ყოვლისმცოდნეობა მენტალური დარღვევაა. მას საერთო არაფერი აქვს თავდაჯერებულობასთან. თავდაჯერებულობა სასარგებლო თვისებაა, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილებების მიღებაში, მართვაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება.
ყოვლისმცოდნეობა არის თავდაჯერებულობა აღმატებულ ხარსიხში, სათნადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. სწორედ ამის გამო არის ის მენტალური დარღვევა. ასეთ ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან. განსაკუთრებით „საშიშები“ ხდებიან მმართველ თანამდებობეზე და მენჯმენტში მოხვედრის შემდეგ.
ასეთი ადამიანების მიერ ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მოტანილი ზიანი ხშირად შეუქცევადი და დიდი ფინანსური ზარალის მომტანია. ისინი აზარალებენ ორგანიზაციების რეპუტაციას, იმიჯს, გაყიდვებს, განვითარების გეგმებს და საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე.
თუმცა, მოდით ამ საკითხს სხვაგვარად შევხედოთ. ბიზნესი ჩემია – მინდა დავანგრევ, მინდა ავაშენებ. მართალია, ჩემი ბიზნესის წარუმატებლობა ბევრი ადამიანის წარუმატებლობად იქცევა, მაგრამ როგორც რუსები იტყვიან „в етой канторе я хозяин“.
რა ხდება როდესაც ყოვლისმცოდნე ადამიანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება სახელმწიფო სამსახურში? ის, რომ მისი სამსახური უმალვე გადაიქცევა მის „კანტორად“. ის ანგრევს, აფუჭებს, ამტვრევს ყველაფერს და ამავდროულად ღრმად სწამს, რომ მან უკეთ იცის რა არის უკეთესი. ის არავის უსმენს. „მრჩევლები“-ს მთელი არმია სჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი „აპრავებდნენ“ მის ნამოქმედარს. ის ვერ იტანს საპირისპირო მოსაზრებას; ცდილობს თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც მისი გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვს შეიტანს; ის ვერ იტანს ლიდერებს საკუთარ გუნდში.
თავდაჯერებულობა კი არის მიზანი, სიამაყე, წარმატებისკენ სწრაფვა, თანმიმდევრულობა, თავდადება საქმისათვის, გამარჯვება, სხვისი წარმატებით სიხარული, სხვის განვითარებაზე ზრუნვა, თვითგანვითარება.
რა ხდება, როდესაც ჭკვიანი და, ამავდროულად, თავდაჯერებული ადამიანი ხდება მენეჯერი ბიზნესში ან სახელმწიფო სამსახურში? ის ცდილობს, შემოიკრიბოს ჭკვიანი ადამიანები, მოუსმინოს მათ, ეკამათოს ისე, რომ მათში მტერი არ დაინახოს, ენდოს გადაწყვეტილებების მიღებისას… ეს ადამიანი ხდება „უკანტორო“ მეფე, რომლის ერთ დაძახებაზეც მთელი მისი არმია მზად არის საბრძოლველად.
ქვეყანა და კომპანია, რომელსაც სათავეში თავდაჯერებული ადამიანი უდგას, აუცილებლად შორს წავა და მიაღწევს საუკეთესო შედეგებს. დალაი ლამა ამბობს: „საკუთარი პოტენციალის რეალიზებით და საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებით ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი სამყაროს შექმნა“.