მარტივი ლოგიკა ჩვენი საზოგადოებრივი აქტიურობის და საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ პირის კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუმცა ამას უფრო გამარტივებულ ანალიზს დავარქმევდი, რასაც თან მოსდევს საგნების და მოვლენების საკმაოდ ზერელე შეფასებები, შემდეგ კი – ამ შეფასებების გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენება.
არა, მარტივი ლოგიკა არა!!! ეგ კარგი ტერმინია და უფრო პოზიტიურ პროცესს ასახავს, ვიდრე – არასწორსა და არაეფექტიანს. ლოგიკის გამარტივება და ყველაფრის მარტივად აღქმა-შეფასება არის პრობლემა და სწორედ მაგ თემაზე მინდოდა საუბარი შენთან, მკითხველო (სულ მინდოდა ამ მკითხველოს სადმე დაწერა, თორე რა მკითხველო).
მოდით მივუყვეთ მარტივ ლოგიკას და ვისაუბროთ ჩვენს ზოგად და დარგობრივ პრობლემებზე. სიმართლე რომ ვთქვათ, მე უფრო ჩემი საქმე და კომუნიკაციის სფერო მაინტერესებს. ამიტომ აქვე დავრჩები. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე პიარი და სტრატეგიული კომუნიკაცია ვერ ვითარდება სათანადოდ ჩვენს ქვეყანაში. ამაში დამნაშავე კი ჩვენი ზედაპირულობა, ანუ ლოგიკის გამარტივებაა.
წავიდა ჩემეული ლოგიკააა!!!
ასეთი ლოგიკა, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრ სფეროს აქვს საქართველოში. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და მედია ამ მხრივაც ლიდერობენ და მეტ-წილად განაპირობებენ კიდეც ზედაპირულობის ზეიმს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მთლად ყველაფერში ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებსაც ვერ დავადანაშაულებთ. მაგათ თავისი გაჭირვებაც ეყოფათ…
რა ვქნათ? რავი, ჩავუღრმავდეთ. მეტი გავაანალიზოთ. დინამიკას დავაკვირდეთ ხოლმე. ანგარიშები ვაკეთოთ თვეში ერთხელ მაინც. ვასწავლოთ უფროსობას და დამკვეთებს ამ ანგარიშების კითხვა. მათაც გავაგებინოთ სიღრმისეული დაკვირვების მნიშვნელობა. ვაწარმოოთ ინტენსიური კვლევები და არ დავუჯეროთ მეგობრებს, ან ფეისბუქის ინფლუენსერებს ამა თუ იმ ბრენდის, თუ მოვლენის პიარის ეფექტიანობის ზედაპირულ შეფასებებში. გავეცნოთ სხვა მომიჯნავე სფეროების სიახლეებს. დავაკვირდეთ ქართულ და არა მარტო ქართულ მედიას და პოპულარულ ინტერნეტ არხებს. სულ ვამოწმოთ რეიტინგები და ინტერნეტის ნახვები. უფრო მეტი ვიფიქროთ ფაქტორებზე და არა მხოლოდ – ქცევებსა თუ სიტყვებზე. ასე შეიძლება ნელ-ნელა ჩვენი საქმეც უკეთ ვისწავლოთ, უკეთ და უფრო ხალისით ვაკეთოთ, სხვასაც გავაგებინოთ მისი მნიშვნელობა და ბოლოს შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ შალვა ნათელაშვილს სულაც არ აქვს კარგი პიარი, ჩემო მკითხველო.