თვით-რეფლექსია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ჩვევა, რომელიც დამეხმარა გამოწვევებთან წარმატებულ გამკლავებაში

თვით-რეფლექსია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ჩვევა, რომელიც დამეხმარა გამოწვევებთან წარმატებულ გამკლავებაში

ჯეპრას ადამიანური რესურსებუს მენეჯერი, რუსო კინწურაშვილი 2025 წელს აფასებს. 

რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?

2025 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. თვით-რეფლექსია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ჩვევა, რომელიც დამეხმარა გამოწვევებთან წარმატებულ გამკლავებაში. რატომ თვით-რეფლექსია? თვით-რეფლექსია გულისხმობს საკუთარი ფიქრების, გრძნობების, ქმედებების და მოტივაციის სიღრმისეულ ანალიზს, თვით-რეფლექსიის მეთოდი გამოცდილების შემეცნებით და გაანალიზებით, გეხმარება ისწავლო გამოცდილებაზე, რასაც საბოლოოდ მიყავხარ მიდგომების, ქცევების განვითარებისკენ.

ხშირად ადამიანები სამუშაო თუ პირად ცხოვრებაში ვქმნით გარემოს, სადაც დრო დაფიქრებისთვის, თვით-რეფლექსიისთვის არ გვრჩება, არადა, ცოტახანი რომ შევჩერდეთ, დავაკვირდეთ, დავსვათ კითხვა, გავაანალიზოთ და ვისწავლოთ ანალიზის შედეგად, მომავალში აუცილებლად შევცვლით ქცევებს და მიდგომებს, სწორად დავსახავთ გეგმებს და სწორ მოლოდინებს დავუწესებთ საკუთარ თავებს. ამ ჩვევის წყალობით, 2025 წელს ზუსტად გავიგე რა გამომდის კარგად, რაში მჭირდება გაუმჯობესება და რაზე უნდა ვკონცენტრირდე მომავალში. გამომდინარე იქიდან, რომ ჯეპრას ადამიანური კაპიტალის მიმართულებაზე ვარ პასუხისმგებელი, ვცდილობ თვით-რეფლექსია ჩვენი ორგანიზაციის კულტურის ნაწილად დავამკვიდრო. შესაბამისად, 2026 წელიც არ ვაპირებ ამ ჩვევის „გადაგდებას“, მეტიც, ვეცდები უფრო ინტენსიურად გამოვიყენო თანამშრომლებთან ურთიერთობისას, რათა ყველა ჩვენს ქმედებაზე სწავლით/შემეცნებით, ფოკუსი განვითარებაზე ავიღოთ.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?

არსებობს ჩვევები, რომლებიც დასაწყისშივე უნდა მოიშორო. ასეთ ჩვევებს მივაკუთვნებდი ყურადღების გამახვილებას ისეთ დეტალებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო სივრცეში არაფერს ცვლიან. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დეტალებზე ორიენტირებულობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა და მართალიც იქნება, თუმცა ისეთ დეტალებზე უზარმაზარი დროის დათმობა, რაც რეალობას არ გვიცვლის გვაკარგვინებს ფოკუსს ძირითადი და მთავრიდან. ამიტომ, სწორედ ზემოხსენებული თვით-რეფლექსიით შევძელი ამ ჩვევას დავკვირვებოდი და შემეცვალა, ხოლო დაზოგილი დრო, ენერგია და სუფთა აზროვნება გადამემისამართებინა ადამიანური კაპიტალის სხვადასხვა პოლიტიკების განვითარებაზე. 2026 წელს ვეცდები ეს მავნე ჩვევა სრულად ამოვიღო ჩემი ყოველდღიური სამუშაო რუტინიდან.

რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?

მომავალი წლისთვის ბევრი გეგმა მაქვს, ამიტომ მაქსიმალურად მინდა არაჯანსაღი ჩვევებისგან თავისუფალი ვიყო, რათა ჩემი პასუხისმგებლობის არეალი სრულად ავითვისო და პროდუქტიულად გამოვიყენო. ამისათვის: გავაგრძელებ თვით-რეფლექსიას ჩემს ქმედებებზე – გავაანალიზებ 2025 წელს, რომ სწორად დავგეგმო 2026 წელი, ასევე, ყოველი კვარტლის ბოლოს გავაკეთებ ე.წ. lessons learned – რა გავაკეთე, რატომ გავაკეთე და რა ვისწავლე. პარალელურად, ვეცდები გავაგრძელო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება – ვივარჯიშო, დავიცვა პირადი და სამუშაო ცხოვრების ბალანსი. ყოველივე აღნიშნული დამეხმარება ორმაგად ნაყოფიერი ვიყო სამუშაო ადგილზე და ხალხთან ურთიერთობისას.