ერთი შეხედვით ძალიან რთულია, იყო წარმატებული, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად თუ შრომას და მონდომებას არ დაიშურებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ხომ შეიძლება ისიამოვნო ცხოვრებით (სიბერეში მაინც), მიიღო მაქსიმალური და იყო კმაყოფილი.
მოკლედ, დავისახოთ მიზნად ვიყოთ წარმატებული. სწორედ მის მისაღწევად, პირველი ნაბიჯი არის – დაისახო მიზანი!
მიზანი უნდა იყოს მკაფიო და სწორხაზოვანი. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ის, მთავარია, იყოს მყარი და რეალისტური. შეგვიძლია, ერთდოულად რამდენიმე მიზანი დავისახოთ. გავაკეთოთ ჩამონათვალი, დავახარისხოთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით, დავგეგმოთ ამ მიზნის შესრულებისათვის ამოცანები, გავიაზროთ შესაძლო ბარიერები (სირთულეებს არ შეუშინდეთ, რადგან მიზნის სიძლიერე გადაგალახინებთ ყველა დაბრკოლებას, ზუსტად ვიცი!) და ხელშემწყობი ფაქტორები. და რაც მთავარია, არასდროს გადადოთ დაგეგმილი საქმეები.
ასე თუ გააგრძელებთ – ყველაფრის კეთებას მოასწრებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.
წარმატებულმა ადამიანებმა ყოველთვის იციან რა სურთ სინამდვილეში, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. ზუსტად იციან, რომ თუ არ გაჩერდებიან მიზნის მიღწევისკენ სვლაში, აუცილებლად მიიღებენ სასურველს.
ისინი გეგმავენ და ასრულებენ.
ისინი სწორად ანაწილებენ დროს! როდის გაერთონ, დაისვენონ, ისწავლონ, მოინახულონ მეგობრები, იშრომონ. იციან საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. მუშაობენ საკუთარ ნაკლზე, მის გამოსწორებაზე, აღვივებენ საკუთარ დადებით ჩვევებს და უნარებს, ეზიარებიან ახალ ცოდნას. არ გაურბიან სიახლეებს. მათთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ამ ყველაფრისთვის ისინი არ იშურებენ არც ძალისხმევას და არც მონდომებას. მათთან ყველაფერს აქვს „გამოყოფილი“ დრო.
ყველაფრის კეთებისთვის გამოყოფილი დრო და ინტენსიურობა – ეს არის წარმატებული ადამიანის ცხოვრების ჩვეული მდგომარეობა!
წარმატებული იყო – ნიშნავს აკეთო სწორედ ის, რაც საჭიროა და მაშინ, როცა საჭიროა!