შაბათ-კვირას სამაგალითო ვიყავი. შაბათ-კვირას, აწ უკვე ვიქენდზე, დედა წავიყვანე სოფელში და საქმეებში დავეხმარე. მართალია, მთელი შაბათი მეძინა და კვირასაც 3 საათისთვის წამოვედი თბილისისკენ, მაგრამ დილიდან მოვასწარი და საკარმიდამო ეზოს დასუფთავებაში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ მეზობელთან შიდა ღობის დაზიანებული უბანი შევაკეთე (უფრო სწორად გამოვცვალე ახლით) და მეზობელთანვე შევადგინე ახალი ღობის სავარაუდო ბიუჯეტი. ღვინის და ჭაჭის შუშის ჭურჭელში გადასხმასა და მნიშვნელოვანი რესურსის დაბინავებაზე აღარაფერს ვამბობ.
ამ დღეს სოფლის ნაწილი ვიყავი, ამ დღეს ბუნების მეგობარი ვიყავი. საფოცხველით ვაგროვებდი შემოდგომით დაგროვილ ტოტებს, ფოთლებსა და ბალახს და ვფიქრობდი ბავშვობაზე. ვიხსენებდი ბუნებასთან ჩემს კავშირსა და ყოველ ზაფხულს მასთან შეხებას. ვუყურებდი ჩვენს პატარა ეზოს და ძირითადად ხეებს ვიხსენებდი, რომლებიც აღარ იყვნენ. არც მიკითხავს სად გაქრნენ, უბრალოდ მივხვდი, რომ დრო მოჭამეს და აღარ იყვნენ. ყველაზე მეტად მაინც ზაფხულის ვაშლის ხეზე დამწყდა გული, რომელიც მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ისხამდა, მაგრამ რას ისხამდა. არც ვაცლიდით დამწიფებას, ისე ვასუფთავებდით მთლიანად. დამყოლი ხე იყო, ადვილად ასასვლელი და ყველა კენწეროს ვწვდებოდით. გავიხსენე ტყემლის ხე, რომლიდანაც ჩამოვვარდი ბავშვობაში, ქლიავები, რომლებიც სახლის უკან იდგა და მათგან სახურავზე შეიძლებოდა მოხვედრა და ბევრი თხილი, რომელიც ღობის კუთხეში იყო. ყველაზე მეტად მაინც თეთრი თუთის ხე დააკლდა ეზოს, ჩვენ და ლონიას ოჯახს რომ გვქონდა საზიაროდ.
ხეხილი გაქრა ეზოდან, მაგრამ რამდენიმე ხე მაინც შემორჩა გომს და გომის კარმიდამოს. კაკალი ისევ დგას და თურმე წელს ბევრიც დაუსხამს. გოზინაყი გამახსენა დედაჩემმა საახალწლო და მომიყვანა მაგალითად. ბებერი კომში, მარაოსავით გაფარჩხული ისევ უკანა ეზოს შუაგულს ამაგრებს. მიყვარს ეს ხე, მასზე ვისწავლე ხეზე ძრომიალი. ყველაფერს კი უკვე 90 წლამდე ასაკს მიღწეული ცაცხვის ხე ამაგრებს. გომის, ჩვენი ეზოს და ჩვენი დიდი ოჯახის სიმბოლო. ცაცხვის ხე, რომელიც პაპაჩემმა კოტემ (ვისი სახელიც მე მქვია) დარგო გასული საუკუნის 30-იან წლებში და რომელიც თითქმის მთელ ეზოს ფარავს თავისი ჩრდილითა და სილამაზით.
ღობის გაკეთებასა და სახლის აშენებასთან ერთად ხეების დარგვაც დავისახე ამოცანად და გავაგრძელე საფოცხველით ფოთლების, ბალახებისა და წვრილი ტოტების დასაწვავად შეგროვება…
მივაწვეთ ხეების დარგვას!
გამოსავალი მაინც ერთია. ხეები უნდა დავრგოთ, ხეხილი მოვაშენოთ, მოვუაროთ და გავამრავლოთ. მახსოვს, როგორ ვჭრიდით ხეებს ფშავში, შეშის დასამზადებლად. გამხმარ და უკვე მოტეხილ ხეებს ვეტანებოდით მხოლოდ და იმაზეც ბებოს ნებართვა უნდა მიგვეღო. ჯანმრთელ ხეს ვინ მოგაჭრევინებდა! იქ ხის დარგვა კი არ იყო საჭირო, უღრან ტყეებში, მაგრამ სახლის პირას მაინც რგავდნენ კაკლებს და ხეხილს. ეს ტრადიცია უნდა აღვადგინოთ, ხეები უნდა დავრგოთ!
ხეები უნდა დავრგოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს! და მერე უნდა ვიზრუნოთ მათზე. დავტკბეთ და შევიგრძნოთ ჩვენი დარგული ხეები. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, უბრალოდ უნდა დავრგოთ და სხვას მივანიჭოთ სიამოვნება. წარმოვიდგინოთ უცებ, როგორ გავალამაზებთ, გავაჯანსაღებთ და გავაძლიერებთ იმ გარემოს, სადაც ხეებს დავრგავთ და გავახარებთ. ხეების დარგვას უნდა მივაწვეთ!
ამ აზრზე რომ ვარ მყარად და ეს ფიქრი რო მიტრიალებდა სულ თავში ჩემს ეზოში ფუსფუსის (არასოდეს წარმომედგინა თავი მოფუსფუსის როლში) დროს, ამიტომ გამიხარდა უზომოდ treepex-ის თაობაზე რომ გავიგე პირველად. ხის ნერგი ხომ ხის ნერგად მივიღე საჩუქრად, მაგრამ მთავარი რაც გავიგე, ხეების დარგვის შესაძლებლობა იყო. პირველად მომინდა რამე აპლიკაციის გადმოტვირთვა და დაინსტალირება. მართლა პირველად მომინდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მეზარება! ჰოდა, თქვენც მინდა რომ მოგანდომოთ და გადმოგატვირთინოთ ეს გემრიელი აპლიკაცია!
როგორ მუშაობს treepex? (ამონარიდი „ბროკჰაუზის“ ენცილოპედიიდან)
1. მომხმარებლებმა უნდა გადმოწერონ Treepex აპლიკაცია, რომელიც აბსოლუტურად უფასოა;
2. დაასკანირონ QR კოდი, რომელიც უნიკალურია და მოყვება თითოეულ შეძენილ პროდუქტს თუ სერვისს;
3. გადაუღონ ფოტო;
4. გააზიარონ სოციალურ ქსელში (სოციალურ ქსელში სურათები ზიარდება სპეციალური თეთრი ჩარჩო/ბრენდ ნიშნით შემდეგი წარწერით. მაგ: გილოცავთ თქვენ სახელზე ხე დაირგო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე).
გადმოტვირთეთ…
დააინსტალირეთ…
დარგეთ ხეები…
20 წელიწადში კარგი ნიავი უნდა უბერავდეს ჩვენთან, გრილი და ჯანსაღი!