საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

 

ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როცა თუმანიშვილის თეატრში შუქ-ჩრდილის ულამაზეს წარმოდგენას დავესწარი. იტალიური თეატრის მსახიობები კარავაჯოს ცნობილ ტილოებს განათებისა და ფერადი ტანსაცმლის მეშვეობით აცოცხლებდნენ. იქ შემხვდა დიდი ხნის უნახავი ბატონი გია ბუღაძე. მითხრა, თსუ-ში ისევ ვკითხულობ ლექციებს და გამიხარდება, თუ მოხვალო. ძალიან მესიამოვნა. მთავარი იყო, რომ ორშაბათს 14:00 არ დამვიწყებოდა.

მოვიდა ორშაბათი. სამსახურის თათბირიდან მივედი, დაქანცული და ათასი დედლაინით ტვინგამოტენილი. ავედი მეექვსე კორპუსის ნაცნობი კიბეებით ნაცნობ სართულსა და აუდიტორიაში. დავაგვიანე. ლექცია შეწყვიტა, ნაჩქარევად მომესალმა და ისევ გააგრძელა. ნეტარ ავგუსტინეზე საუბრობდა.

-იცით, რა დაინახა იმ ბერის კელიაში ავგუსტინემ, რითაც გადაირია, ისე მოეწონა? ჰააა… აბა? – დაგვძაბა აუდიტორია, – ბერი თვალებით კითხულობდა! გესმით? გონებით! ანუ იქამდე ასე არავინ შვებოდა. ხმამაღლა, გამოთქმით კითხულობდნენ და ეს ავგუსტინესთვის იყო ნამდვილი აღმოჩენა! არადა, ჩვენთვის რა ადვილია, არა? დღეს ხომ ყველა ასე ვკითხულობთ.

მაშინ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს თუ არ ჩავიწერდი, ლექციაზე დასწრებას აზრი არ ექნებოდა. ერთ თემას მეორე მოყვა, მერე კი მხატვრებისა და მათი შემოქმედების განხილვაზე გადავედით.

ჯერ იყო პომპეის კედლის მხატვრობა, რომელიც ქრისტიანებს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ იმ საზარელმა ვულკანურმა ამოფრქვევამ ტონობით ფერფლით დაფარა. შემდეგ თანამედროვე ხელოვანებზეც გვესაუბრა, ბევრი თავისი დაკვირვებით გამოტანილი დასკვნა გაგვიზიარა და ორი საათიც გავიდა.

მივხვდი, რომ ცხოვრებაში ახლა ყველაზე მეტად ხელოვნების ასეთი სიცხადით შემოჭრა მაკლდა. თითქმის ერთი წელი იყო გასული, რაც სახელოსნო დავხურე და რის ვაი-ვაგლახით ვახერხებდი ხატვას. გადავწყვიტე, ამდენი პროექტისა და ფაციფუცის პირობებშიც კი, ეს ლექციები არ გამეცდინა.

მაშინ კიდევ ერთხელ ვინანე, რომ ძალიან ნელა ვკითხულობ და ამდენი მასალისა და ლიტერატურის უცბად შესრუტვა არ შემიძლია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მაცხოვარი ქვესკნელში ჩავიდა, ჯოჯოხეთის კარი შეამტვრია და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, თურმე, ოთხიდან არც ერთ მახარებელს არ უწერია. ბატონმა გიამ გვითხრა, რომ ეს ფაქტი ეკლესიამ იმ სახარებებიდან ისესხა, რომლებიც არაკანონიკურია.

ვიცი, რომ ბატონი გია ვაგნერის დიდი მოყვარული და, პრაქტიკულად, ექსპერტია. ჰოდა, როცა მინდოდა, მუსიკის შესახებ მეტი რამ გამომეტყუებინა, ამ კოდურ სახელს ვახსენებდი. იქ მთავრდებოდა ლექცია მხატვრობაზე და იწყებოდა ვაგნერის რომელიმე ოპერის მიმოხილვა. მაგალითად, ლოენგრინზე საუბრისას ამ დიდებული გმირის ბოლო არიის შინარსი სიტყვებად გადმოგვცა, მე YouTube-იდან შესაბამისი მუსიკა მივაშველე და ამომავალი მზის მიერ სისხამი დილის ეფექტი ხელოვნებაში ასე შევიგრძენით.

ყველაფერ ამას კი იმიტომ მოვყევი, რომ ბატონი გია ბუღაძე თითქმის 60 წლისაა და კვლავ აქტიურად და დაუზარებლად მუშაობს საკუთარ თავზე. მინდა, მეც ასე ვიყო და ახლა, ამ პოსტის დასრულებისთანავე ვეცდები, მივამთავრო ის ჩანახატი, რომელიც 2 კვირის წინ დავიწყე. 🙂

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით