ბევრი თემა განვიხილე რომელზეც შეიძლებოდა დამეწერა პოსტი. საბოლოო ჯამში, ყველაზე ახლო გამოცდილებაზე ჩამოვყალიბდი.
სამხატვრო აკადემიამდე მუდმივად სწავლის პროცესში ვიყავი. სკოლის პარალელურად, მეორე კლასიდან დავდიოდი სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც 10 წლიანი იყო და შესაბამისად, სულ რაღაცას „ვუჩხრიკინებდი“.
მას შემდეგ, რაც აკადემია დავამთავრე ზუსტად 6 წელი გავიდა (ან ცოტა მეტიც 🙂 )
მას მერე, მასშტაბურ სწავლის პროცესზე აღარ გავსულვარ. იყო პატარ-პატარა კურსები თუ სემინარები, მაგრამ ერთჯერადად.
ყველაფერი მოხდა სპონტანურად, დაახლოებით 6 თვის წინ. ჩემი მეგობრის წინადადებიდან “ხომ არ გინდა გერმანულის სწავლა?” დიდი ხანი არ გასულა რომ გერმანულზე შევედი.
მანამდე გერმანულად მარტო სამი სიტყვა ვიცოდი : აინ, ცვაინ, დრაინ -ზუსტად ამ გამოთქმით და ის, რომ ეს ენა უნდა მესწავლა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო (და მგონი დღემდეც ასე რჩება 🙂 )
დავიწყე ანბანიდან, თუმცა რატომღაც, ის განწყობა, რომ ვეღარაფერს ვისწავლიდი დიდი ხანი არ მტოვებდა. 28 წელი და ენების სწავლის პროცესი (თან გერმნაულის), ძალიან შორი-შორს მეგონა.
მაგრამ დავძლიე ეს ფიქრები და განწყობა!
ძალიან მოტივირებული ვიყავი, აზარტიც ახლდა ამ ყველაფერს. მითუმეტეს, გამოცდა მელოდებოდა წინ 🙂
ხალხი, ვისაც ვეუბნებოდი, რომ გერმანულზე შევედი და ვსწავლობ – ორ ნაწილად გაიყო.
პირველი კატეგორია ამბობდა: “რა მაგარია, ყველაფერთან ერთად ამისთვისაც რომ გაქვს დრო…”
მეორე კატეგორია ამბობდა: “მაგას როგორ სწავლობ, საშინელი ენაა თან რთული, როგორ უგებ…”
ამ შეძახილების, განწყობების და დამღლელი პროცესის მიუხედავად, გამოცდაზე გავედი! 🙂 გამოცდის დღეს ძალიან ვენრვიულობდი და წინა კვირაც დაძაბული ვიყავი. ეჭვი მეპარებოდა ჩემს შესაძლებლობაში, ცოდნაში… ათასნაირი აზრი მიტრიალებდა თავში. თუმცა, საბოლოდ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.
ვიღაცისთვის პატარა ნაბიჯი, ჩემთვის ძალიან დიდი წინსვლაა: პიროვნული შიშების, განწყობის, ენერგიის კონცენტრირების და კარგი საქმისკენ მისი მიმართვის, რაც თვითრეალიზებაში ძალიან საჭირო საფეხურია.
განწყობა
მიზანი
პროცესი
შედეგი