რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად? რა არის საჭირო იმისათვის, რომ გრძნობდე თავს ბედნიერად, მიმზიდველად და რეალიზებულად? პასუხი ერთია: მაღალი თვითშეფასება! ეს არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხშირად გვტოვებს საკუთარ ეჭვებთან და შიშებთან ერთად.
რისკებზე წასვლისა და ცვლილებების შიში, ხშირ შემთხვევაში, ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. განცდა იმისა, რომ არაფერი გამოგივა და სხვა შენზე “უკეთესია”- სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ ჩვენი გონების “მზაკვრულ თამაშს” წარმოადგენს. შეუძლებელი და მიუღწევადი არაფერია, თუ სხვამ შეძლო, შენც შეძლებ!
მაღალი თვითშეფასება გიქმნის იმის განცდას, რომ თავისუფლად მოახერხებ სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულებას და დასახული მიზნის მიღწევას. თვითდაჯერებული ადამიანი, სხვებისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი რისკი გამართლებულია და ოპტიმისტურად უყურებს მომავალს.
იმ შემთხვევაში თუ შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ხელი ეშლება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც “მე ამას ვერ შევძლებ!” ჰქვია, შენთვის არსებობს რამდენიმე გამოსავალი. პირველ რიგში, გაიხსენე ყველა ის ნეგატიური ფიქრი, რომელიც თავში გიტრიალებს და ჩაანაცვლე ისინი პოზიტიურით. მარტივად ჟღერს, შესასრულებლად კი რთულია, თუმცა, მარტივი გზებით დასახულ დიად მიზნამდე მისვლა ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.
ყველა ადამაინს გააჩნია რაღაცის ნიჭი, აღმოაჩინე ის რაც ყველაზე კარგად გამოგდის და “მიაწექი”, შეიყვარე შენი დადებითი მხარეები და შეაყვარე სხვებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ ძალების აღდგენა დაგჭირდება, იპოვე ადგილი, წიგნი, კაფე, სადაც განმარტოვდები და მიხვდები, რომ ყველაფერი რაც გაწუხებს, რეალურად, მხოლოდ შენს თავში არსებობს და გადალახვას საჭიროებს.
მუდმივად შეახსენე საკუთარ თავს, რომ არაფერია შეუძლებელი და იზრუნე იმაზე, რომ დასახულის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებ. მოაწონე შენი “მე” ჯერ საკუთარ თავს და გარშემომყოფების რეაქციაც არ დააყოვნებს, მეთოდი ნაცადია და გამართლებული.
დაიმახსოვრე, რომ არ უნდა შეადარო შენი თავი სხვებს, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ვიღაც ან რაღაც უკეთესი, ეს შენ არ უნდა გაინტერესებდეს, დატკბი ცხოვრებითა და შესაძლებლობებით, ნუ ართულებ ყველაფერს და დაივიწყე პერფექციონიზმი, ეს წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლის და არასოდეს მოგცემს შედეგით ტკბობის საშუალებას.
და ბოლოს, იყავი კმაყოფილი მიღწეული შედეგით, იფიქრე პოზიტიურად და მოიზიდე პოზიტივი. შენ ეს უკვე შეძელი, დროა გარისკო და მაქსიმალურად გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები.