რეკლამა – ამ სიტყვების მოსმენისას ადამიანების უმეტესობას ერთი და იგივე ასოციაცები აქვთ: უგემოვნო ბილბორდებითა და ნახევრად ჩამოხეული პოსტერებით აჭრელებული და დაბინძურებული ქალაქი, საყვარელი გადაცემის დროს 10 წუთიანი პაუზა, რომლის დროსაც ცდილობენ „შეგტენონ“ ჯადოსნური სარეცხი ფხვნილი, რომელიც რეალობაში არაფრით გამოირჩევა სხვებისგან, ან კიდევ უარესი მთელ ხმაზე აწეული ონლაინ გემბლინგის უგემოვნო რეკლამა შუა ფილმის დროს, რომელიც ანბანის მიხედვით ყველა გინებას გახსენებს 😊
რა თქმა უნდა, ყველა რეკლამა ასეთი არაა: არსებობს საინტერესო და ნამდვილად კრეატიულიც, ზოგიერთი კი საერთოდ ქვეყნის და ათასობით ადამიანის ბედსაც კი წყვეტს, რისი საოცარი მაგალითი კოლუმბიაში მომუშავე მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტებმა გვიჩვენეს. ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი იყო, პარტიზანულ-ტერორსიტული ორგანიზაცია FARC დაახლოებით 20 000 ჯუნგლებში გახიზნული შეირაღებული მეომრით აწარმოებდა ომს სახელმწიფო არმიის წინააღმდეგ, აწყობდა ტერაქტებს, გამოსასყიდის მიზნით იტაცებდა ხალხს და ა.შ, ამ ყველაფერს კი 22 7000 კაცი შეეწირა. სპეციალისტების ჯგუფს მიზნად დაუსახეს დაამყარონ კომუნიკაცია პარტიზანებთან რათა დაითანხმონ მათი პატარა ნაწილი, რათა დაეყარათ იარაღი. საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რადიოთი, ვერტმფრენიდან საყვირებით გაევრცელებინათ მოწოდებები იარაღის დაყრაზე, მათ შორის უკვე დემობილიზებული პარტიზანების მიერ ჩაწერილებიც. ამ გეგმამ არ იმოქმედა, ტერორისტებმა გაავრცელეს ხმები რომ ეს ადამიანები დააშინეს სიკვდილით და ასე დაითანხმეს.
შემდეგ აღმოაჩინეს რომ დემობილიზებულთა უმეტესობამ დატოვა ტერორისტების ბანაკები შობის დღესასწაულის პერიოდში. ამან განსაზღვრა ახალი მიდგომა: კომუნიკაცია უნდა მოეხდინათ არა როგორც პარტიზანებთან, მეომრებთან, არამედ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ გრძნობები, ჰყავთ ახლობლები, რომლებიც ენატრებათ, სახლი, ოჯახი. ჯუნგლებში სტრატეგიულად შერჩეულ ადგილებზე საშობაო განათებებით მორთეს ხეები, რომელთა მახლობლადაც განათავსეს ბილბორდები: „თუ შობა შეიძლება ჯუნგლებშიც მოვიდეს, შენც შეგიძლია დაბრუნდე სახლში“. მდინარეში ჩაყარეს მანათობელი ბუშტები, მოსახლეობის მიერ დაწერილი სურვილებით.
ამ თითქოს და უმნიშვნელო აქციამ 350 მდე ტერორისტი დააბრუნა სახლში. 2012 წელს დაწყებულმა მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ შეცვალა მიდგომა: თუ ადრე ტერორისტი მხოლოდ ომზე ფიქრობდა, ახლა უკვე ფიქრობს იმაზეც, რა მოხდება თუ ეს ომი დამთავრდება, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება უკან, ღირს თუ არა საერთოდ ძალადობის შეწყვეტა ? მალევე გავრცელდა პოსტერები რომლებზეც გახიზნული პარტიზანების ბავშვობის ფოტოები იყო გამოსახული დედებთან ერთად წარწერით: „სანამ გუერილა(ასე ეძახიან პარტიზანებს კოლუმბიაში) გახდებოდი ჩემი შვილი იყავი, დაბრუნდი სახლში.“
საბოლოო წარმატება კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფეხბურთს უკავშირდება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების წარმატებამ მთელი ქვეყნის ყურადღება მიიქცია და გაერთიანების მიზეზი გახდა. სპორტსმენებმა, ცნობილმა ადამიანებმა ჩაწერეს მოწოდებები, შეიქმნა პოსტერები, სადაც სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიის ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, მათ გვერდით თავისუფალი ადგილი იყო და დაწერილი იყო მოწოდება: დაბრუნდი, ადგილი შეგინახეთ, ერთად ჩავუჯდეთ ფეხბურთს.
ამ კამპანიის წარმატება საოცარი აღმოჩნდა: ჯამში 17 000 პარტიზანმა დატოვა აჯანყებულთა რიგები და დაუბრუნდა საზოგადოებას.
საბოლოო ჯამში, რეკლამა და მარკეტინგი მხოლოდ და მხოლოდ იარაღია, მაგრამ მძლავრი იარაღი და ყველაფერი დამოკიდებულია რისთვის გამოიყენებ და რამდენად კრეატიული იქნები შენი მიზნის მისაღწევად.