მადლიერება უნარია, შეიძლება ითქვას ნიჭიც. ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი მადლიერი დამოკიდებულება ჰარმონიისა და წონასწორობის წინაპირობაა. თითოეულ სიტყვას, ქმედებას, რომელიც მადლიერებითაა გაჯერებული, აქვს დიდი ძალა, გვავსებს ენერგიით, ცვლის ჩვენს გარემოს ირგვლივ და აუცილებლად უკან გვიბრუნდება.
მადლობა ვუთხრათ გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვზრუნავთ მასზე, არ ვითვალისწინებთ, არ ვუფრთხილდებით მის რესურსებს, ბუნება მაინც კეთილგანწყობილი რჩება და მშვენიერი, ზღაპრული და მრავალფეროვანია.
„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს“ – ჟან–ჟაკ რუსო.
როდესაც ხარ ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, სამყარო იწყებს ამ სიკეთის გაცემას. დაფიქრდით…
თუ დააკვირდებით, ადამიანები ყოველთვის ვწუწუნებთ იმაზე, რაც არ გვაქვს და არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არადა, რა მარტივია უბრალოდ იყო მადლიერი იმის, რაც გაგაჩნია.
„ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც სურს; უფრო ბედნიერია ის, ვისაც ის სურს, რაც ხელმისაწვდომია“ – ვეისი.
ერთ დღეს, ავიღე ფურცელი და კალამი, შუაში ჩამოვუსვი სწორი ხაზი და დავიწყე შევსება. პირველ რიგში, ხაზის მარცხნივ ჩამოვწერე ის საგნები, მდგომარეობები, პირობები, შესაძლებლობები, უნარები, რაც გამაჩნდა. შემდეგ, მარჯვნივ დავიწყე იმის ჩამოთვლა, რაც ჩემი აზრით „მაკლდა“ და ვფიქრობდი, რომ ბედნიერებისთვის საჭირო იყო და ვწუხდი, რომ არ მქონდა.
„ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმის გამო, რაც გაგვაჩნია“ – დანიელ დეფო.
სულ რამდენიმე წუთში, როდესაც გადავიკითხე ჩემი „პირობითი ცხრილი“, დავინახე, რომ მარცხნივ განთავსებული გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მის მარჯვნივ. კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და რამდენჯერმე ამოვიკითხე ჩამონათვალი, გავიაზრე და მივხვდი, რომ „რაც არ მქონდა“ სულაც არ იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი გაბედნიერებისთვის.
ამ ჩემი სპონტანურად შექმნილი „სავარჯიშოს“ მადლიერი ვარ, რადგან დამანახა სწორი აქცენტები ცხოვრებაში. მას მერე უფრო მეტს ვფიქრობ სწორი ხაზის მარცხნივ ჩამოწერილზე და ვცდილობ, თითოეულ მათგანს გავუფრთხილდე და შევინარჩუნო.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარჯვენა მხარე ყურადღების მიღმა დავტოვე, რის არქონასაც ადრე მტკივნეულად განვიცდიდი. მართალია ვცდილობ ამ ჩამონათვალს ყოველ ჯერზე „მოაკლდეს“ თითო პუნქტი, თუმცა ეს ძალისხმევა ახლა სულაც არ მიშლის ხელს ყოველდღიურად ვიყო ბედნიერი.
ვიგრძენი ჰარმონია.
მივხვდი – როდესაც გააცნობიერებ, რომ შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ პოზიტიურია, როდესაც მადლიერი ხარ ცხოვრების, ყველაფრის და ყველას მიმართ, ყოველი ახალი დღე არის შესაძლებლობა და შანსი, გახდე უფრო ბედნიერი და იყო წარმატებული.
არასოდეს დაიზაროთ თქვათ „მადლობა“ და იყოთ მადლიერი ცხოვრებით და იმით, რაც გაქვთ.