ვინ არის ჯონ გალტი?

ვინ არის ჯონ გალტი?

ვინ არის ჯონ გალტი?

 

ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ შეაჩერებდა მსოფლიოს ძრავს და ასეც გააკეთა. ვინ იყო ის – გამანადგურებელი თუ უდიდესი გამათავისუფლებელი?

აინ რენდის ცნობილი ნოველის „მხრებგაშლილი ატლანტი“-ს გმირი, ჯონ გალტი ფილოსოფოსი და გამომგონებელია, რომელსაც სწამს ადამიანის გონების სიძლიერის და ამავდროულად, ინდივიდის უფლების – გამოიყენოს მისი გონებრივი შესაძლებლობები საკუთრივ მისი ინტერესებისთვის. ის ებრძვის კოლექტივიზმს, სოციალიზმს და ისეთ ეკონომიკურ წყობას, სადაც საზოგადოება ეფუძნება რეპრესიულ ბიუროკრატიულ ფუნქციონალს და კულტურას, რომელშიც უნიჭობა წახალისებულია თანასწორობის სახელით.

ვინ არის ჯონ გალტი?

გალტის დროინდელი ამერიკა ძალიან ჰგავს დღევანდელ საქართველოს, სადაც ინდივიდი დაჩაგრულია და საზოგადოება მას ავალდებულებს საზოგადოების სასარგებლოდ შრომასა და არსებობას. თუმცა, გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს თითოეული ნიჭიერი ადამიანის განვითარებას, რათა მათ შეძლონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის. თუ ჩვენი ინტერესები იქნება დაცული, თუ ჩვენ ვიქნებით საზოგადოების წარმატებული და შემდგარი წევრები, მაშინ მთლიანი საზოგადოება იქნება წარმატებული და შემდგარი.

გალტის დროინდელ ამერიკაში სახელმწიფო და საზოგადოება ბიზნესს ისევე ავალდებულებს „სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით მოქმედებას“, როგორც საქართველოში. მდიდარი ადამიანი ავტომატურად მოიაზრება ვალდებულად, რომ საკუთარი შრომით და ნიჭით ნაშოვნი კაპიტალი მოახმაროს საზოგადოების კეთილდღეობას. საზოგადოება კი ნელ-ნელა ეჩვევა უშრომველი ლუკმით თავის გატანას, რომელიც, მართალია, მცირეა და ვერ ანაყრებს, მაგრამ სიკვდილის საშუალებას არ აძლევს. იმის მაგივრად, რომ ბიზნესს მიეცეს გაფართოების საშუალება, რათა მეტი ხალხი დაასაქმოს, რომლებიც მეტ ფულს გამოიმუშავებენ და თავს ირჩენენ სხვაზე დამოკიდებულების ნაცვლად, ჩვენ ვქმნით ახალ რეგულაციებს, ვიგონებთ ახალ მექანიზმებს – თუ როგორ დავტყუოთ მეტი ფული ბიზნესს და ამ ფულით გამოვკვებოთ რამოდენიმე მშიერი. ეს კი ყოველთვის ცუდად მთავრდება. აინ რენდის ნოველაში მისი გმირი, ბიზნესმენი ელლის ვაიატი სახელმწიფოსგან ზეწოლის საპასუხოდ ცეცხლს უკიდებს ნავთობის ჭაბურღილებს და უჩინარდება – ის თავადაც კარგავს ყველაფერს, მაგრამ ამით უარს ამბობს მისი შრომით მოპოვებული სიმდიდრის სხვა ადამიანებისათვის დაუმსახურებლად განაწილებაზე. ეს არის პასუხი საზოგადოების მცდელობაზე, შექმნან სახალხო დოვლათი.

გალტი არის პოლიტიკური და სოციალური პროტესტის სიმბოლო. ამერიკა გადარჩა, განვითარდა და შედგა ძლიერ სახელმწიფოდ იმიტომ, რომ გალტს გამოუჩნდნენ მიმდევრები – ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი ნიჭისა და კაპიტალის გაფლანგვაზე სხვების გამოსაკვებად. ამ ადამიანებმა საკუთარი თავგანწირული ქცევით ხელი შეუწყვეს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ბიზნესი თავისუფალი და წარმატებულია, ქმნის სამუშაო ადგილებს და ასაქმებს ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ შრომით გამოიმუშავონ საკუთარი სარჩო. გალტმა და მისმა მიმდევრებმა საკუთარი ინტელექტუალური რესურსი მიმართეს საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად, რითიც ხელი შეუწყვეს საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას.

ვინ არის ჯონ გალტი? პასუხი არის – ჩვენ! ჩვენ, ვისაც გვაქვს პროტესტის გრძნობა იმ პროცესების მიმართ, რომლებიც მიმდინარეობენ ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ვისაც გვსურს და შეგვიძლია, რომ ქვეყანა უკეთესისკენ შევცვალოთ. ჩვენ, ვისაც გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია ჩვენი ინტელექტუალური რესურსი და შრომისმოყვარეობა საკუთარი ქვეყნის განვითარებისკენ მივმართოთ.

ჩვენ ვართ ჯონ გალტი და ჩვენ გპირდებით, რომ ერთ დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

ვინ არის ჯონ გალტი?