ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნუცა სუბელიანი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?
სხვანაირად ცხოვრება ვისწავლე. წარმოუდგენლად მძიმე, თუმცა საინტერესო რეალობაში აღმოვჩნდით; ეს იყო მსოფლიოს რიტმის ცვლილება, კრიზისებთან გამკლავების გამოცდა, რასაც ჯერ კიდევ ვეჭიდებით. ეს იყო გლობალური გარდატეხა და ამ პროცესებს ამძიმებდა ის ტრაგედიები, რასაც საინფორმაციო საშუალებებით ვიგებდით და რაც ჩვენთანაც ძალიან ახლოს მოვიდა.
შიში, გაურკვევლობა, დაბნეულობა, და მაინც, ეს რეალობა მაძლევს საშუალებას, დადებითზეც ვისაუბრო! #დარჩისახლში კამპანია ალბათ „კანონზომიერი“ იყო მსოფლიოს დასაქმებულთათვის, კანონზომიერი იყო ჩემთვისაც. ყველამ შევივსეთ ის დანაკლისი, რასაც ოჯახთან ურთიერთობა ქვია. უფრო მეტიც -ბევრმა ჩემსავით მხოლოდ ამ რეჟიმის დამსახურებით გადადგა ნაბიჯი, ჰყოლოდა ოთხფეხა მეგობარი. ჩარლი – ჩვენი ოჯახის ახალი და სრულუფლებიანი წევრი, სწორედ პანდემიის რეჟიმის მონაპოვარია და ის თვეებია მეტად საინტერესოს ხდის თითოეულ დღეს ბავშვებისთვის და ჩვენთვის. #დარჩისახლში-ს დადებითი ის გარდატეხაა, რაც შესაძლოა მრავალი ცვლილების მომტანიც იყოს ბიზნესებისთვის მსოფლიო დონეზე, რადგან ფაქტია, ეს ფორმატიც შესაძლებელი ყოფილა და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას წინ აღარაფერი უდგას.
პროფესიულ სირთულეებს რაც შეეხება, მართლა წარმოუდგენლად მენატრება სამსახურის ჟრიამული და შეხვედრების ოთახი, სადაც ბევრ რამეს ძალიან საინტერესოდ განვიხილავთ ხოლმე. ეს ყველაფერი ახლა ZOOM- ში კეთდება და ხალისის დონე ნამდვილად არ ჩამოუვარდება „Live” შეკრებებს, თუმცა ყველასთან ჩახუტების უდიდესი სურვილი სასტიკად მაწუხებს. მნიშვნელოვან მიგნებაზეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა: ონლაინ მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, გაზრდისთვის, აქ ხომ სამუშაო საათებიც შენს ხელშია. რეალუარად, თუ ძალიან პასუხისმგებლიანი ტიპი არ ხარ, წასულია შენი საქმე ხელიდან. ყოფილა მომენტი, როცა საოჯახო საქმეებში ხარ საჭირო, მაგრამ ეს ხომ სამსახურის საათებია და ეს სახლში ყოფნის დროს დიდი გამოწვევაა. ვისწავლე (ისევე როგორც უმრავლესობამ) დროის განსხვავებულად მართვა, სადაც პირადი და სამსახურეობრივი საქმეები ერთ სქემაში ლაგდება და ნაწილდება. გამოწვევა მაინც დროა- ხანდახან დღე და ღამე მერევა, ახლაც დილის 5:00 საათი ხდება როცა ამას ვწერ, ხვალ კი შაბათს (შაბათი სადღა შაბათობს) 13:00 – ზე „ქოლი“ მაქვს, ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, ნაცვლად დილისა, ახლა ვწერო. განა ახლა გათენებითა და ხვალინდელი დილის გამოძინებით ვაშავებ რამეს? არა მგონია. ყველაფერი ჩვენს ხელშია, მთავარია პასუხისმგებლიანები ვიყოთ.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ახლა ეს ასოციაციები მომდის თავში 😊 : ჩახუტება, სიცილი, მხარდაჭერა, პრობლემის მოგვარება. რეალურად ეს სიტყვები ასახავს იმ ურთიერთობებს, რაც გვაქვს ერთმანეთთან და ასევე კლიენტებთან. არ გაგიკვირდეთ ჩამონათვალის, ყველა კლიენტს ჩავეხუტებით ძალიან მაგრად, როდესაც პანდემია მორჩება.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე
ვუყურებ და მეც კი მიკვირს, რატომაა ასეთი დალაგებული. ალბათ ახლა მეტად ვსულდგულობ სიმყუდროვით, რომელიც სახლში ყოფნამ მოიტანა და ეს ფაქტია, აისახა სამუშაო სივრცეზეც. ერთი მარტივი მიზეზიც მიწყობს ხელს – პრინტერი არ მაქვს, მე კი მაგიდას სულ ამობეჭდილი მასალებით ვრევდი ხოლმე 😊
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარსკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა
ბიზნესის კრიზისი და შესაბამისად კლიენტების დაკარგვის შიში, რამაც ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა გასტანა. ნათლად მახსოვს პირველი ტალღის ის პირველი დღეები, როცა გადავედით ონლაინ მუშაობაზე (ზუმი ჯერ კიდევ არ იყო აქტიურ გამოყენებაში) და მე უჩვეულოდ, მზიან სამუშაო დღეს ლისზე ავსეირნდი. ჯეპრას დამფუძნებელთან, სოსოსთან მქონდა სატელეფონო საუბარი და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე. ჩემს კითხვაზე, თუ რა იქნებოდა ზოგადად მომავალში, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, პასუხში, მრავალი წინადადებიდან ერთი კარგად დამამახსოვრდა – გაუძლებს ის ვინც არ გაჩერდება, არ უნდა გავჩერდეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ სიტყვებს.
რეალურად ცხოვრება ასეა მოწყობილი – ვერ იქნები ბედნიერი, თუ შენს ირგვლივ ცუდად არიან, პანდემიამ კი დიდი გავლენა მოახდინა ბიზნესზე, რასაც ბევრმა ვერ გაუძლო. სწორედ ამ პირველი ტალღის პირველივე დღეებში, მანამ სანამ პარტნიორებიც და კლიენტებიც უეცარ ცვლილებებეს უმკლავდებოდნენ, არ გავჩერდით და „ჯეპრა COVID-19 – ის საპასუხოდ“ პროექტი ავამოქმედეთ, რაც იმ ეტაპისთვის არსებული სიტუაციის მოკვლევას, კონკრეტული სერვისების შეთავაზებას და საინფორმაციო / ანალიტიკურ მიმართულებასაც მოიცავდა. ერთი დღეც არ გავჩერებულვართ. პანდემიის რეჟიმში მოვახერხეთ მრავალი მიმდინარე პროექტის ადაპტირება არსებულ რეალობასთან, ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ბევრი ახალი პროექტი დავიწყეთ და ახალი კლიენტებიც შევიძინეთ. არ შეიძლება არ ვუთანაგრძნო იმ ბიზნესებს, რომლებსაც მიუხედავად ძალისხმევისა, პანდემიამ არანაირი გზა აღარ დაუტოვა ოპერირებისთვის, თუმცა ვურჩევდი, შეინარჩუნონ ძალები იმ ნათელი მომავლისთის, რომელიც, წესით ძალიან მალე უნდა დადგეს.
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ
ძალიან რთული კითხვაა, მრავალი ადამიანი და მოვლენაა შთაგონების წყარო, ეს ხან წიგნია, ხან მეგობარია, ხან კონკრეტული მუსიკაა, ხშირად კი დედა ან შვილები არიან, თუმცა ვეცდები მაინც 3 გამოვყო:
გელა ჩარკვიანი – უკიდეგანოდ საინტერესო ადამიანი, ნამდვილი დიპლომატი, ტრაგიზმით დამძიმებული, მაგრამ მუდამ შემოქმედი, მოტივატორი, გაწონასწორებული ხასიათით, რაც მის წიგნებშიც კარგად იკითხება და ვისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ 2. გალაკტიონ ტაბიძე – მარტოსული გიჟური რიტმით, რამაც „ლურჯა ცხენები“ დააწერინა , შემდეგ კი ამ შთგონებით რაღაცები შემიქმნია მეც. 3. ჩემი 12 წლის შვილი – ნიკოლოზი, რომელიც საოცრად მიზანდასახულია და ახლა ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული. მისი გადაღებული ბეღურა ან დათოვლილი ხის ტოტები არის საოცრება, რაც შთამაგონებს, მისნაირად ვისიამოვნო შემოქმედებით.