ჯეპრას მედია მენეჯერი ნინი მეტრეველი და უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი 2022 წელს აფასებენ.
როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?
ნინი: ჯეპრაში მუშაობის 5 წლის განმავლობაში, ეს, ალბათ ყველაზე დატვირთული და საინტერესო წელი იყო. ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროექტში მომიწია მონაწილეობის მიღება და შესაბამისი გამოცდილებაც მივიღე. წინა წლებისგან განსხვავებით, ჩემი საქმიანობა გასცდა მედია მენეჯერის მოვალეობებს და პროექტების მართვის პროცესში უფრო მეტად ჩავერთე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
გარდა ამისა, საინტერესო გამოწვევა იყო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ამ მიმართულებით მუშაობა სპეციფიკურია და განსხვავებულ ცოდნასაც მოითხოვს. ამ ცოდნის მიღებაზე ამ დრომდე ვმუშაობ, სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით.
ნუცა: ჯეპრაში მუშაობის მე-9 წელი დაიწყო და ვიტყოდი, რომ თითოეული სწავლის და განვითარების პროცესს მოიცავდა. ცხადია, ყოველი მომდევნო წელი სავსეა ახალი აღმოჩენებით და გამოწვევებით, თუმცა, 2022 ერთგვარი გარდამტეხია ზოგადად მსოფლიოში, როგორც პოსტ პანდემიური წელი. უფრო მეტიც, 2022-ს პოსტ პანდემიური სინდრომის წელს დავარქმევდი, დაბრუნების და გამოცოცხლების წელს, რომელმაც გარემოსთან სწრაფი ადაპტირება, ცვლილებებთან შეგუება და ფეხის აყოლა განვითარების აუცილებელ პირობად აქცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნოლოგიური ცვლილებები, რაც პანდემიამ განაპირობა. ცხადია ეს აისახა თითოეულ კლიენტთან ურთიერთობაში, ჩვენი, როგორც კონსულტანტების სამოქმედო გეგმასა თუ სტრატეგიულ მიდგომაში. ჩემთვის ყოველ გამოწვევასთან გამკლავება შემეცნებითი და საინტერესო პროცესია და 2022-ს გარდა პოსტ პანდემიური სინდრომისა, რომელიც ზრდის საშუალებად ვაქციე, ხელოვნური ინტელექტის წელსაც დავარქმევდი, რომელსაც ახლა ვუმეგობრდები. უკვე შემიძლია, პროგნოზი გავაკეთო, რომ 2023-წლის შეფასებაში ხელოვნური ინტელექტი დიდ ადგილს დაიკავებს.
წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად და რა დაგვეხმარა ამაში?
ნინი: შევძელით, გაგვეღრმავებინა თანამშრომლობა არსებულ კლიენტებთან და ახალ პროექტებსაც ჩავუყარეთ საფუძველი. მაშინ, როცა კომპანიებისა თუ ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ პანდემიის შოკიდან გამოდის, ეს არც ისე ადვილია. კიდევ, შევძელით ჰიბრიდულ რეჟიმში წარმატებით და შეუფერხებლად მუშაობა. ამ ყველაფერში ჯეპრას გუნდი და ერთმანეთი დაგვეხმარა.
ნუცა: ერთად? ბევრის ცხადია. ალბათ ჩვენი ხასიათიც და საქმისადმი მიდგომაც დაგვეხმარა ამაში. მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ჯანსაღი კამათიც და მოცემულობების ადეკვატურად შეფასებაც. ერთმანეთისგანაც ვსწავლობთ და ერთ გუნდადაც ვიზრდებით, თუ მოვინდომებთ მთებსაც გადავდგამთ ერთად 😊
რომელ პროექტს გამოვყოფდი – რითი იყო გამორჩეული და რა მოგვცა?
ნინი: ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ჩვენი ერთობლივი პროექტია. სულ მოულოდნელობებითაა სავსე და სჭირდება სწრაფი რეაგირება. იმდენად სწრაფი, რომ არც კი მეგონა, თუ შემეძლო. ამ პროექტმა საკუთარ თავში ჩემთვის უცნობი შესაძლებლობებიც აღმომაჩენინა. ზოგადად, ვფიქრობ, კრიზისის მართვა ჯეპრას ყველაზე ძლიერი მხარეა და მიხარია, რომ თითქმის ყველა ასეთ პროექტში გარკვეულ მონაწილეობას ვიღებ. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა მიდგომაც სჭირდება. ამიტომ, გამიჭირდება, დავაკონკრეტო, რა მომცა რომელიმე პროექტმა. თითოეული მათგანიდან რაღაც ახალს აუცილებლად ვსწავლობ.
ნუცა: ცხადია ჩემთვისაც ეს პროექტი განსაკუთრებულია. მომწონს ტალღები, რომელსაც კრიზისის მართვის პროექტები მოიცავს. ზღვა ხან მშვიდია, ხან აბობოქრებული, თუმცა შენ მაინც უნდა შეცურო კლიენტის გადასარჩენად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რასაც არ უნდა აკეთებდე. შენი შეცურვა კი ზღვას უნდა ამშვიდებდეს და მოჰყავდეს ფორმაში, სხვანაირად ამ ტალღებს ვერ გაუძლებს ვერც კლიენტი, ვერც შენ. სულ ესაა კრიზისის მართვა – დახრჩობას უნდა გადავურჩეთ. 😊
რა არის ჩვენი გუნდის წარმატების მთავარი ფორმულა?
ნინი: გუნდურობის პრინციპის სწორად გააზრება და იმის გაცნობიერება, რომ ერთმანეთი ყოველთვის გვერდში გვყავს. ასეთ მოკლე დროში ჩემი კომპეტენცია ვერ გაიზრდებოდა, რომ არა ჯეპრას გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევა, რომ დანარჩენებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.
ნუცა: პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე ორიენტირება! ეს აძლევს გუნდის წევრებს გუნდურად მუშაობის ძალას, მუხტს, ენერგიას. თუ ვთანმხდებით იმაზე, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც ვერ გავართმევთ თავს, თუ გვაქვს ამის რწმენა, ყველაფერი გამოდის. ამისთვის ჩვენ არ გვჭირდება სიტყვიერი, ან წერილობითი შეთანხმება. ეს თავისთავად ხდება, რწმენაც და თავდაჯერებულობაც იგრძნობა და აისახება საბოლოო შედეგებზე. ეს არის წარმატების მთავარი ფორმულა!