ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თეონა ხმელევსკი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
2023 წელი ბევრი დეტალის გადაფასების, მიღწეული შედეგების სწორად შეფასების, ახალი გამოწვევებისა და ენერგიის წყაროს ძიების წელი იყო ჩემთვის. ამიტომ მთლიანობაში ძირითადი მესიჯი ასეთი ფორმულირებით გამოვიდოდა: შეიმეცნე, გააანალიზე და გადადგი ნაბიჯი წინ. შესაბამისად მთავარი თემა იყო ახალი გამოწვევები და სასურველი შედეგების დასახვა, რასაც მინდა მივაღწიო 2024-ში.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
წარსულში ძიებას ჩემი დაკვირვებით ძალიან შორს მივყავართ, ამიტომ ვცდილობ ამ მიდგომაზე ზოგადად უარი ვთქვა. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ასე ვეტყოდი: ნაკლებად ინერვიულე დეტალებზე, ნუ ცდილობ ყველაფრის ზედმეტად გაანალიზებას – რა იქნებოდა, ასე რომ მოვქცეულიყავი … ჩემ თავს ვეტყოდი ასე – მოეშვი, იცხოვრე დღეს და შეირგე მიღწეული შედეგი.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?
რამე კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი ალბათ. ზოგადად შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ მრავალფეროვან, მასშტაბურ პროექტებში ვიყავი ჩართული და ვუძღვებოდი, რაც პროფესიული „სქილების“ კომპლექსურობას მოითხოვდა. შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი და ნაკლებად ვუშინდები ახალ გამოწვევებს, შესაბამისად მზად ვარ დატვირთული და აქტიური 2024 წლისთვის.