანახავად. თუ საქმეს კარგად აკეთებთ, დარჩებიან კიდეც.
არ ჩავარდეთ ლაივსტიმის შაბლონში, აწარმოეთ ტრანსლაციები სხვადასხვა თემებზე და უყურეთ აუდიტორიის რეაქციის ტენდენციებს. ნებისმიერი ტიპის კონტენტი ხდება მოსაბეზრებელი საკუთარი თავის გამეორებით და ლაივი არავითარ შემთხვევაში არ არის აქ გამონაკლისი.
გასვლა ჩვენ ვიცით ლაივში!