მოტივაცია მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან «მოტივი», რომელიც გულისხმობს რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზებს. ეს ის ჯადოსნური რამ არის, რომელიც საქმიანობისაკენ საკუთარი თავის, ან სხვა პირების სტიმულირებას განაპირობებს.
ადამიანებზე გამიზნული ზემოქმედების აუცილებლობა ცნობილი იყო გაცილებით ადრე, ვიდრე სიტყვა «მოტივაცია» ლექსიკაში გაჩნდებოდა. ჯერ კიდევ ძველ დროს, გავლენის მოსახდენად, იყენებდნენ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. XIX საუკუნის ბოლომდე მეფეები ადამიანებზე ან მახვილს აღმართავდნენ, ან ჯილდოს გასცემდნენ.
მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს მეცნიერებმა ადამიანების ქცევის შესწავლა. მიზეზი კი ინდუსტრიული რევოლუცია იყო – როდესაც დარწმუნდნენ, რომ ადამიანი ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენდა.
თეორია ფსიქოლოგიაში, რომელიც აბრაამ მასლოუმ 1942 წელს ნაშრომში „ადამიანური მოტივაციის თეორია“ წარმოადგინა, ცნობილია „მოთხოვნილებათა იერარქიის“ სახელწოდებით.
დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის მოთხოვნილებათა 85% ვიტალური, ფიზიოლოგიურია და გაცილებით მაღალია, ვიდრე სოციალური მოთხოვნილება, ისეთი, როგორიცაა სიყვარული ან მეგობრობა, რომელიც 50 % შეადგენს. რაც შეეხება თვითგანვითარების მოთხოვნილებას, ანუ ადამიანის სრულად რეალიზების სურვილს, ის მხოლოდ 10 %-ით შემოიფარგლება.
მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადადის. თუმცა, იგი ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით, მაღალ დონეებზე.
გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა მოთხოვნილებები ინდივიდუალურია და ერთმანეთისაგან განსხვავებული. მაგალითად, ადამიანთა უმრავლესობას აქვს კარიერული წინსვლის ან მეტი შემოსავლის მოთხოვნილება, მაგრამ არსებობენ ისეთები, ვინც დაწინაურების გარეშეც კომფორტულად გრძნობს თავს. უფრო მეტიც, მოტივაციისათვის არ არსებობს საუკეთესო ერთი ხერხი. მოკლედ, ის, რაც ადამიანთა ერთი ნაწილის მოტივაციისთვის ეფექტიანია, მეორე ნაწილისთვის შეიძლება სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს. განსხვავების საფუძველი კი მათი განსხვავებული ადგილი საზოგადოებაში ან მათ მიერ მიღებული გამოცდილებაა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დროთა განმავლობაში მოთხოვნილებები იცვლება, ვითარდება და არ შეიძლება ყოველთვის ერთი და იმავე მოთხოვნილებებით მოტივაციის იმედად ყოფნა.
ფაქტია, რომ შეუძლებელია მოთხოვნილებებზე დაკვირვება, ან მათი გაზომვა. მოთხოვნილებების არსებობაზე მსჯელობენ მხოლოდ ადამიანთა ქცევის მიხედვით. როცა ადამიანი გააცნობიერებს მოთხოვნილებას, მას უჩნდება მისი დაკმაყოფილების სურვილი, რომელსაც აქვს განსაზღვრული მიმართულება. სურვილი, მოთხოვნილების ქცევითი გამოვლენაა და კონცენტრირდება მიზნის მიღწევაზე. მაშასადამე, მიზანი გამოდის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალების როლში.
თანამედროვე ადამიანები უფრო მეტად განვითარებულნი და უზრუნველყოფილნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედნი. აქედან გამომდინარე, მათი საქმიანობის მოტივები უფრო რთულია. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადრეც და თამანედროვე ცხოვრებაშიც ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება უჩნდება მაშინ, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტნაკლებად დაკმაყოფილებული აქვს. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა, მიმაჩნია, რომ მოტივაციის თეორიაში აუცილებლად გასათვალისწინებელია პროპაგანდის ელემენტები. ვგულისხმობ, ადამიანის მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის ჩამოყალიბებას. მაგალითად, თუ საბჭოთა პროპაგანდა მუშათა კლასს შაბათ-კვირასაც სამსახურზე ფიქრისკენ მოუწოდებდა, კაპიტალიზმი მთელი კვირა მუხლმოუდრეკილ შრომას შაბათ-კვირას სათანადოდ დასვენებას უტოლებს.
მოთხოვნილებათა იერარქიის ავტორი, მასლოუ, დარწმუნებული იყო, რომ შემოქმედებაზე მოქმედებს გარემო და თვითრეალიზაცია შეუძლია ყველას, მთავარია იყოს კრეატიული. მაშ ასე, კრეატიულო ადამიანებო, თავად გადაწყვიტეთ როგორია თქვენი მოტივაცია – მუშაობთ დასვენებისთვის თუ დასვენების დროსაც სამუშაოზე ფიქრობთ.