“უნდა”

“უნდა”

უნდა

გვინდა ეს თუ არა, გარემო და ადამიანები ხშირად გვაიძულებენ რაღაცას. ჩემი ბლოგპოტიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება –  როგორ ამოვაგდე ლექსიკონიდან “უნდა”.

ეს ნაწილაკი წინადადებაში ძირითადად ვალდებულებას, აუცილებლობას გამოხატავს. მაგალითად: ” მე უნდა დავწერო პოსტი”. ჩემი რჩევაა ეცადოთ, არასოდეს გააკეთოთ რამე იმიტომ რომ “უნდა” გააკეთოთ, რადგან ასეთ “უნდა”-ში ყოველთვის არის სიყალბე. სიყალბე, რომელიც ყოველთვის თან გამოგყვებათ და საკუთარი “მე” შეკითხვების დასმას დაიწყებს სიტყვით “რატომ?”

ზოგჯერ ადამიანს გამოსდის საქმე როცა თავს ძალას ატანს, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, ეს ყველაფერი შეძენილ სახეს იღებს და არა თანდაყოლილს და თუ ნიჭიერებაზე გვექნება პრეტენზია, ნიჭი ყოველთვის თანდაყოლილია.

უნდა

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები სულ რაღაცას ვითხოვთ სხვებისგან და ისე ვამბობთ “უნდას”, რომ არც კი ვუფიქრდებით მეორე ადამიანის სურვილს. მაგალითად: “უნდა მოგეწერა მანდ თუ იყავი” ან “უნდა დაწერო, რადგან სავალდებულოა” და ასე უსასრულოდ. უკვე რამდენიმე წელია ამ ნაწილაკს აღარ ვიყენებ – მას შემდეგ, რაც ერთმა ადამინმა მირჩია, არასოდეს დამეძალებინა მისთვის რამე. წლები გავიდა და ბევრჯერ მიფიქრია მის სიტყვებზე, ახლაც ვფიქრობ და ყოველთვის ვცდილობ, სანამ “უნდა” წამომცდება, მანამდე ვიფიქრო და ადამიანს არჩევანის საშუალება დავუტოვო, რადგან ყველაფერი ბოლოს, მაინც მისი სურვილისამებრ იქნება.

უნდა

საბოლოოდ,”უნდა” შევცვალე ფრაზით “როგორც გინდა”- აუცილებლობის საკითხი, რომელიც არასდროს არანაირ შედეგს არ იძლევა, რომელსაც უფრო მეტი პრობლემა მოაქვს საქმეში, ცხოვრებაში და რომელიც ცვლის ადამიანის ხასიათსა და სახის გამომეტყველებას, უბრალოდ გავუშვი  ჩემი ცხოვრებიდან. გათავისუფლდით მოთხოვნებისგან ურთიერთობებში და მოიშორეთ მბრძანებლური ტონი. შედეგად თქვენი შვილები, თანამშრომლები, შეყვარებულები თუ მშობლები თქვენდამი ბევრად გულწრფელები, მეგობრულები და პოზიტიურები იქნებიან.