„ჯეპრა“ ბაზარზე უხუცესი, პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიაა, რომელიც წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. და აი ამ საიუბილეო წელს გადაწყდა…
რა და როგორ გადაწყდა ეს დაწვრილებით მოყოლას იმსახურებს.
მეოთხე წელია ჯეპრას ოჯახის წევრი ვარ. პიარი და მარკეტინგი არასოდეს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო და შესაბამისად ყველას გაუკვირდა ჩემი ჯეპრაში მუშაობის დაწყება. თუმცა გასაკვირი არაფერი იყო – პიარსა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში ისევე იგეგმება და ხორციელდება პროექტები, როგორც სხვა სფეროებში, შესაბამისად მე ჯეპრაში მუშაობა დავიწყე პროექტების სამართავად. ეს არის სფერო, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ჩემი მოწოდებაა. გამოცდილების შეძენის შემდეგ საფუძვლიანად ვისწავლე კიდეც და დღეს უკვე მის განვითარებაზე, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და ხარისხის ამაღლებაზე ვზრუნავ.
მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოვაჩინეთ რომ არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც აქამდე არ გვიცდია და რისთვისაც საკმარისი გამოცდილება და კომპეტენციაა დაგროვილი კომპანიაში. და დაიწყო… სოსო გალუმაშვილთან, „ჯეპრა“-ს დამფუძნებელთან ერთად ხშირად ვმსჯელობდით, თუ როგორ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა. თავიდან ეს მსჯელობა ჭიქა ყავასთან და ღერ სიგარეტთან ხმამაღლა ნაფიქრი იყო, თუმცა მალე გახდა სერიოზული მსჯელობის საგანი.
შესაძლებლობის გამოყენების შანსი მალევე მოგვეცა და ინსტიტუციური განვითარების პირველი პროექტი – პირველი მერცხალი გამოჩნდა. პროექტი წარმატებით დავასრულეთ, რამაც სითამამე შეგვძინა და სულ რაღაც ერთი წლის ვადაში გავცდით იმ წრეს, რომელშიც აქამდე „ჯეპრა“ 10 წელზე მეტი ტრიალებდა. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო სააგენტოდან „ჯეპრა“ გადაიქცა მრავალპროფილურ საკონსულტაციო სააგენტოდ. თუმცა ეს ყველაფერი მეტნაკლებად ქაოტურად და გაუცხადებლად ხდებოდა.
ნელ-ნელა გაჩნდა აზრი, რომ ჯეპრას ესაჭიროება ტრანსფორმაცია. ცვლილება, საკუთრივ პოზიტიური მცნებაა და ის დაკავშირებულია წინსვლასთან, მოძრაობასთან, ინოვაციასთან, წარმატებასთან. თუმცა, იმისათვის რომ ცვლილების შედეგი ნამდვილად გახდეს წინსვლა და წარმატება, ამისათვის ცვლილებების პროცესს სჭირდება სათანადო დაგეგმვა და მართვა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ისე მოგვეხდინა ჯეპრას ტრანსფორმაცია, როგორც ამას გავაკეთებდით ჩვენი კლიენტისათვის. ეს კი იოლი ნამდვილად არ ყოფილა.
ტრანსფორმაცია ავტომატურად ნიშნავს კომფორტის ზონიდან გამოსვლას – ჩვენ ყველა კი ნამდვილად ვიყავით ამ ზონაში – ათწლეულზე მეტი ვმუშაობდით პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო ბაზარზე, სადაც უკვე ყველა გვიცნობდა, ჩვენი სჯეროდათ, გვქონდა უზადო რეპუტაცია და გვქონდა საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიო – მადლიერი და ერთგული კლიენტებით. ნამდვილად ძნელია, ასეთი კომფორტული პოზიციის დათმობა და ისეთ გამოწვევებთან შეჭიდება, რაც გუმანით გრძნობ რომ წარმატებას მოგიტანს, მაგრამ აცნობიერებ რომ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდება. ღირს კი თბილი სახლის მიტოვება და უღრან ტყეში წასვლა, იმის იმედად რომ როცა ტყეს გაივლი უფრო დიდ, თბილ და განათებულ სახლში იცხოვრებ?
ერთ დღეს, ჯეპრას დამფუძნებელმა, რომელიც ყველაზე მეტად რისკავდა ასეთი რადიკალური ნაბიჯით, უცბად და გადაჭრით მიიღო ტრანსფორმაციის გადაწყვეტილება. მას მერე მივდივართ წინ. ვცდილობთ უკან არ მოვიხედოთ. გამოვიყენეთ სტრატეგიული დაგეგმვის და ახალი ბიზნეს მოდელის შექმნის ყველაზე თანამედროვე მეთოდები და მკაფიოდ განვსაზღვროთ თუ რა გვინდა, როგორ მივდივართ ამ „გვინდა“-სკენ, რა რესურსები გვჭირდება და საბოლოოდ როგორი იქნება ჩვენი ახალი, დიდი და თბილი სახლი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯეპრას უკლებლივ ყველა წევრი ჩართულია ამ პროცესში. სტაჟიორები, ასისტენტები, პროექტის მენეჯერები, კონსულტანტები, ფინანსური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, პარტნიორი, დირექტორი, დამფუძნებელი – ყოველ დღე ყველა ერთად გამოვდივართ საკუთარი კომფორტის ზონიდან, ვსწავლობთ და ვაკეთებთ რაღაც ახალს, მნიშვნელოვანს და ჩვენი წვლილი შეგვაქვს კომპანიის ტრანსფორმაციაში. ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელიც უნდა განვახორციელოთ და რომელიც იმგვარად ჩამოვაყალიბეთ, რომ „კულტურამ არ მიირთვას სტრატეგია საუზმედ“.
ჩემმა დამკვეთებთან მუშაობის პრაქტიკამ მიჩვენა, რომ საუკეთესო სტრატეგიასაც კი შეიძლება შეხვდეს წინააღმდეგობები ორგანიზაციული კულტურის გამო. ორგანიზაციული კულტურა ძლიერი მხეცია, რომელიც ხშირად წარმატებით უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ყოველგვარ სტრატეგიულ ცვლილებას, მიუხედავად იმისა თუ რამდენად კარგია ან საჭირო აღნიშნული ცვლილება. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ „კულტურა მიირთმევს სტრატეგიას საუზმედ“.
ჯეპრას ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ წარმატებით გავართვათ თავი ამ გამოწვევას. ვცდილობთ სწორად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რა უნდა შევთავაზოთ თანამშრომლებს, რომლებიც ქმნიან ძლიერ ორგანიზაციულ კულტურას, რათა მათ გავუჩინოთ დაინტერესება რომ ჩაერთონ სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც მოითხოვს ბევრ ცვლილებას. ცვლილებები კი ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის მტკივნეულია.
თანამშრომლები, რომლებიც ქმნიან ჯეპრას ორგანიზაციულ კულტურას, ცდილობენ საკუთარი გამორჩეული შესაძლებლობები მიმართონ საკუთარი კომპანიის გაძლიერებისათვის. თანამშრომელი, რომელსაც უყვარს საკუთარი კომპანია და ამავდროულად ამაყობს საკუთარი შესაძლებლობებით, უარს არასოდეს იტყვის კომპანიის დახმარებასა და საკუთარი შესაძლებლობების საჯაროდ წარმოჩენაზე.
და ბოლოს, ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ჩვენს ორგანიზაციულ შესაძლებლობებზე – შიდა, ადამიანური რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე. აქ მომუშავე ადამიანები, საკუთარი უნიკალური ცოდნით და გამოცდილებით, ქმნიან ორგანიზაციის ღირებულებების სისტემას და შესაბამისად ღირებულებებს მომხმარებლისთვის. მომხმარებელი, რომლისთვისაც ხელშესახები გახდება ეს ღირებულებები, კმაყოფილი დარჩება, რაც იმის დასტური იქნება რომ ჯეპრამ წარმატებით განიცადა ტრანსფორმაცია.