როგორ დავემშვიდობე ძველ სამუშაო მაგიდას

როგორ დავემშვიდობე ძველ სამუშაო მაგიდას

ტენდერებს ვაკეთებ...

მე ვემშვიდობები… ბებია ელპიტეს! ასე, ხუმრობით დავიწყე ჩემი ვიდეომიმართვა. ამას ვიდეოში იხილავთ. ახლა კი, სერიოზულად. მე ვემშვიდობები ჩემს მაგიდას, კუთხეს, რომელიც ერთ წელზე მეტი მემსახურა, შემიფარა, მომერგო, გამიძლო. ყველაზე მეტი განცდა მისთვის მაქვს გაზიარებული – როცა პროექტში გამარჯვებით გახარებული ან წაგებით ნაწყენი, მუშტის დარტყმით გადავცემდი ჩემს ემოციას. ამ მაგიდაზე ბევრი წარმატებული დოკუმენტი შეიქმნა.

ცხოვრებაში ბევრჯერ დავმშვიდობებივარ ჩემს მაგიდას, ოთახს, შენობას, საყვარელ სამსახურს და თანამშრომლებს. შესაბამისად, გასახსენებელიც ბევრი მაქვს.

ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური ფონდი ‘ზიარი’ იყო, სადაც მე თითქმის სამი წელი გავატარე. იქ ვისწავლე მუშაობა, თანამშრომლობა. პროექტის თანაშემწეც ვიყავი, მდივანიც, თარჯიმანიც, ბუღალტერიც. როდესაც მივიღე იმ დროისთვის ჩემთვის სრულიად ფანტასტიკური წინადადება ‘საქართველოს ბანკიდან’, უყოყმანოდ დავთანხმდი. გამოვემშვიდობე შეჩვეულ კუთხეს და გავეშურე ახალი მაგიდისკენ. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ სრულიად არაადეკვატური ქცევა მახასიათებს – ელვის სისწრაფით ვიღებ გადაწყვეტილებებს და მერე ვიწყებ ნერვიულობას იმაზე, თუ რას მომიტანს ჩემი გადაწყვეტილება.

გაცილებით რთული აღმოჩნდა გამომშვიდობება ჩემს პატარა და არეულ კუთხესთან ‘საქართველოს ბანკში’. ჩემი მაგიდა, რომელზეც მუდამ საბუთების, ჟურნალებისა და გაზეთების უზარმაზარი გორა იდგა, რომლის ყველა კუთხეში სკანერი და პრინტერი ამოწვერილიყო, რომლის უკანაც ძლივს მოვჩანდი და რომელთანაც ძლივს ვთავსდებოდი, ძნელი დასათმობი და დასაცლელი აღმოჩნდა. ამისთვის ბევრი ნერვიულობა და შრომა დამჭირდა – აღმოჩნდა, რომ უამრავი სუვენირი მომიგროვდა 3 წლის მანძილზე.

1

შემდეგმა გამომშვიდობებებმა იოლად ჩიარა – თითქოს მივეჩვიე და უკვე საკმაოდ მოხერხებულად და ოპერატიულად ვცლიდი ძველ ოთახებს და ვალაგებდი ახალს. თუმცა, მეტნაკლებად ყოველთვის მიჭირდა სიახლესთან შეგუება.

მხოლოდ წლების მერე განვიცადე ისევ მტკივნეულად ჩემი ოთახისა და მაგიდის დატოვება. მისი მოპოვებისათვის ბევრი ვიშრომე და ვიბრძოლე. მე ის ჩემს ბუდედ ვაქციე, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ისე იყო მოწყობილი და დალაგებული, როგორც ჩემს საკუთარ სახლში. ჩემი მაგიდა ფანჯარასთან იდგა, საიდანაც ლამის მთელ თბილისს გადავყურებდი; დიდ, ღია თაროებზე ძველი სამსახურებიდან წამოღებული ყველა ის სუვენირი/საჩუქარი/წიგნი/ბლოკნოტი მელაგა, რომელიც მიყვარდა და რომელთა ყურებაც მსიამოვნებდა. მაგიდაზე მედო პატარა ხელის მუსიკალური ყუთი, რომელიც ულამაზეს ესპანურ მელოდიას უკრავდა და დღის მძიმე მონაკვეთებში მახალისებდა. კარზე დარტსი მედიკა, თავთან კი ორი უკრაინული ცული. ჩემი ოთახი სულ სავსე იყო ჩემი თანამშრომლებით, ყველას უყვარდა იქ ყოფნა, მუშაობა და დასვენება. ამ მყუდრო და მუდამ ხალხით სავე ოთახის დატოვება ისე განვიცადე, თითქოს საკუთარი სახლიდან გამაგდეს…

ჰოდა, ახლა ცხოვრებაში პირველად ვემშვიდობები ჩემს მაგიდას და კუთხეს ისე, რომ არაფერი მანერვიულებს. პირიქით, მიხარია. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს მაგიდა საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა და კარგად მემსახურა. მალე მე, პირველად ჩემი კარიერის მანძილზე, სამსახურის შეუცვლელად მექნება ახალი ოფისი, კუთხე, მაგიდა. ეს კი, რომელიც ერთ წელზე მეტი ერთგულად მემსახურა, დღეიდან სხვა ადამიანს მოემსახურება, რომელსაც ის მართლა ძალიან სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი მაგიდა ამ ადამიანს ერთგულ სამსახურს გაუწევს და მალე მასაც უკეთესი მაგიდა და კუთხე ექნება. ჩემი სურვილია, რომ მის ახალ მფლობელს ისევე უყვარდეს იგი, როგორც მე მიყვარდა. მინდა, რომ მოუარონ, დაალაგონ და არასოდეს დაყარონ მასზე ნივთები უწესრიგოდ.

როგორც შენ მოექცევი შენს მაგიდას, შენს კუთხეს, ისე მიგიღებს და შეგიყვარებს ისიც.