ჯეპრას მედია მენეჯერი, ნინი მეტრეველი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
#მოასწარი – მთავარი თემაც, მესიჯიც, სლოგანიც, მოტოც, თაგლაინიც, ყველაფერი ამ სიტყვის გარშემო ტრიალებდა 2023 წელს. საკუთარი თავი გამოვიწვიე და იმაზე მეტი საქმით დავიტვირთე, ვიდრე 2022 წელს ვგეგმავდი. რამდენიმე აქტიურ, საყურადღებო და სხვადასხვანაირ პროექტთან ერთად, გადავწყვიტე, ვისწავლო და ვასწავლო. გამოცდილება გავუზიარე პიარსკოლის სტუდენტების ორ ნაკადს და მე თვითონ ვსწავლობდი HICD Virtual Academy-ში. რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხათ, აღარ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა თითქმის ყველაფერი წარმატებით მივიყვანე კენწერომდე, ძალიანაც ვამაყობ საკუთარი თავით. იმიტომ, რომ #მოვასწარი.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
ვურჩევდი, რომ უკეთ ემუშავა დროის მენეჯმენტზე, ნაკლებად ენერვიულა ისეთ საკითხებზე, რასაც არ ეშველება და საერთოდ არ ენერვიულა ისეთ საკითხებზე, რასაც ეშველება. მოკლედ, საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე ქოთქოთში. ასე რომ მოვქცეულიყავი, ალბათ, კიდევ უფრო ბევრ რამეს მოვასწრებდი. მეორე მხრივ, ემოციებისგან დაცლის შემდეგ, ახალი შემართებით შევუდგებოდი ხოლმე საქმეს. არაუშავს, ამ მიზანს მომავალი წლისთვის დავისახავ, რაღაც ხომ უნდა დავიტოვო გამოსასწორებელი.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)
ვამაყობ რამდენიმე ვიდეოთი, რომელიც პროექტების ფარგლებში მოვამზადეთ. ვამაყობ, რომ, როგორც ლექტორმა, კარგი შეფასება მივიღე პიარსკოლელებისგან. უფრო სწორად, კი არ ვამაყობ, მადლობელი ვარ ჩემი შრომის დაფასებისთვის.
და რაც მთავარია, ვამაყობ HICD Academy-ს სერტიფიკატისთვის, რომლის მიღებაც, დასაწყისში, სრულიად წარმოუდგენელი მეგონა. რამდენადაც პროცესი რთული, დამღლელი და „აღარ შემიძლია, დამანებეთ თავი“ იყო, იმდენად ბევრი რამ მასწავლა. დარწმუნებული ვარ, ამ ცოდნით 2024 წელს ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ როგორც „ჯეპრასთვის“, ისე – „ჯეპრას“ კლიენტებისა და საკუთარი თავისთვისაც.