ალბათ, იშვიათად იბადებიან დაუშრეტელი პოზიტივითა და ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანები – ადამიანები, რომლებიც მარტივად პოულობენ ბედნიერებას და ცხოვრების სტიმულს პატარა წვრილმანებში. ბევრია ისეთი, ვისაც უჭირს ამ სტიმულების პოვნა, ვერ ხვდება, როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივირება იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს ან, თუნდაც, ცხოვრებით დატკბეს. ყოველთვის რაიმე დიდის მოლოდინშია და ბოლოს იმედიც უცრუვდება ტყუილად რომ დაკარგა დრო. დროის სწორად გამოყენება კი, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ვისწავლით წვრილმანებში ბედნიერების ამოცნობას და ცხოვრებისთვის კიდევ ერთხელ აზრის მიცემას, დროც ნაყოფიერი გახდება და ცხოვრებით კმაყოფილები არასდროს ვინანებთ, რომ ყოველთვის ყველაფერში ვეძებდით პოზიტივს. სტიმულს ვაძლევდით საკუთარ თავს და თავად ვხვდებოდით ჩვენივე თავის მოტივატორები.
თუმცა, რეალობას ვერ გავექცევით, რადგანაც ბევრ ადამიანს სჭირდება მასტიმულირებელი ბიძგები იმისთვის, რომ იბრძოლოს, ცხოვრება გაიმრავალფეროვნოს და დასახულ მიზანს მიაღწიოს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ამიტომ ცუდ ხასიათზე მყოფი ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ წინ ყველაფერი კარგი მელის და ეს ყველაზე მეტად მაყენებს მებრძოლ ხასიათზე. სტიმულს მაძლევს ჩემი ოჯახი, მეგობრები, თუნდაც ზაფხულის დადგომა, სითბო, ზღვის ტალღების ხმა. მოკლედ ბევრ რამეში შეიძლება ადამიანმა ცხოვრების აზრი იპოვოს. მთავარია, მათი შემჩნევა შევძლოთ.
ამ ბლოგით მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს (მათ შორის საკუთარ თავს), ვისთვისაც რთულია დამალული საიდუმლოებების და საჩუქრების პოვნა. ვეცდები გასწავლოთ და თავადაც ვისწავლო, როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავისთვის პატარ-პატარა სტიმულები და გავხდეთ მოტივირებულები:
1. ყოველთვის იფიქრეთ პოზიტიურად, რადგან ცუდ ხასიათზე მყოფნი ვერასდროს შეამჩნევთ და დააფასებთ იმას, რაც უკვე თქვენს ხელშია.
2. იმეგობრეთ პოზიტიურ ადამიანებთან. როდესაც ნეგატიურად ხართ განწყობილი ყველაფრის მიმართ, ესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის პოზიტიური კუთხით დაგანახებენ სამყაროს.
3. იცეკვეთ – სახლში, გარეთ, ზღვაზე, მთაში… ყველგან!
4. იმღერეთ – ცეკვა და სიმღერა დაგეხმარებათ ემოციებისგან გათავისუფლებაში და ნეგატივის უკან მოტოვებაში.
5. იცინეთ! სიცილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, იზრდება შემოქმედებითი უნარი და ადამიანები პოზიტიურად ფიქრს იწყებენ (კალორიებიც იწვება).
6. წაიკითხეთ პოზიტიური ამბები ან გამონათქვამები.
7. რაც ყველაზე მთავარია, იყავით თავისუფლები. მოეშვით და დახარჯეთ ენერგია, გაერთეთ მეგობრებთან ერთად, იმოგზაურეთ, გათავისუფლდით დაძაბულობისგან. აკეთეთ ის, რაც გსურთ – იცეკვეთ მზეში, წვიმაში, იცინეთ ისე, რომ მუცელი ძლიერ გეტკინოთ, გაიცანით ახალი ადამიანები, დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება და არასოდეს მიყვეთ ცხოვრების დინებას.
ამ ყველაფერთან ერთად კი აუცილებლად იგრძნობთ, რომ წვრილმანი ბედნიერებების შემჩნევა და ცხოვრებით ტკბობა გისწავლიათ და რაც მთავარია, გამხდარხართ საკუთარი თავის მამოტივირებელი ძალა!