2004 წელს, როცა ჩვენი იუბილარი ფეისბუკი (რამდენიმე დღის წინ 14 წლის გახდა) იქმნებოდა, მარკი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი “ნაჩალიჩარი” სოციალური ქსელი ოდესმე მსოფლიოში აზრთა ომების ნომერ პირველ ადგილად იქცეოდა. 2009-ში კი მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ფეისბუკი, აზრთა კი არა, დოგმათა ომის ეპიცენტრი გახდებოდა. თუმცა ახლა 2017 წელია და მომხმარბლების კედლები სავსეა, არა სუბიექტური ან ობიექტური აზრებით, არამედ პოზებით და დოგმებით.
ათვალიერებ სიახლეების ველს და, ადამიანები კი არა, პატარ-პატარა სამლოცველოები გხვდება, რომლებსაც დღის, კვირის, თვის ან წლის ტრენდულ მოვლენაზე მორიგი აქსიომა გამოუჭიმავთ, რომელთა ძირეული წყობა დაახლოებით ასეთია: “ეს არის ასე, შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ. #რაღაცა.”
ამბის გადმოცემის ან საკუთარი აზრის გამოხატვის დაჰეშთეგებული ფორმა უკვე ტრენდია. ცხადია, თვითონ ამ # სიმბოლოს სულ სხვა დანიშნულება აქვს და ინფორმაციის დასაჯგუფებლად გამოიყენება, მაგრამ თუ ნამდვილი სოცაქტივისტი ხარ, შავი იუმორიც გექავება და არც მოვლენებს გინდა, ჩამორჩე, #ასეუნდაწერო.
მაგრამ ჰეშთეგი აზრს დოგმად არ აქცევს. ეს, უბრალოდ, თანამედროვეობის შესაბამის ფორმას აძლევს მას. ჰეშთეგი, რომელზეც თითქოს არავინ არასდროს დააწკაპუნებს, რათა ნახოს სხვა ამ ტიპის ამბები, პოზიციის დაფიქსირების მხოლოდ ვიზუალური ფორმაა, რომელიც, შეგიძლია, არც იხმარო. მთავარია ტექსტი! ჰოდა, სწორედ აქ ჩაერია დრო და განგება.
დღეს, თუ გინდა, ფეისბუკში შემდგარ ადამიანად წარმოჩნდე, საკუთარი მოსაზრების უგრალოდ თქმა არ გამოვა. რაღაცას თუ ამბობ, აუცილებლად უნდა ამტკიცო და საკუთარ ნათქვამში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. სულ დებილობას ან გაუგებარ რამეს რომ გაიძახდე და ამას გვიან მიხვდე, მაინც ბოლომდე უნდა გაატრაკო, რადგან შენი აზრი რამეზე ერთადერთი და შეუვალია.
წარმოიდგინეთ, 2009 წელია და ერთ-ერთი ფეისბუკელი, რომლის აზრსაც ბევრი გამზიარებელი ჰყავს, თავის საყვარელ ფილმზე წერს: “ყველამ ნახეთ “ავატარი”, სულ სხვა დონეა!” დღეს იგივე ადამიანი თავის სათქმელს ასე გადმოსცემდა: “ავატარი.” თითქოს, ეს იყო პასუხი მსოფლიოს ყველა კითხვაზე ერთად და ისიც მისი პირით, უფრო სწორედ, თითებით ითქვა.
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ. მაგალითი? პოსტის თავშია 😉