რა არის სურვილი? ეს არის ჩვენი ოცნება და მოლოდინი; „იმედი“, რომ რაღაც, რაც ჩვენ გვინდა, ოდესმე მოხდება. სურვილი არის ის, რისი შესრულებაც შესაძლებელია შემთხვევით, თავდაუზოგავი შრომის გარეშე.
რა არის მიზანი? ეს არის ოცნება, რომლის მისაღწევადაც ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ვასრულებთ მას. მიზანი პიროვნების ამბიციის გამოხატულებაა. მიზანი არის ის, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით.
მიზნის მისაღწევად ჩვენ ვმოქმედებთ, სურვილზე კი უბრალოდ ვოცნებობთ. მიზანი მოითხოვს ქმედებას, სურვილის შესრულება კი შესაძლებელია თითის გაუნძრევლად, მაშინაც კი როცა გძინავთ. ბავშვობაში ხშირად მიოცნებია, რომ ჩიტივით ცაში მეფრინა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი სულ მაღლა ვიყურებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს მიცდია გავფრენილიყავი. იმიტომ, რომ ვიცოდი, ოცნება სიზმარია, ქმედება კი მიზნის შესრულების საშუალება და ის აუცილებლად მიღწევადი უნდა იყოს.
მიზნის მიღწევა კონკრეტულ ვადაშია გაწერილი, სურვილი კი უბრალოდ სურვილია, ყოველგვარი დროითი ჩარჩოს გარეშე. ხშირად ადამიანები ერთი სურვილით სულდგმულობენ, ისე რომ ვერასოდეს ისრულებენ მას. გიოცნებიათ ლატარეაში ფულის მოგებასა და გამდიდრებაზე? რა თქმა უნდა კი. თუმცა ეს ვერასოდეს იქცევა თქვენს მიზნად. ამ სურვილს დროში ვერ გაწერთ და შესაბამისად, ვერც თქვენს ცხოვრებას დაგეგმავთ იმის იმედად, რომ ხვალიდან ან ზეგიდან მონაგები თანხით უზრუნველად იცხოვრებთ.
სურვილი უფასოა, მიზანს კი ფასი აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ უფასოდ, მიზნები კი კონკრეტული საფასურის გარეშე არ სრულდება. თუ ჩვენ ვოცნებობთ, ვიყოთ „უფრო მდიდარი, უფრო წარმატებული, უფრო ჭკვიანი“, ამისათვის ოცნება უნდა ვაქციოთ მიზნად და შესაბამისი საფასური გავიღოთ. ეს შესაძლოა იყოს ფული, რომელსაც დავხარჯავთ სწავლისა და განვითარებისთვის; დრო, რომელსაც მოვაკლებთ ოჯახს და ჩვენს თავს და მივუძღვნით წარმატების მიღწევას; ენერგია, რომელსაც დავხარჯავთ დასახული მიზნების მისაღწევად. დრო, ძალისხმევა და ფული – ეს არის საფასური, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მიზნის მიღწევის სანაცვლოდ.
მიზანს მოაქვს რეალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედეგი. სურვილს კი მხოლოდ ემოციური კმაყოფილება. გინდა ცხოვრების, სამუშაოს, სტატუსის შეცვლა? ეს შესაძლებელია მხოლოდ მიზნის დასახვით და მიღწევით. ოღონდ ერთი პირობით. მიზანი ყოველთვის ციფრებში უნდა იყოს გამოსახული. ვიყოთ „უფრო მდიდარი, უფრო წარმატებული, უფრო ჭკვიანი“ – ეს ოცნებაა, რომლის მიღწევის წარმოდგენით ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ზემოთხსენებულ ემოციურ კმაყოფილებას, რადგანაც არ ვიცით რამდენია ეს „უფრო“. ვიყოთ „1 მილიარდი დოლარის მფლობელი“, „დავწინაურდეთ კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობაზე“, „წავიკითხოთ 100 ახალი წიგნი“ – აი ეს არის მიზანი, რადგანაც მას მერე რაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ზუსტად გვეცოდინება რა მივიღეთ და რის ფასად.
სურვილი ავარჯიშებს ჩვენს წარმოსახვას, მიზანი კი გვავარჯიშებს ჩვენ. მიზნის მისაღწევად გაწეული შრომა ხვეწავს ჩვენს შესაძლებლობებს და უნარებს. სურვილი შთაგვაგონებს, მიზანი კი სამუდამოდ ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ხანდახან მხოლოდ ერთი ნაბიჯია ჩვენი ოცნების მიზნად ქცევამდე. შეიძლება ამ ერთი ნაბიჯის გადადგმას წლები მოვანდომოთ, მაგრამ როგორც იტყვიან „ჩიტი ბდღვნად ღირს“ – ამან შესაძლოა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.
დაბოლოს, ბევრი იოცნებეთ, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები გაცილებით მეტია ვიდრე ოცნებები… იმიტომ, რომ ოცნებები იშვიათად სრულდება, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს.