სახლში ყოფნით უფრო მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე ამას ჩვეულებრივ დროს მოვანდომებდი

სახლში ყოფნით უფრო მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე ამას ჩვეულებრივ დროს მოვანდომებდი

ჯეპრას ფინანსური მენეჯერი ხათუნა მაღრაძე, 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიუად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

საკმაოდ ბევრი რამ… დავიწყოთ იმით, რომ ამდენი ხანი სახლში არასდროს არ ვყოფილვარ (სკოლის ზაფხულის არდადეგებს თუ არ ჩავთვლით, ისიც დაწყებით კლასებში) – დილის რიტუალი, სამსახურისთვის მზადება, მარიამის სკოლა, ერთად გამოსვლა სახლიდან და სამსახურში ყველაზე ადრე მისვლა – ერთ დღესაც შეიცვალა სახლიდან იშვიათად გასვლით, ონლაინ მუშაობით და ხალხთან მხოლოდ ტელეფონით ურთიერთობით. დასაწყისში თითქოს უფრო კომფორტულიც მეჩვენა – არსად არ მივდივარ, სახლში და სახლიდან ვაკეთებ ყველაფერს. მერე თითქოს მომბეზრდა ან გამიჭირდა, მერე მივეჩვიე (სხვა გზაც არ მქონდა). დროს ვეღარ ვანაწილებდი, სახლის და სამსახურის საქმეებს ერთად ვაკეთებდი. თან სახლში ხარ თან სამსახურში…  ვეცადე გამომესწორებინა და ჩვეულებრივი სამსახურებრივი რეჟიმით შემეცვალა, დილას სამსახური და მერე სახლი. მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოვახერხე.  დღის განმავლობაში ორივე ერთად და საღამოდან მხოლოდ სამსახური. გამოვიდა, რომ ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის.  საქმის რაოდენობის მხრივ, თითქმის არაფერი შეცვლილა, რაც შეეხება ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობას, სახლში ყოფნით უფრო მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე ამას ჩვეულებრივ დროს მოვანდომებდი. ასე რომ, მთავარია სურვილი და მონდომება 🙂 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე მუშაობა მომწონს, პირიქით! მინდა რომ მალე დამთავრდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამსახურიც და დასვენებაც!

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

ერთი სიტყვით შეფასება არც გამოვა – სამსახურიცაა, სამეგობროც და დიდი ოჯახიც. ადგილი სადაც სულ საქმიანი ფუსფუსია, სადაც ყოველდღიურად ფიქრობენ და შრომობენ სხვა პირების, კომპანიების და ორგანიზაციების დასახმარებლად. სადაც არასდროს ჯერდებიან უკვე არსებულს და სადაც პროფესიულ განვითარებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე

სამუშაო მაგიდამ ამჟამად ჩვეულებრივ სახლის სასადილო მაგიდაზე გადაინაცვლა, რადგან საოფისე მაგიდა და სკამი ჩემს აბიტურიენტ შვილს აქვს 7/24 დაკავებული. ჩემს კომპიუტერს და ბლოკნოტს ახლა მეხსიერების ბარათიც დაემატა, სადაც ვაგროვებ ყველაფერს, რაც ოფისის კომპიუტერში უნდა გადავიტანო და წითელი კალამი, რითიც ვაკორექტირებ ყველაფერს, რაც სამსახურში გასვლის შემდეგ უნდა გადავამოწმო და გავარკვიო.

დაგვისახელე ადამიანი, ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ

ვაჟა-ფშაველა – ბავშვობიდან მომწონდა მისი კითხვა, ამას ემატებოდა ბებიაჩემის მიერ ზეპირად ნათქვამი კუპლეტები პოემებიდან. მახსოვს ხმამაღლა მაკითხებდა და ადგილებში მაჩერებდა და ზეპირად აგრძელებდა. ახლაც კი თვალწინ მიდგას როგორ ეცინებოდა, როცა ჩემს გაკვირვებულ სახეს ხედავდა… მერილ სტრიპი – საოცარი პროფესიონალი, რომელიც დროისა და ასაკის მიუხედავად დაუღალავად შრომობს და საოცარ როლებს ქმნის… და ჩემი შვილი მარიამი, რომელიც 17 წლისაა და ვისთანაც სულ ვსაუბრობ ყველაზე და ყველაფერზე. რომელსაც ყოველთვის ვუსმენ, რადგან ჩემი თაობისგან ძალიან, ძალიან განსხვავებული, ჭკვიანი და ფერადი თაობის აზრებს და შეხედულებებს ვაკვირდები, ვისმენ და ბევრ რამეს ვსწავლობ.